1 533 222.35 ლარი ერთი წლის განმავლობაში - სააკაშვილის სამივლინებო ხარჯები

1 533 222.35 ლარი ერთი წლის განმავლობაში - სააკაშვილის სამივლინებო ხარჯები

2013 წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები 128-ჯერ იმყოფებოდნენ მივლინებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ. IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სულ ოფიციალურ ვიზიტებზე გასული წლის მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 1 863 768.54 ლარი. ამ თანხის 82% - მოდის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტებზე. არნიშნულ წელს სააკაშვილი 41 ვიზიტით იმყოფებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატები

საჯარო მოხელეების მივლინებებისთვის ხარჯების ანაზღაურება განსაზღვრულია თითოეული ქვეყნის შესაბამისად. მაგალითად, სინგაპურის შემთხვევაში დღიური ნორმა შეადგენს 64 სინგაპურულ დოლარს, საბერძნეთში - 39 ევროს, ავსტრიაში - 49 ევროს და ა.შ. გარდა ამისა, მაღალ თანამდებობის პირებზე ვრცელდება დანამატი სადღეღამისო ნორმაზე, რაც საქართველოს პრეზიდენტის შემთხვევაში 300 აშშ დოლარის ეკვივალენტს შეადგენს.

"ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის №14/09/10 განკარგულების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვრა 900 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით. ყოფილი პრეზიდნტი 112 კალენდარული დღის განმავლობაში იმყოფებოდა მივლინებაში, საიდანაც დღიური ნორმა აღებული აქვს 106 დღისთვის - სულ დაახლოებით 87 500 დოლარი. აღნიშნული თანხიდან მხოლოდ 5300 დოლარი შეადგენს განსაზღვრულ ნორმას კონკრეტული ქვეყნის შესაბამისად, ხოლო დანარჩენი, დაახლოებით 82 200 დოლარი ყოფილმა პრეზიდენტმა აიღო მივლინების სადღეღამისო ნორმის დანამატის სახით.

პრეზიდენტის სასტუმროს ხარჯები

ქვეყნის ბიუჯეტის მიზანმიმართულ განკარგვასთან დაკავშირებით კითხვები ოფიციალური ვიზიტების დროს გაწეული სასტუმროს ხარჯების შემთხვევაშიც ჩნდება.

2013 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტების ფარგლებში სასტუმროსთვის გადახდილმა თანხებმა ჯამში შეადგინა დაახლოებით 362 000 დოლარი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოდენობის თანხა, დაახლოებით 43 300 დოლარი დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს პრეზიდენტის სასტუმროში განთავსება, აშშ-ში ცხრა დღიანი ვიზიტის მანძილზე.

აშშ-ს ვიზიტის განმავლობაში ყველაზე ძვირადღირებული ნომერი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გაჩერდა, იყო სასტუმრო Peninsula New York-ში, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ერთ ღამეში 3500 დოლარი გადაიხადა. სულ 2013 წლის 28 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით სასტუმროში გადახდილია 10 500 დოლარი. აღნიშნულ თანხაში შედის ორი ღამის საფასური (2 X 3500 დოლარი) და ნომრიდან დაგვიანებით გამოსვლის საფასური (3500 დოლარი).

როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, აშშ-ში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილი მეორედაც გაჩერდა იმავე სასტუმროში, 2013 წლის 2 მაისს, და ერთ ნომერში გადაიხადა 950 დოლარი. გარდა ამისა, Peninsula New York-ში ჯამში 2521,26 დოლარი იქნა გადახდილი - გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. სულ სასტუმროში Peninsula New York-ში ორი გაჩერებისას - 28-30 აპრილსა და 2-3 მაისს - პრეზიდენტმა გადაიხადა 15 721.26 დოლარი, შეხვედრების ოთახის ხარჯების ჩათვლით. მთლიანობაში, აშშ-ში 9-დღიანი ვიზიტის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ მხოლოდ სასტუმროს ნომრებში გადახდილი თანხა მერყეობს 950 დოლარიდან 3500 დოლარამდე, ხოლო საშუალო თანხა დაახლოებით 2400 დოლარია. შესაბამისად, 10 ღამისთვის სასტუმროს ხარჯები დაახლოებით 23 500 დოლარი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ნომრიდან გვიან გასვლის საფასურისა და სხვადასხვა გაუთვალისწინებელი ხარჯების დიდი რაოდენობის გამო მთლიანობაში გადახდილია 43 804.74 დოლარი - თითქმის ორჯერ მეტი.

განსაკუთრებით საინტერესოა ქ. სედონას Enchantment Resort-ის შემთხვევა, სადაც 25 აპრილიდან 27 აპრილამდე ოთახის ხარჯმა შეადგინა 2 328,94 დოლარი, ხოლო დამატებითმა გადასახადებმა 4,25-ჯერ მეტი - 9 899,35 დოლარი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა