"რძალ-დედამთილიანი" ქვეყნის ხელისუფლებაში - ანუ რას ვერ იყოფენ "ოცნების" მმართველები

"რძალ-დედამთილიანი" ქვეყნის ხელისუფლებაში - ანუ რას ვერ იყოფენ "ოცნების" მმართველები

ბოლო დროს, საზოგადოება აქტიურად განიხილავდა გიორგი მარგველაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის არსებულ დაპირისპირებას. უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ კი თემა კვლავ გააქტიურდა, რადგან ამ სხდომას პრემიერ-მინისტრი არ დაესწრო. გარდა ამისა, პარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის სხდომაზე მარგველაშვილი არ მიიწვიეს, თუმცა კი იქ მთელი დიპლომატიური კორპუსი იყო დაპატიჟებული. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი პარლამენტს დაუპატიჟებლად ეწვია და სხდომასაც დაესწრო. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, პრეზიდენტის ნაცვლად, სიტყვით პრემიერ-მინისტრი გამოვა. რასაკვირველია, პრეზიდენტისა და პრემიერის ასეთი ურთიერთობა საზოგადოებაში ბევრ კითხვას ბადებს. ეს კითხვები "ქართული ოცნების" წარმომადგენელს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ზურაბ აბაშიძესა და პოლიტიკურ ექსპერტს, რამაზ საყვარელიძეს დავუსვით.

ზურაბ აბაშიძე:

-არანაირ დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და არც შეიძლება, რომ იყოს. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაში ახალი კონსტიტუცია შევიდა. მოგეხსენებათ, ეს კონსტიტუცია წინა ხელისუფლების პირობებში მიიღეს და მასში საკმაოდ ბევრი ხარვეზია. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო კომისია ყველა ამ პრობლემას აღმოფხვრის, როდესაც კონსტიტუციის საბოლოო ვერსიას წარმოადგენს და მერე, დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს. მთავარია, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის ეს შეთანხმება მოხდეს. რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტი პარლამენტში არ მიიწვიეს, ეს იმის გამო მოხდა, რომ პრეზიდენტს მიწვევა არ სჭირდებოდა. მას შეეძლო, სხდომაზე მისულიყო ან არ მისულიყო. ამ სხდომაზე ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავდნენ, ამ საქმეში კი მთავარი და წამყვანი როლი მთავრობას ჰქონდა. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს სხდომას, პრემიერს საკმაოდ დატვირთული სამუშაო რეჟიმი აქვს. ამ ღონისძიებაში მინისტრები მონაწილეობდნენ და ეს სავსებით საკმარისი იყო. შესაბამისად, ჩვენი ოპონენტები და მედიასაშუალებები ცდილობენ, ეს საკითხი გარკვეულ დაპირისპირებას დაუკავშირონ, რაც არასწორია. ფაქტი ის არის, რომ კონსტიტუცია ხელახლა დასაწერი გვაქვს, რაზეც მუშაობა სექტემბრიდან გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, წარმატებითაც დასრულდება.

-ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ახალი კონსტიტუციის თანახმად, შესაძლოა, პრემიერის ფუნქციები შემცირდეს?

-პრემიერის ფუნქციები ვერ შემცირდება, რადგან ის მთავრობის მეთაურია. ის წარმართავს მთავრობის საქმიანობას და არის პირველი პირი. პრეზიდენტი კი სახელმწიფოს მეთაური გახლავთ. ის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალია. გარდა ამისა, საგარეო პოლიტიკის თემას თუ შევეხებით, ამ მიმართულებით პრეზიდენტს მთავარი ფუნქცია არ გააჩნია. ქვეყანაში მთავარი ფუნქცია მთავრობასა და პარლამენტს აკისრია. მესმის საზოგადოების ინტერესი ამ საკითხისადმი, ვინაიდან ასეთი ტიპის მმართველობა, როგორიც დღეს არის, ჩვენს ქვეყანაში არასოდეს ყოფილა. დღეს პრეზიდენტს აღმასრულებელი ფუნქცია პრაქტიკულად არ გააჩნია, გარდა სამხედრო კონტექსტისა.

-ე.ი. მიგაჩნიათ, რომ არსებული დაპირისპირება არასწორი კონსტიტუციით არის გამოწვეული?

-არასწორი არა, პრობლემურია. საზოგადოება და ხალხი მიჩვეული იყო, რომ პრეზიდენტი მართავდა ქვეყანას, მთავრობას, პრემიერ-მინისტრს დავალებებს აძლევდა. პირდაპირ ვამბობ, რომ პრეზიდენტი მთავრობის ხელმძღვანელი აღარ არის.

რამაზ საყვარელიძე:

-ამ ტიპის კონსტიტუციაში, მით უფრო, ცუდად დაწერილ კონსტიტუციაში, საკმაოდ ბევრი დაუზუსტებელი, ორაზროვანი რამ დევს. არ არის გასაკვირი, რომ ძალაუფლება თუ მკაფიოდ არ არის გაყოფილი, ერთი და იმავე ფუნქციის მატარებელმა ადამიანებმა ერთმანეთს ჯიბრი დაუწყონ. "რძალ-დედამთილიანი" გაიხსენეთ. როდის იწყება მათ შორის პრობლემა? როცა სამზარეულოში არ არის გარკვეული, თუ რომელია წამყვანი. ამ შემთხვევაშიც ასეა. მაგალითისთვის, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისას კონსტიტუციას ასე იშველიებდნენ: კონსტიტუციაში წერია, რომ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა შეუძლია პრეზიდენტსაც, პრემიერსაც და ა.შ. ამ ორ ფიგურას შორის კონსტიტუციურად დახვეწილი არ არის ძალაუფლების გაყოფა. ეს ცოდვა იმ ადამიანების კისერზეა, რომლებიც ამ კონსტიტუციაზე მუშაობდნენ და იმ პოლიტიკოსების, ვინც ასეთი კონსტიტუცია დაუკვეთა.

-სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით პრემიერ-მინისტრი გამოვა...

-საგარეო ურთიერთობებში ქვეყანას პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს და საგარეო საქმეთა მინისტრი იმიტომ ემორჩილება. სააკაშვილს ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის თანამდებობის ბოლომდე გაწირვა არ უნდოდა, რადგან თვითონ სად აღმოჩნდებოდა, არ იცოდა. შესაბამისად, კონსტიტუციაში ბევრი, პოლიტიკური მოტივით და არა უცოდინარობით დაშვებული შეცდომაა. ასეთ პირობებში, ადამიანებს შორის დაძაბულობა რომ გაჩნდეს, გასაკვირი არ არის. არის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტი და პრემიერი წლების განმავლობაში ერთმანეთს ხმას არ სცემენ. მაგალითად, საფრანგეთის ანალოგიური პრაქტიკა ვიცით. იქაც შუალედური ფორმაა. შესაბამისად, იქ სულ დაპირისპირებაა... ან უნდა მოხდეს ის, რაც რუსეთში მოხდა: პუტინმა მედვედევი მარიონეტად დაისვა და ხან მას აყენებს პრეზიდენტად და ხან თვითონ იკავებს ამ პოსტს. მათ შორის კონფლიქტი რა მექანიზმების წყალობით არ არის, ეს უკვე სხვა თემაა. ასე რომ, დაპირისპირება ნუ გაგვიკვირდება, გაგვიკვირდეს და გვესიამოვნოს, რომ ამ დაძაბულობასა და გართულებებს შედარებით ადვილად მოუარა ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ და დღესაც ვნახეთ, რომ თანაბრად წარდგნენ დიპლომატიური კორპუსის წინაშე.

-ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ პრემიერისა და პრეზიდენტის ურთიერთდაპირისპირება მხოლოდ კონსტიტუციის "ბრალია" და მათ შორის სხვა უთანხმოება არ არსებობს?

-ხელისუფლებაში მოსვლამდე მათ არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. როცა მათი ინტერესები კონსტიტუციის საფუძველზე დაპირისპირებული აღმოჩნდა, პრობლემებმაც მაშინვე იჩინა თავი. მათ შორის კი არა, მამა-შვილს შორის ჩნდება პრობლემები, როცა ძალაუფლებაა გასაყოფი. საქართველოს ისტორიას თვალი გადავავლოთ და გავიხსენოთ, თუ რამდენჯერ მომხდარა ძმებს შორის შუღლი.

აღნიშნულ საკითხზე მოსაზრება საზოგადოების რამდენიმე წევრმაც გამოთქვა.

მარიამ ჯანელიძე, ინჟინერი:

-ჩემი მოსაზრებით, მარგველაშვილი მარიონეტია. ის ხომ ამ მთავრობის წარმომადგენელი არ არის. ძველი ხელისუფლების მიერ არის "ქართულ ოცნებაში" შეგდებული. რაც შეეხება ღარიბაშვილს, მგონია, რომ ძალიან ნაკითხი ადამიანია, მაგრამ მას ვინ რას ეკითხება? მსოფლიოა მისი "უფროსი" და მეცოდება ამის გამო. მათი დაპირისპირების მიზეზიც სწორედ ეს არის. სხვადასხვა "პოლუსზე" არიან თავიანთი ინტელექტით, აზროვნებით და ა.შ. ღარიბაშვილი პატრიოტი მგონია.

დავით გოგავა, ეკონომისტი:

-ღარიბაშვილსა და მარგველაშვილს შორის რომ აშკარა დაპირისპირებაა, ეს სადაო არ გახლავთ. უფრო მეტიც, "ქართულ ოცნებასა" და მარგველაშვილს შორის მისი გაპრეზიდენტების დღიდანვე გაჩნდა პრობლემები. მას ივანიშვილიც და სხვა დანარჩენებიც დადებითად გვიხასიათებდნენ და როგორც ჩანს, შეცდომაში შეგვიყვანეს. პრეზიდენტის პოსტის დაკავებისთანავე ამბიცია გაუჩნდა და ავლაბრის რეზიდენციაში "გადაბარგდა", თუმცა, მანამდე ხანგრძლივად მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ რაში უნდა გამოეყენებინათ ეს რეზიდენცია. სწორედ აქედან მოდის "ქართული ოცნებისა" და მარგველაშვილის დაპირისპირებაც. როგორც ჩანს, ამას ხელი კონსტიტუციამაც შეუწყო და ფაქტია, რომ ქვეყანაში პირველი პირი ირაკლი ღარიბაშვილი გახლავთ, ის მართავს სახელმწიფოს, ის ურთიერთობს მეგობარ ქვეყნებთან და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც ის იღებს, გიორგი მარგველაშვილს კი მხოლოდ ავლაბრის რეზიდენცია და პრეზიდენტის ტიტული შერჩა ხელში...

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა