ოთარ დანელია - რუსეთში პროდუქციის შეტანაზე შეზღუდვის შესახებ ევროკავშირისგან ოფიციალური მოთხოვნა არ მიგვიღია

ოთარ დანელია - რუსეთში პროდუქციის შეტანაზე შეზღუდვის შესახებ ევროკავშირისგან ოფიციალური მოთხოვნა არ მიგვიღია

საქართველოს მთავრობას ევროკავშირისგან არ მიუღია ოფიციალური მოთხოვნა, რუსეთში პროდუქციის შეტანაზე შეზღუდვის შესახებ. ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

"მე ხაზს გავუსვამ, რომ ძალიან ბევრი განცხადება კეთდება ძალიან ბევრი წარმომადგენლის მიერ, მაგრამ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ის განცხადებები, რომელიც იქნება ოფიციალურად მომართული საქართველოს მთავრობის მიმართ. შესაბამისად, ამ მიმართულებით არაფერი ოფიციალური არ ყოფილა და ახალს ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ბრიუსელის რეკომენდაციაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა სახელმწიფოებმა რუსეთის ბაზარზე ევროპელი მწარმოებლების პროდუქციის ჩანაცვლებისგან თავი შეიკავონ. სააგენტო "იტარ ტასის" ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სტანომ განაცხადა.

"მე შემიძლია, გავიმეორე ევროპული საბჭოს პოზიცია, რომელიც მოუწოდებს მესამე ქვეყნებს, თავი შეიკავონ ახალი სავაჭრო შესაძლებლობების გამოყენებისგან, რომელიც ჩნდება რუსეთის შემზღუდავი ზომების შედეგად, რათა გამოხატონ საერთაშორისო სოლიდარობა და შეასრულონ საერთაშორისო კანონები", - განაცხადა პიტერ სტანომ.

ამასთან, ოთარ დანელიამ 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტის სიას შესაძლებელია დაემატოს ცხვარი, თევზი და თაფლი.

როგორც მინისტრმა განმარტა, კონსტრუქციული სამუშაო შეხვედრა შედგა "როსსელხოდნადზორის" და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შორის.

"რამდენიმე თვის წინ რუსეთიდან ჩამოსულები იყვნენ და ადგილზე შეამოწმეს ჩვენი მეთოლოგიები, რომელზეც შემდგომ შეჯერებულად მომზადდა მემორანდუმი და დავიწყეთ ექსპორტი. შესაძლებელია, ჩვენი ექსპორტის ობიექტს კიდევ რამდენიმე დაემატოს, ეს, რა თქმა უნდა, კარგია. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არის სავაჭრო ურთიერთობა. მოგეხსენებათ, ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არა გვაქვს. შესაბამისად, თუ კითხვა ექვემდებარება იმას, თუ რა ემბარგოები დაწესდა, ჩვენთან ალბათ ყველაზე დიდი ემბარგოა იმიტომ, რომ რეალურად არა გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ სავაჭრო ურთიერთობა არის და ამ მიმართულებით არის პროგრესი. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ვაჭრობის ობიექტები რუსეთთან მიმართებაში. ასევე მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ევროპასთან ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია. ეს ფორსირებულად მიმდინარეობს და ასევე მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ბაზრის დივერსიფიცირება ასევე არის სახელმწიფოს პრიორიტეტი", - განაცხადა ოთარ დანელიამ 23 აგვისტოს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა