გიორგი კანდელაკის ავარიისა და ჩხუბის დეტალები - რას ყვება გამგებელი დაპირისპირებაზე

გიორგი კანდელაკის ავარიისა და ჩხუბის დეტალები - რას ყვება გამგებელი დაპირისპირებაზე

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ალექსი მელაძე, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, ინციდენტის შესახებ განსხვავებულ ვერსიას ჰყვება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თეთრიწყაროს გამგებელმა ბესო წიკლაურმა განუცხადა, იმ ინფორმაციით, რომელიც მას უშუალოდ ალექსი მელაძისგან აქვს, კანდელაკი საკუთარი ავტომანქანით მელაძის ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც დეპუტატმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. წიკლაურის განმარტებით, სწორედ ეს უძღოდა წინ გიორგი კანდეკალსა და ალექსი მელაძეს შორის შემდეგ მომხდარ "ფიზიკურ შეკინკლავებას".

"ალექსი მელაძე მუნიციპალიტეტის თანამშრომელია – მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს. მე 14 ივლისიდან შევუდექი გამგებლად მუშაობას, ის კი მუნიციპალიტეტში მანამდეც მუშაობდა. რა ურთიერთობაც მქონდა, კეთილსინდისიერი და პატიოსანი ბიჭია. როგორც კი ამ ამბის შესახებ გავიგე, სამინისტროსთან მივედი (სადაც მათი დაკითხვა მოხდა) და რა ინფორმაციაც ალექსისგან მაქვს, დეპუტატი დაეჯახა მის მანქანას – მცირე შეჯახება იყო, ამის შემდეგ ის მანქანიდან გადავიდა და ჩემს თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამას მოჰყვა შეკინკლავება, თუმცა გამოძიება გრძელდება. ექსპერტიზა ჩაუტარდა ავტომანქანებსაც", - განაცხადა ბესო წიკლაურმა. გამგებლის ინფორმაციით, წუხელ შსს-ს თანამშრომლებმა როგორც გიორგი კანდელაკი, ისე ალექსი მელაძე დაკითხეს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მელაძე "ქართული ოცნების" აქტივისტია, წიკლაური აღნიშნულს უარყოფს და განმარტავს, რომ მას პარტიასთან არავითარი შეხება არ აქვს.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, გიორგი კანდელაკს წუხელ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა წურწუმიას ქუჩაზე მოხდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 125-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის ცემას გულისხმობს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა