თირკმლისა და პროსტატისთვის ვიღებ ტაბლეტებს, მოგეშვათ?! - მიხეილ სააკაშვილი

თირკმლისა და პროსტატისთვის ვიღებ ტაბლეტებს, მოგეშვათ?! - მიხეილ სააკაშვილი

"მე არ ვარ კორუმპირებული, ჩემი ოჯახი ცხოვრობს იქ, სადაც ცხოვრობდა და დავდივარ მეტროთი", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვის თაობაზე წაყენებული ბრალის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, ის თანხები, რაზეც პროკურატურა ედავება, რეალურად იხარჯებოდა სტუმრების მიღებაზე, სასახლის ფუნქციონირებაზე, ტურიზმის რეკლამირებასა და არაღიარების პოლიტიკაზე.

"ისიც გამოაქვეყნეს ამ სამარცხვინოებმა, რომ რამდენიმე საგარეო ჩინოვნიკს იმ ქვეყნებში, სადაც იყო რისკი აღიარების, ჩვენ გადავეცით ფასიანი საჩუქრები. და რომ არ გადაგვეცა და კიდევ 20 ქვეყანა დამატებოდა ამაში, რა იქნებოდა ვხვდებით. მე არ მაქვს კორუმპირებული შემოსავლები. ივანიშვილს თვითონ აქვს მოყოლილი, რომ 100 მილიონი შევთავაზეო და უარი მითხრა, ნახეთ როგორი კორუმპირებულიაო. მე არ ვარ კორუმპირებული. ჩემი ოჯახი ცხოვრობს იქ, სადაც ცხოვრობდა პრეზიდენტობისას. მე არაფერი მომმატებია, მაგრამ ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდა 11-ჯერ", - განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა ვალენსიაში გადაფრენის დეტალებიც გაიხსენა. მისი თქმით, ამ ვიზიტის შედეგად არქიტექტურულმა კომპანიამ ძალიან იაფად გააკეთა ბათუმის ბულვარის პროექტი.

"ხარჯებია, რომ იქ გაფრინდა და გამოფრინდაო. ბათუმის ბულვარის მშენებლობა დავიწყეთ 10 მაისს. გვჭირდებოდა ორ კვირაში პროექტი. იმ საღამოს გადავფრინდით ვალენსიაში, შევხვდით არქიტექტურულ კომპანიას, რამდენიმე სადილი გავმართეთ. ეს არის ის ხალხი, რომელმაც ეს პროექტი ორ კვირაში დაგვიმზადეს ძალიან იაფად", - განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე, რატომ გახდა პრეზიდენტის ხარჯების გასაიდუმლოება საჭირო, ექს-პრეზიდენტი პირადი უსაფრხოების მიზეზს ასახელებს.

"ყველა ქვეყანაში პრეზიდენტის გადაადგილება, რას ჭამს, რას სვამს და რას მკურნალობს, არის საიდუმლო. გაიგო ხო საქართველოს საზოგადოებამ რომ თირკმლისთვის ვიღებ ტაბლეტებს და პროსტატის პრობლემები მაქვს. ამით მოეშვა მთავრობას? პრეზიდენტიც არის ადამიანი და ხანდახან პროსტატაც სტკივა, მერე? მოეშვა ამით ივანიშვილს, რომ ეს გამოაქვეყნა? რა მიიღო ამით?! 2008 წელს პუტინმა თქვა, რომ სააკაშვილს პირადად გაანადგურებდა. იყო ეს თუ არა ასე? მედვედევმა თქვა თუ არა რომ პოლიტიკური ცხედარი ვარ? ამის შემდეგ, ნებისმიერი დაცვის სამსახური ამას ჩვეულებრივად გაასაიდუმლოებდა თუ სად მივდივარ, როგორ მივდივარ. ეს იყო რეკომენდაცია ჩვენი დასავლელი მეგობრების. მაგრამ, არასდროს მყოლია ზედმეტი დაცვა, რადგან მე თავისუფალი ადამიანი ვარ და გადავადგილდები ჩვეულებრივად. ამ ყველაფრის დოკუმენტირება მოხდა და გადაეცა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა