გიორგი მარგველაშვილი: პრეზიდენტს ვერავინ ვერ ეტყვის, ხუთი წუთი იფიქროს, თუ მეტი

გიორგი მარგველაშვილი: პრეზიდენტს ვერავინ ვერ ეტყვის, ხუთი წუთი იფიქროს, თუ მეტი

საქართველოს პრეზიდენტს ვერავინ ვერ ეტყვის, კანონით დაგეგმილ ვადაში, ხუთი წუთი იფიქროს, თუ მეტი იმ საკითხებზე, რომელიც მის კომპეტენციაში შედის , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ განუცხადა.

მარგველაშვილის თქმით, იმისთვის, რომ დააჩქარო ვინმეს გადაწყვეტილება, რაიმე ძალაუფლება ან შესაძლებლობა უნდა გქონდეს.

"საქართველოს პრეზიდენტს ვერავინ ვერ ეტყვის, კანონით დაგეგმილ ვადაში, ხუთი წუთი იფიქროს, თუ მეტი იმ საკითხებზე, რომელიც მის კომპეტენციაში შედის. იმისთვის, რომ დააჩქარო ვინმეს გადაწყვეტილება, რაიმე ძალაუფლება ან შესაძლებლობა უნდა გქონდეს. 9 წლის განმავლობაში მე სწორედ ეს არ მომწონდა, რომ მათ არ იცოდნენ, სად იწყება და მთავრდება კანონი, სად მთავრდება ვალდებულებები და ხელისუფლებების გამიჯვნა. საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა აპარატმა მაშინ გადაწყვიტეს ეს საკითხი, როდესაც მიაჩნდა სწორად. ყურადღება უაღრესად ფაქიზად მიაქცია საკითხს, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური საკითხი. დღეს ყველასთვის ნათელია, რომ ეს საკითხი საქართველოს საგარეო პოლიტიკას დაუკავშირდა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილს დღეს, აგრეთვე, ჰკითხეს, გეგმავს თუ არა უახლოეს პერიოდში, რომელიმე დოკუმენტს მოხსნას გრიფით საიდუმლო და გაასაჯაროოს, რაზეც მარგველაშვილმა უპასხუხა - "იმისთვის, რომ რამეს მოხსნა გრიფი ”საიდუმლო”, თავისთავად ის დოკუმენტები უნდა იყოს საიდუმლო. 300-გვერდიან პაკეტში, რომელიც მე მივიღე, მხოლოდ 12 დოკუმენტი იყო საიდუმლო. ეს იყო ის საკითხი, რომელსაც მე ვსწავლობ".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეზე "გრიფით საიდუმლოს" მოხსნისთვის ერთი თვე.

"პროკურატურამ დაასრულა საქმეზე მუშაობა და სწორედ ამიტომ გაკეთდა მოთხოვნა მასალებზე გრიფის მოხსნის თაობაზე. ჯობია, პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰკითხოთ, რატომ დასჭირდა ერთი თვე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას. ეს, ზოგადად, ძალიან მარტივი პროცედურაა. მით უმეტეს, ჩვენთვის, თითოეული მოქალაქისთვის ნაცნობი იყო, რომ ხდებოდა ასეთი ხარჯების გაწევა. გირჩევთ, მიმართოთ პრეზიდენტს და ჰკითხოთ, რატომ დასჭირდა ამდენი დრო? – მე არ ვიცი, მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან მარტივი პროცედურა და არ სჭირდებოდა ამდენი დრო", - განაცხადა დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა