ალეკო ელისაშვილი "სითი პარკის" ხელმძღვანელობას - თქვით უარი კონტრაქტზე და შეირგეთ ნაძარცვი

ალეკო ელისაშვილი "სითი პარკის" ხელმძღვანელობას - თქვით უარი კონტრაქტზე და შეირგეთ ნაძარცვი

თქვენ ხართ კომპანია, რომელმაც თბილისელების საყოველთაო სიძულვილი დაიმსახურა, - ასე მიმართა საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა "სითი პარკის" ხელმძღვანელობას, რომელსაც თბილისის მთავრობის წევრები ხვდებიან.

ელისაშვილმა კომპანიის ხელმძღვანელებს მერიასთან კონტრაქტის შეწყვეტა და საქართველოდან თავისი ნებით წასვლა ურჩია.

დეპუტატის განმარტებით, აქვს ინფორმაცია, რომ კომპანია თბილისის მერიის ყოფილ ხელმძღვანელობასთან კორუფციულ გარიგებაში იმყოფებოდა.

"კომიკური და ამავე დროს ტრაგიკულია, რასაც ახლა ვუყურებთ. კომპანია, რომელიც პარკირების კუთხით თბილისში 7 წელია. ოპერირებს, დღეს პირველად ჩნდება. ციფრებსაც, სად რა გადაირიცხა, 7 წლის თავზე პირველად ვიგებთ მაშინ, როცა ამ წლების განმავლობაში ის ჩვენი ჯიბიდან ამოიღო. თქვენ ხართ კომპანია, რომელმაც თბილისელების საყოველთაო სიძულვილი დაიმსახურა. მე მაქვს ერთი რჩევა, როგორც მოქალაქეს და როგორც საკრებულოს წევრს - თავად თქვით უარი და გაწყვიტეთ კონტრაქტი. შეირგეთ, რასაც თბილისელების ჯიბეებიდან იღებდით. ჩემი ინფორმაციით, თქვენი კომპანია კორუფციულ გარიგებაში იყო მერიის ყოფილ ხელმძღვანელობასთან და შესაბამის მონაცემებს უახლოეს მომავალში წარმოვადგენ. თქვენ ჩავარდებით ძალიან ცუდ მდგომარეობაში. გირჩევთ, ამ მდგომარეობას თავი აარიდოთ, უბრალოდ თქვით უარი და წაბრძანდით. შელახული რეპუტაციის კომპანია იქნებით, მაგრამ სამაგიეროდ შეირგებთ ნაძარცვს", - მიმართა ელისაშვილმა კომპანიის ხელმძღვანელობას.

აღნიშნულთან დაკავშირებით "სითი პარკის" გენერალურმა მენეჯერმა ბენი ლაჰივმა ელისაშვილს მოუწოდა, რომ კომპანია პატივისცემით მოეხსენიებინა.

"მოგიწოდებთ, პატივისცემით მოიხსენიოთ კომპანია და თუ მისი საქმიანობის შესახებ ეჭვები გაქვთ, ფინანსურ პოლიციას მიმართეთ. სანამ ამ შეხვედრაზე ვართ, არ არის საჭირო შეურაცხყოფა",- აღნიშნა "სითი პარკის" გენერალურმა მენეჯერმა, რაზეც ელისაშვილმა უპასუხა, რომ ისინი 7 წლის განმავლობაში თავად აყენებდნენ შეურაცხყოფას თბილისის მოსახლეობას.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა