"ჩემს გენეტიკურ მოძმე რუს მართლმადიდებელ ხალხს იარაღს ვერ ვესვრი" - ყველაზე პრორუსული ქართველის "ღია ამბორი" რუსეთს

"ჩემს გენეტიკურ მოძმე რუს მართლმადიდებელ ხალხს იარაღს ვერ ვესვრი" - ყველაზე პრორუსული ქართველის "ღია ამბორი" რუსეთს

ცოტა ხნის წინ კოალიციის "ევრაზიული არჩევანი"-ს ლიდერმა არჩილ ჭყოიძემ პრესკონფერენციაზე აგვისტოს ომზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ვინც რუსეთს ოკუპანტს უწოდებს, სწორედ ეს ხალხია მოღალატე. ჩვენ დავუკავშირდით არჩილ ჭყოიძეს და კომენტარი ვთხოვეთ:

- მე მინდა გავიხსენო აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები, როდესაც ქართველი ჯარისკაცები სააკაშვილის ავანტიურის გამო იხოცებოდნენ და ამ დროს სააკაშვილმა რუსთაველის პროსპექტზე დიდი ზარზეიმი მოაწყო და კონცერტი გამართა, სადაც უამრავი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, ეს სწორედ ის ხალხია, ვინც მოაწყო ის, რაც აგვისტოში მოხდა. ამ დროს ყველა პატრიოტი ცდილობდა, რომ დალაპარაკებოდა პუტინს, დალაპარაკებოდა რუსეთის ელიტას, რათა სიტუაცია დარეგულირებულიყო. რომ არა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საუბრები რუსეთის გენერალიტეტთან, რუს მაღალჩინოსნებთან და პოლიტ-ელიტასთან, ჩვენი მიცვალებულები ბრძოლის ველზე გაიხრწნებოდნენ და ამ დროს რუსთაველზე კონცერტები იმართებოდა. რომელი სჯობს, ჩვენ ოკუპანტი ვუძახოთ და ტერიტორიები ვკარგოთ, თუ მოლაპარაკება ვაწარმოოთ, ისევე როგორც ამას უწმინდესი აკეთებდა?! ყველას გვახსოვს უწმინდესის ვიზიტი რუსეთში, რომლის მერეც რუსებმა პერევი დატოვეს, მაგრამ მერე გამოვიდა სააკაშვილი და ისე ილაპარაკა, თითქოს მის დავალებას ასრულებდა პატრიარქი, პლიუს ამას ტრიბუნები წაიღო პერევში და ამას მოჰყვა ის, რომ რუსები ისევ დაბრუნდნენ იქ. არავინ საუბრობს იმაზე, რომ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში მარტო საქართველოს ხელისუფლებას არ დაუშვია შეცდომა, შეცდომები რუსეთის მხრიდანაც იყო დაშვებული.

- რალურად რუსეთი ოკუპანტია, ანუ თვალი დავხუჭოთ რეალობაზე და ვეფეროთ დამპყრობელს, იმის იმედით, რომ რუსეთი დაგვიბრუნებს ტერიტორიებს?

- ჩვენზე გაცილებით დიდი და ძლიერი სახელმწიფოა იაპონია, მაგრამ ორი წლის წინ იაპონიის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კურილიის კუნძულებთან მიმართებაში რუსეთის მიმართ არასოდეს იხმარონ სიტყვა "ოკუპანტი", რადგან ეს სიტყვა ხელს უშლის კურილიის კუნძულების დეოკუპაციას.

- კურილიის კუნძულებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის პარალელის გავლება ცოტა უადგილი ხომ არაა?

- იაპონია მიიჩნევს, რომ კურილიის კუნძულები მისი ტერიტორიაა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი ნაწილია.

- აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო, გარდა რუსეთისა, ჩვენს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს

- მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ტაივანი არის ჩინეთის განუყოფელი ნაწილი, მაგრამ ტაივანში დგას აშშ-ის ჯარები...

- რომლებსაც აქვთ სამშვიდობო მისია

- არა, ეს არის ჩვეულებრივი ოკუპაცია. ჩინეთს მიაჩნია, რომ იქ აშშ-ის ჯარები იმყოფება არაკანონიერად, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩინეთი არც დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს აშშ-თან და არც ძალისმიერად არ ცდილობს ამ კონფლიქტის მოგვარებას, თუმცა ეს მას ძალუძს.

- თქვენთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის რუსეთი არის ოკუპანტი?

- რა თქმა უნდა, დღეს რუსეთის ჯარი დგას სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე, თუმცა ამ ჯარს ლეგიტიმაცია თავად საქართველომ მისცა სამშვიდობო ჯარების სახით, აქედან გამომდინარე რუსებს აქვთ უფლება, რომ იქ იყონ. ჩემთვის რუსეთი ოკუპანტად ჩაითვლება, თუ რუსეთი მიითვისებს ამ ტერიტორიებს. თუ ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში არ შევიდა ჩემთვის რუსეთი არ იქნება ოკუპანტი. ამჟამად რუსეთი ჩემთვის ოკუპანტი არაა. თუ ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, ჩვენ საშუალება გვექნება ამ ტერიტორიების დაბრუნებისა. ხოლო თუ ჩვენ რუსეთს დავუძახებთ ოკუპანტს და საქართველო წავა რუსეთის წინააღმდეგ, გაატარებს ამერიკის სასარგებლო პოლიტიკას, საქართველოს იგივე დაემართება, რაც დაემართა უკრაინას და არამცთუ აფხაზეთი და სამაჩაბლო, შესაძლოა სხვა ტერიტორიებიც დავკარგოთ. მე მაინტერესებს, თუ რუსეთი შემოვიდა და მოახდინა გორის ან თუნდაც მცხეთის ოკუპაცია, ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი?

- ვინ და თვითონ რუსეთი, რადგან რუსეთი ხშირად იღებს თვითნებურ გადაწყვეტილებებს, თუნდაც ის, რაც მოხდა უკრაინაში..

- უკრაინაში ყველაფერი მაიდანის მერე დაიწყო, მაიდანის, რომელიც დასავლეთმა დააფინანსა. მაიდანზე გამოიყვანეს ტერორისტები, რომლებიც იყვნენ შეიარაღებული. იქ არ იყვნენ არანაირი მშვიდობიანი მომიტინგეები, გინახავთ თქვენ მშვიდობიანი მომიტინგე, რომელიც შეიარაღებულია მოლოტოვის კოქტეილით?! მშვიდობიანი მომიტიინგეები შტურმით არ იღებენ სახელმწიფო შენობებს და არ ახდენენ გადატრიალებებს. დასავლეთის ლიდერები არც მალავდნენ, რომ ამ პროცესებს მართავდნენ, აქედან გამომდინარე რუსეთმა მათ უფლება არ მისცა, რომ ეთნიკურად რუსებით დასახლებული ყირიმის დასავლეთიზაცია მოეხდინათ. უკრაინას ყავს მარიონეტული მმართველები, ისევე როგორც ჩვენ გვყავდა სააკაშვილი, რომელიც ასრულებდა ყველაფერს, რასაც აშშ-ს ხელმძღვანელობა ეტყოდა.

- რუსეთი ჩაერია დამოუკიდებელი ქვეყნის შიდა საქმეებში, რითაც დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, რა რუსეთის საქმეა მე ამერიკა დამაფინანსებს თუ სომალი?!

- მსოფლიოში არსებობენ ზესახელმწიფოები, რომლებიც საკუთარ თავს აძლევენ იმის უფლებას, რომ მათი სტრატეგიული ინტერესები სრულად იყოს გათვალისწინებული. ვინ ეკითხებოდა აშშ-ს, როდესაც შევიდა ერაყში?!

- და ზესახელმწიფოს სტატუსი რუსეთს აძლევს ყველაფრის კეთების უფლებას?

- ზესახელმწიფოს სტატუსი მქონე ქვეყნები ამას მუდმივად აკეთებდნენ, რადგან მათ აქვთ სტრატეგიული მოქმედების გეგმა და მოქმედებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სხვათა შორის, ყირიმი ერთ-ერთმა პირსისხლიანმა დიქტატორმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა ჩამოაჭრა რუსეთს და აჩუქა უკრაინას.

- სერგო ორჯონიკიძემ ჰერეთი აჩუქა აზერბაიჯანს და ჩვენს გვაქვს უფლება, ომი დავუწყოთ აზერბაიჯანელებს და ეს მიწა მოვთხოვოთ?

- დიახ, გვაქვს ამის უფლება. იქ ჩვენი თანამემამულეები წნეხის ქვეშ არიან. მეტსაც გეტყვით, თურქეთს ანექსირებული აქვს ჩვენი ტერიტორია. რა თქმა უნდა, გვაქვს უფლება შევედავოთ, რადგან იქ ქართული მოსახლეობა ცხოვრობს. თქვენ ნახავთ, რომ თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი, როგორც ახლაა, თურქეთი ძალიან მშვიდად მიითვისებს აჭარას.

- ვთქვათ რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, ომში წახვალთ?

- თუ საქართველოში მოხდა ომი, მე ყველაფერს გავაკეთებ იმ ფარგლებში, რაც გააკეთა პატრიარქმა (ბუნებრივია, მას გაცილებით მეტი კავშირები და გავლენა აქვს). მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შევაჩეროთ ეს ომი. მე არ ავიღებ ავტომატს ხელში და მეორე ქრისტიანს არ ვესვრი. თუ დაიწყება ომი თურქეთთან ან აზერბაიჯანთან, მე აუცილებლად მოვკიდებ ხელს ავტომატს და ვიომებ, მაგრამ მე ჩემს გენეტიკურ მოძმე რუს მართლმადიდებელ ხალხს იარაღს ვერ ვესვრი.

- ის თუკი გესვრით?

- ეს თუ მოხდება, ეს იქნება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების უნიათობის ბრალი და აშშ-ს დავალება.

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა