ღარიბაშვილი: საქართველოს 21-ე საუკუნეში კვლავ ეძლევა საშუალება შეასრულოს თავისი ისტორიული ფუნქცია

ღარიბაშვილი: საქართველოს 21-ე საუკუნეში კვლავ ეძლევა საშუალება შეასრულოს თავისი ისტორიული ფუნქცია

საქართველოს 21-ე საუკუნეში კვლავ ეძლევა საშუალება შეასრულოს თავისი ისტორიული ფუნქცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "აბრეშუმის გზის" პროექტის დასკვნითი შეხვედრის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველო ყოველთვის აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი იყო.

"თქვენს მასშტაბურ ექსპედიციას ძალიან კეთილშობილი მიზანი აქვს - ეს არის აბრეშუმის გზის ქვეყნების შემოვლა, მათი ეკონომიკური, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალით დაინტერესება და ამ ქვეყნების კულტურისა და ისტორიის გაცნობა.

დღეს კიდევ ერთხელ მეძლევა საშუალება, აღვნიშნო საქართველოს ისტორიული როლი და ის ფუქნცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოდითგანვე ეკისრებოდა როგორც ორი მსოფლიო სისტემის, ორი გეოპოლიტიკური არეალის დამაკავშირებელს, რადგან ის დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე იყო მოქცეული.

გვერდიგვერდ არსებობდა ორი სამყარო, ორი ცივილიზაცია და მათ შორის სავაჭრო და კულტურული კავშირები საუკუნეების განმავლობაში სწორედ აბრეშუმის დიდ გზაზე გადიოდა, და საქართველო ამ ორი სამყაროს გზაჯვარედინი, აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი იყო ყოველთვის - აქ იკვეთებოდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზები, აქ ხდებოდა აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციათა და კულტურათა დიალოგი. აბრეშუმის გზამ ერთიან სავაჭრო სისტემაში მოაქცია ქვეყნები ევროპიდან ჩინეთამდე.

დღეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს 21-ე საუკუნეში კვლავ ეძლევა საშუალება შეასრულოს თავისი ისტორიული ფუნქცია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, აბრეშუმის გზა საქართველოს შესაძლებლობას უჩენს განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები და კულტურული ურთიერთობები, უკეთ წარმოაჩინოს ჩვენი ტრადიციები, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი.

"საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და გამართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა შესაძლებლობას გვაძლევს, ვიფიქროთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ფუნქციაზე - იყოს უმოკლესი დამაკავშირებელი გზა ევროპასა და აზიას შორის, მით უფრო მაშინ, როდესაც სულ უფრო იზრდება ტვირთბრუნვა რეგიონებს შორის. ჩვენი მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოტენციალის განვითარებას.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვახორციელებთ პროექტს, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, სარკინიგზო ტრანსპორტის მეშვეობით უმოკლესი გზით დავაკავშიროთ აზია და ევროპა, რაც თავისთავად გულისხმობს ისტორიული აბრეშუმის გზის სატრანსპორტო დერეფნისათვის ახალი იმპულსის მიცემას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა