მერია "სითი პარკთან" ხელშეკრულების შეცვლას გეგმავს - დატოვებს თუ არა კომპანია თბილისს

მერია "სითი პარკთან" ხელშეკრულების შეცვლას გეგმავს - დატოვებს თუ არა კომპანია თბილისს

თბილისის მერია კომპანია "სითი პარკთან" არსებული ხელშეკრულების შეცვლას გეგმავს, - ამის შესახებ განცხადება თბილისის მთავრობის წევრებმა "სითი პარკის" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთეს.

როგორც თავად დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, ის კომპანიის ხელმძღვანელობას სექტემბრის ბოლომდე აძლევს ვადას ხელშეკრულებაში გონივრული, გაანგარიშებასა და მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებული ცვლილებების შეტანისთვის.

"ეს ხელშეკრულება არ ემსახურება ხალხის და ქალაქის ინტერესებს. ის არის კონკრეტული ფირმის და მასთან დაკავშირებული პირების გამდიდრების საშუალება. არსებული კონტრაქტით მუნიციპალიტეტი მხოლოდ უსუსური წარმონაქმნია. მე არ ვიცი სხვაგან ანალოგიური ხელშეკრულება, რომელიც ასეთ უსუსურ მდგომარეობაში აყენებდეს მუნიციპალიტეტს. მოვემზადოთ, რათა დავჯდეთ ხელშეკრულებაში ცვლილებებისთვის – გონივრულ და გაანგარიშებაზე, ასევე მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებული ცვლილებებისთვის. გთავაზობთ, სექტემბრის ბოლომდე ჩამოვყალიბდეთ როგორ შეიძლება შევცვალოთ ხელშეკრულება: ჩვენ ჩვენს წინადადებებს შემოგთავაზებთ, თქვენ თქვენი წინადადებები მოგვახსენეთ", - მიმართა კომპანიის ხელმძღვანელობას დავით ნარმანიამ.

ამასთან, ვიცე-მერის, ალექსანდრე მარგიშვილის თქმით, "სითი პარკმა" უნდა გაითვალისწინოს, რომ მერიაში ხელმძღვანელობა შეიცვალა და ის დამოკიდებულება, რომელიც მათ აქვთ არ შეესაბამება იმას, როგორიც უნდა იყოს მილიონნახევარი ადამიანის მიერ არჩეული ორგანო.

"მერიაში შეიცვალა ხელმძღვანელობა და მოვიდა ახალი, რომელიც თბილისელებზე ზრუნავს. ჩვენ ვხედავთ პრობლემებს იმ ხელშეკრულებაში, რომელიც კომპანიასა და მერიას შორის გაფორმდა და ვფიქრობ, ნელნელა უნდა შევეგუოთ იმას, რომ ამ კონტრაქტს მომავალი არ უწერია", - განაცხადა მარგიშვილმა.

კიდევ ერთი ვიცე-მერის, გიორგი ხელაიას განცხადებით კი, თანამშრომლობა მაშინაა შესაძლებელი, როცა მხარეებს შორის სასტარტო პირობები თანაბარია.

"იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ, სასტარტო პირობები უნდა იყოს თანაბარი. კონტრაქტი არის ორივე მხარის გამომხატველი დოკუმენტი. იმ პირობებში, როცა ერთი მხარის უფლებები დაყვანილია ნულამდე და მეორე უმაღლეს ხარისხშია აყვანილი, ძალიან რთულია ვისაუბროთ თანამშრომლობაზე", - აღნიშნა გიორგი ხელაიამ.

თბილისის მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებების საპასუხოდ "სითი პარკის" გენერალურმა მენეჯერმა ბენი ლაჰავიმ აღნიშნა, რომ მერიის ხელმძღვანელობის ცვლილება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ხელშეკრულების შეცვლა.

"ვიცით, რომ არჩეული ხართ ხალხის მიერ, მაგრამ მეორე საკითხია, რომ ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, რომელიც ორივე მხარის მიერ არის დადებული და იმედი მაქვს იმის, რომ ამას ორივე მხარე პატივს სცემს. თუ რაიმე უკეთესს შემოგვთავაზებთ, შეგვიძლია განვიხილოთ, რადგან არც მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ნაკლებად ფიქრობს მოქალაქეებზე, თუმცა ის ფაქტი, რომ მთავრობა შეიცვალა არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შეიცვალოს ხელშეკრულებაც", - აღნიშნა "სითი პარკის" გენერალურმა მენეჯერმა.

აღსანიშნავია, რომ დავით ნარმანიამ კომპანიის ხელმძღვანელობისგან დღეს მოითხოვა თბილისის მთავრობას წარუდგინონ სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, მათ შორის მიმოწერა, რაც კი მერიის ყოფილ ხელმძღვანელობასა და კომპანიის შორის ყოფილა. ასევე კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, რა ინვესტიცია ჩადო "სითი პარკმა" საქართველოში და რა მოგება აქვს დღესდღეობით. ასევე, გეგმა სამომავლო სამუშაოების შესახებ და კონკრეტული დასაბუთება და გაანგარიშება იმისა, თუ რამ განაპირობა პარკირებაზე ტარიფის გაზრდა.

კომპანია "სითი პარკი" თბილისიდან წასვლას არ აპირებს, - ასე უპასუხა კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, ბენი ლაჰავიმ თბილისის მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ მან კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თავად თქვას.

"მადლობთ რჩევისთვის, მაგრამ ჩვენ თბილისის დატოვებას არ ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება და გავაგრძელებთ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას", - განაცხადა "სითი პარკის" გენერალურმა მენეჯერმა.

მისივე განმარტებით, ის ითხოვს თუნდაც ერთ მინიშნებას იმასთან დაკავშირებით, რა ვალდებულება არ სრულდება კომპანიის მხრიდან.

"ჩვენ ვასრულებთ ყველა ვალდებულებას და პრეტენზიებს ვერ მივიღებ", - აღნიშნა მან.

"სითი პარკის" ხელმძღვანელების შეხვედრა დედაქალაქის მთავრობისა და საკრებულოს წევრებთან თბილისის მერიაში იმართება. შეხვედრას უძღვება დავით ნარმანია, რომელმაც ასევე გამოთქვა კრიტიკული შენიშვნები კომპანიის მიმართ. კონტრაქტზე ნებაყოფლობით უარის თქმისკენ კი, კომპანიას საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მოუწოდა.

"კომიკური და ამავე დროს ტრაგიკულია, რასაც ახლა ვუყურებთ. კომპანია, რომელიც პარკირების კუთხით თბილისში 7 წელია ოპერირებს, დღეს პირველად ჩნდება. ციფრებსაც, სად რა გადაირიცხა, 7 წლის თავზე პირველად ვიგებთ მაშინ, როცა ამ წლების განმავლობაში ის ჩვენი ჯიბიდან ამოიღო. თქვენ ხართ კომპანია, რომელმაც თბილისელების საყოველთაო სიძულვილი დაიმსახურა. მე მაქვს ერთი რჩევა, როგორც მოქალაქეს და როგორც საკრებულოს წევრს - თავად თქვით უარი და გაწყვიტეთ კონტრაქტი. შეირგეთ, რასაც თბილისელების ჯიბეებიდან იღებდით. ჩემი ინფორმაციით, თქვენი კომპანია კორუფციულ გარიგებაში იყო მერიის ყოფილ ხელმძღვანელობასთან და შესაბამის მონაცემებს უახლოეს მომავალში წარმოვადგენ. თქვენ ჩავარდებით ძალიან ცუდ მდგომარეობაში. გირჩევთ, ამ მდგომარეობას თავი აარიდოთ, უბრალოდ თქვით უარი და წაბრძანდით. შელახული რეპუტაციის კომპანია იქნებით, მაგრამ სამაგიეროდ შეირგებთ ნაძარცვს", - მიმართა ელისაშვილმა კომპანიის ხელმძღვანელობას.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა