დავით უსუფაშვილი - უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება

დავით უსუფაშვილი - უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების პოზიციები შეთანხმებულია და სრულ ჰარმონიაშია იმასთან, რასაც მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოება აკეთებს.

ამის შესახებ უსუფაშვილმა ჟურნალისტებს უკრაინაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.

"უკრაინაში, სამწუხაროდ, გრძელდება რუსეთის აგრესია. ამის მოწმე ვართ ჩვენ, რამდენიმე თვეა. ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, დაიძაბა ვითარება. სამწუხაროა, რომ ის შეხვედრა, რომელიც შედგა მინსკში, ვერ აღმოჩნდა სიტუაციის დარეგულირებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მსოფლიომ, დემოკრატიულმა სამყარომ და მათ შორის საქართველომ, უნდა გავაგრძელოთ ის პოლიტიკა, რაც დღემდე იყო - ეს არის უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინელი ხალხის თავისუფალი არჩევანის უფლების უპირობო მხარდაჭერა და ყოველგვარი ძალადობის, აგრესიის დაგმობა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი. ამასთანავე, პოლიტიკური განცხადებები არ არის საკმარისი ამ საკითხების მოსაგვარებლად. ამაზე მიუთითებს ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის და წამყვანი სახელმიწფოს ლიდერის განცხადება, რომელიც ამ პროცესში ჩართულია. საქართველო, მისი მთავრობა ამ კონფლიქტის განვითარების პირველი დღიდანვე ყოველდღიურ კოორდინაციაშია, ყოველდღიურ კონსულტაციებშია წამყვან სახელმწიფოებთან, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან და ჩვენი პოზიციები, ჩვენი განცხადებები, ქმედებები შეთანხმებულია, არის სრულ ჰარმონიაში იმასთან, რასაც მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოება აკეთებს და გააკეთებს მომავალში", - განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის თქმით, ეს არის უკრაინისთვის ჩვენი მხარდაჭერის საუკეთესო საშუალება და გზა, რომ ჩვენ ვიყოთ იმ საერთაშორისო მხარდაჭერის სისტემაში და კოორდინებულ მოქმედებებში, რომელსაც ახორციელებენ ის სახელმწიფოები და ორგანიზაციები, რომელთაც შესწევთ უნარი, რუსეთის აგრესია შეაჩერონ.

"საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება გააგრძელებს ამ პოლიტიკას, რომელიც არის უკრაინის, სიმართლის, ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასახულ გეგმასთან სრულ თანხვედრაში", - დასძინა დავით უსუფაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა