The Corner – სააკაშვილის განცხადება, რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია, საკმაოდ სუსტი არგუმენტია

The Corner – სააკაშვილის განცხადება, რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია, საკმაოდ სუსტი არგუმენტია

"საქართველო ასამართლებს ყოფილ პრეზიდენტს და აუმჯობესებს ეკონომიკას", - ამ სათაურით აქვეყნებს The Corner ანხელ მაესტროს სტატიას, რომელშიც საუბარია, რომ აგვისტო საქართველოსთვის წარმატებით დაიწყო, რადგანაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური რეფორმების პროგრამების მხარდასაჭერად 154 მილიონი დოლარის ოდენობის სარეზერვო დაფინანსება დაამტკიცა.

თუმცა, კიდევ ერთი ახალი ამბავი, რომელზეც სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს, ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებული სამართლებრივი დევნაა, რომელმაც, გამოცემის ცნობით, "ბევრი საერთაშორისო ინსტიტუტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის შეშფოთება გამოიწვია".

"საერთაშორისო სავალუტო ფონდი კმაყოფილია საქართველოში მიმდინარე პროცესებით და ამ კმაყოფილებას აღარ მალავს. გაუსვა რა ხაზი ქვეყნის ხელისუფლების ურყევ ნებას ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებთან დაკავშირებით, 31 ივლისს ფონდმა განაცხადა, რომ "წელს და მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდება 5%-ით მაშინ, როცა ამ ზრდამ 2013 წელს შეადგინა 3.2%". მიუხედავად ამისა, საქართველოს ახალ მთავრობას უფრო მეტის განხორციელება სურს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის კორექტირების ჩარჩოს ჩამოყალიბებით. ყოველივე ეს შეუმჩნევლად და არაპირდაპირი გზით ხელს შეუწყობს საქართველოს ინსტიტუტების სათანადო მუშაობას, რომლებიც, თავის მხრივ, გააძლიერებენ ფინანსურ სანდოობას და აამაღლებენ კონკურენტუნარიანობის დონეს. ეს კი ხელს შეუწყობს ყოფილი პრეზიდენტის არასათანადო პრაქტიკის აღმოფხვრას ისეთ სამუშაო ჩარჩოში, რომელშიც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, "სტრუქტურულ რეფორმებს სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება პროგრამის მიზნების მიღწევაში, ანუ კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და გაუმჯობესებული ბიზნესგარემოს შექმნის უზრუნველყოფაში". ამ კონტექსტში მისასალმებელია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რადგანაც ისინი მოასწავებენ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავებას, რის შედეგადაც უნდა გაიზარდოს ექსპორტის კონკურენტუნარიანობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა", - ნათქვამია სტატიაში.

ანხელ მაესტრო აღნიშნავს, ყოფილი პრეზიდენტის მმართველობის დროს, 2012 წელს დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიაღწია 66%-ს. ამჟამინდელ ლიბერალურ ხელისუფლებას სურს ამ მაჩვენებლის შემცირება 61%-მდე იმ რეფორმების პაკეტის ფარგლებში, რომელთა მიზანიცაა ინფლაციის, საგარეო და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება, ასევე ქვეყანაში სიღატაკისა და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლების შემცირება. თუმცა, სტატიის ავტორი ხაზს უსვამს სავალუტო ფონდის შეფასებას, რომ "რეგიონში გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ და მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულმა პოტენციურმა არასასურველმა მოვლენებმა ზიანი შეიძლება მიაყენოს ეკონომიკურ პერსპექტივებს, განსაკუთრებით ვაჭრობის, რიმესისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სფეროებში".

"28 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წაუყენა ბრალდებები, რომლებიც ეხება რამდენიმე მიმდინარე გამოძიებას ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ძალაუფლების გადამეტებასთან დაკავშირებით. ყოფილი პრეზიდენტი თავს იცავს, აცხადებს რა, რომ ეს ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც საკმაოდ სუსტი არგუმენტია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ეს ბრალდებები ეხება ინციდენტებს, რომელთა გამოც ყოფილი პრეზიდენტი და მისი მთავრობა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს ადამიანის უფლებათა დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ. უფრო მეტიც, ბატონი სააკაშვილის არგუმენტი პოლიტიკური მიზნებით მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით მკვეთრად ეწინააღმდეგება კონსენსუსს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომლის ძალისხმევაც გამიზნულია დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე, სწორი მიმართულებით მუშაობს. კანონის უზენაესობის დამკვიდრება კი გულისხობს, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი წარსულში ჩადენილ დანაშაულზე. მხოლოდ ის, რომ ბატონი სააკაშვილი პოლიტიკური ფიგურაა, არ ნიშნავს, რომ ის კანონზე მაღლა დგას. მართლაც, პირველ რიგში სწორედ პოლიტიკოსებს მართებთ ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ახალი ხელისუფლება, რომელშიც შედის ბევრი ცნობილი ადამიანის უფლებათა დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი, არჩეული იყო 2012 წლის ოქტომბერში მანდატით, რომ ის აღადგენდა კანონის უზენაესობას და წერტილს დაუსვამდა სამთავრობო პირების დაუსჯელობას. პროკურორი, რომელიც 2013 წლიდან დამოუკიდებელია იუსტიციის სამინისტროსაგან, კანონით ვალდებულია, გამოიძიოს ყველა საჩივარი. მიუხედავად გადაწყვეტილებისა, გამოიძიბულ იყოს მხოლოდ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებული საქმეები და პასუხისგებაში მიცემულ იყვნენ მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირები, ეს ვალდებულება მაინც საკმაოდ მძიმე ტვირთია. საერთაშორისო ანგარიშებში (მაგალითად, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის უკანასკნელი ანგარიში) აღიარებულია ხელისუფლების მიერ ყოვლისმომცველი რეფორმების დღის წესრიგის წარმატებული გატარება, თუმცა ასევეა გამოთქმული შეშფოთება გამოძიებების შეყოვნებისა და წარსულში ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევათა მსხვერპლთათვის ეფექტური კომპენსაციის უზრუნველყოფის პროცესების არასათანადო ოპერატიულობის გამო. ზოგიერთი გავლენიანი პოლიტიკოსის სარედაქციო წერილები და განცხადებები ცხადყოფს, რომ ბატონ სააკაშვილს კიდევ ჰყავს მეგობრები საზღვარგარეთ. პასუხად, მარკ ადომანისმა გამოაქვეყნა საინტერესო ანალიზი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის ციტირება უპრიანი იქნებოდა. ავტორი მიუთითებს "ამერიკელი სენატორების (მათ შორის რუსეთის მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯონ მაკეინი და ბენ კარდინი) განცხადებებზე, რომლებიც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, "ყურადღება გაამახვილონ მომავალზე და არა წარსულზე და ხელი შეუწყონ ქვეყნის წინსვლას და არა უკუსვლას", - ნათქვამია სტატიაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა