ჩხუბი, გინება და ბრძოლა პირველობისთვის - როგორ ჩაიარა მერთან შეხვედრის პირველმა დღემ დედაქალაქში

ჩხუბი, გინება და ბრძოლა პირველობისთვის - როგორ ჩაიარა მერთან შეხვედრის პირველმა დღემ დედაქალაქში

დღეს დედაქალაქის მერიაში მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართა. მერთან შეხვედრის სურვილი საკმაოდ ბევრმა ადამიანმა გამოთქვა. დილიდან არ წყდებოდა რიგები. მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ იქნებოდა ცოცხალი რიგი, ამიტომ რამდენიმე მათგანმა რიგი დილის 7 საათიდან დაიკავა. ისინი ვინც სიაში პირველები მოხვდებოდნენ და შესაბამისად მერიასთან ყველაზე ადრე მივიდოდნენ ფიქრობდნენ, რომ მერთან შეხვედრის შანსები გაეზრდებოდათ. დღის პირველ ნახევარში ვითარება შედარებით სტაბილური იყო. მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ შეხვედრაზე მათ მიერ არჩეულ მერს პრობლემების მოგვარებას სთხოვდნენ.

დავით ნარმანიას მოქალაქეებთან შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყო. ერთი საათით ადრე კი მერიასთან ვითარება დაიძაბა. ყველას პირვლეობა უნდოდა. იყვნენ მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვები. ხალხმრავლობამ და სიცხემ ისე იმოქმედა, რომ მოქალაქეები ერთმანეთს არ ინდობდნენ. იყო ჩხუბი, შეურაცხყოფა, ბილწისტყვაობა და დაცვის თანამშრომლებთან დაპირისპირება. ის ვინც ყველაზე ყოჩაღი და ღონიერი აღმოჩნდა, წინა რიგებში მოხვედრა შეძლო, დაცვასთანაც იძალავა და მერიის შენობის შიგნით აღმოჩნდა.

მერთან შეხვედრის მსურველები არც მოხუცებს და არც ბავშვიანებს ატარებდნენ. ყველა საკუთარ პრობლემაზე საუბრობდა და დახმარების იმედით ნარმანიამდე მიღწევას ცდილობდა. მერიის შენობის წინ მდგარი მოქალაქეების უმეტესობას უბინაობა აწუხებდა, იყვნენ ისეთები ვინც ამბობდა, რომ სამსახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს და თბილისის ახალ მერს სამართლიანობის აღდგენას სთხოვდნენ. ზოგი შვილის, ზოგი შვილიშვილის და ზოგი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ მოვიდა მერთან. ზოგს კი აინტერესებდა, როდის შეძლება დავით ნარმანია არჩევნების დროს გაცხადებული დაპირებების შესრულებას.

"ძალიან გაჭირვებული ვარ 6 სული ვართ ღია ცის ქვეშ ვცხოვრობთ. სამჯერ მხარი დავუჭირეთ და ახლა თვითონაც დაგვიჭიროს მხარი", - აცხადებდა რიგში მდგომი მოხუცი.

დედაქალაქის მერიის შენობასთან სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახება ორჯერ გახდა საჭირო. რიგში მდგომი ასაკიანი ქალბატონი შეუძლოდ გახდა და მას პირველადი სამედიცინო დახმარება დედაქალაქის მერიის შენობის პირველ სართულზე აღმოუჩინეს.

შეუძლოდ გახდა ასევე შუახნის მამაკაცი. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანასთან დედაქალაქის მერიის თანამშრომლებმა მიიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყნენ საპატრულო პოლიციის და დედაქალაქის მერიის დაცვის სამსახურის თანამშრომლები.

სიცხისგან შეწუხებული მოქალაქეები იმასაც ამბობდნენ, რომ თუ ნარმანიას მართლაც სურს ხალხის აზრის მოსმენა, მაშინ ყველას ერთად შეხვედროდა.

"არაფერი არ უჭირდა ნარმანიას, რომ ერთი საათი მოსახლებისთვის დარბაზში გამოეყო ყველას შეხვედროდა და გასაუბრებოდა", - ამბობდნენ მოქალაქეები.

შეხვედრიდან გამოსულები კი აცხადებდნენ, რომ ნარმანისთან არა მაგრამ სხვადასხვა სამსახურის უფორსებთან შეხვედრაზე პრობლემები არ შექმნიათ.

"არ შემიშვეს დავით ნარმანიასთა, ჯერ "ოჩერედში" მომკლეს, სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო, მერე ნარმანიასთან არ შემიშვეს მისმა ხელქვეითებმა. მე ავირჩიე ნარმანია და მისი იმედი მქონდა, მასთან მინდოდა შეხვედრა და ახლა აღარც მაგის მწამს", - ამბობს ნინა ბებო, რომელიც მერიის შენობის წინ 2 საათზე მეტხანს რიგში იდგა.

იყვნენ შეხვედრიდან გამოსული კმაყოფილი მოქალაქეებიც, რომლებმაც პრობლემების მოგვარების სურვილითა და დაპირების სწრაფად შესრულების იმედით დატოვეს შენობა.

"შევხდვი ქალაქის მერს, კმაყოფილი ვარ, მაქვს დიდი იმედი, რომ ეს შეხვედრა ნამდვილად შედეგიანი გამოდგება", - განაცხადა თამარ გონგლაძემ.

მერიის შენობის წინ შექმნილი ქაოსის გამო, მოგვიანებით განცხადება დედაქალაქის მერიის პრესსამსახურმა გაავრცელა, რომლეშიც თბილისის მერიაში მოსულ ადამიანებს წესრიგისკენ მოუწოდებდნენ.

"მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ნუ შექმნიან ქაოსს და დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ საკითხს მერი, მისი მოადგილეები და სალაქო სამსახურის უფროსები ერთნაირი ყურადღებით მოეკიდებიან. ამასთან, მერიის თანამშრომელთა და მოქალაქეთა მოწესრიგებული მოქმედება დაგვეხმარება, რომ მიღების საათებში შევხდეთ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს და დავეხმაროთ პრობლემების გადაწყვეტაში.

აქვე, განვმარტავთ, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც დღეს ვერ შეძლებენ მიღებაზე შესვლას, მიღების მომდევნო დღეებისთვის აუცილებლად დარეგისტრირდნენ მოქმედი წესის შესაბამისად", - აღნიშნავდნენ განცხადებაში.

მერის მოადგილეებმა კი პირობა დადეს, რომ მომდევნო შეხვედრები უფრო ორგანიზებული იქნება. როგორც მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძემ განაცხადა, დღევანდელი დღე არის იმის გამოხატულება, რომ საზოგადოებას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს დაგროვილი.

"კომუნიკაციის დეფიციტის ფონზე დიდი ინტერესია ამ შეხვედრის. შევეცდებით, რომ შემდგომი შეხვედრები უფრო ორგანიზებული იყოს. ამ შეხვედრების ფარგლებში, ცხადია, ემოციურობაც ნაკლები იქნება და უფრო სამუშაო რეჟიმში გადავალთ", - განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ.

დღის ბოლოს კი გაირკვა, რომ მერთან შესახვედრად სულ 400-მდე ადამიანი დარეგისტრიდა, 250 მათგანმა, მერთან მის მოადგილეებთან და სხვადასხვა სამსახურის უფროსებთან შეხვედრა შეძლო.

მორიგი შეხვედრა მოქალაქეებთან მომდევნო ორშაბათს გაიმართება.

დღეიდან კი ყოველი ორშაბათი თბილისის მერთან მის მოადგილეებთან, საქალაქო სამსახურის უფროსებსა და გამგებლებთან შეხვედრის დღედ გამოცხადდა.

თეა ბითაძე

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა