საქართველოდან უკრაინაში მედიკამენტები მომავალ კვირას გაიგზავნება

საქართველოდან უკრაინაში მედიკამენტები მომავალ კვირას გაიგზავნება

საქართველოდან უკრაინაში მედიკამენტები მომავალი კვირის დასაწყისში გაიგზავნება, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დავით სერგეენკო ეროვნულ ბიბლიოთეკაში ექიმებსა და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება და რეცეპტის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხობს.

დავით სერგეენკოს განცხადებით, კიევში ჯანდაცვის სამინისტროში მათ სამი დღის განმავლობაში შეხვედრები ჰქონდათ, სადაც უკრაინელ კოლეგებთან ერთად ჩამოყალიბდნენ რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩამოყალიბდა საკოორდინაციო ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც ინფორმაციის გაცვლა მოხდება. ასევე შეირჩა უკრაინაში ყველაზე ცხელი წერტილები, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ადამიანებს სამედიცინო დახმარება. ეს არის საბრძოლო მოქმედების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც შეზღუდული აქვთ სამედიცინო დახმარების მიღება. კერძოდ, ქრონიკული დაავადებების მქონე დაახლოებით რამდენიმე ასეული ადამიანია, რომელსაც სჭირდება მედიკამენტები და სამედიცინო დახმარების მასალა. მათ შორის არიან ასევე ბავშვები.

მინისტრმა დასძინა, რომ მოზრდილთა გეგმური აცრებისათვის ვაქცინები სჭირდებათ. ასევე, უკრაინელ კოლეგებთან ერთად ისაუბრეს პირველადი გადაუდებელი დახმარების ჩანთების გაგზავნის შესახებ.

დავით სერგეენკომ განმარტა, რომ უკრაინაში გასაგზავნი არის რამდენიმე ჯგუფის მედიკამენტები. სრული შეფასება სრულდება იმისა, თუ თანხობრივად რა მოცულობის მედიკამენტები და სამედიცინო დახმარება გაიგზავნება უკრაინაში. მინისტრის თქმით, მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ, მომავალი კვირის დასაწყისში შესაძლებელი იქნება უკრაინაში მედიკამენტური დახმარების გაგზავნა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინელ კოლეგებთან ასევე ისაუბრეს ქართველი ექიმების გაგზავნის და საჭიროების შემთხვევაში, უკრაინელი პაციენტების საქართველოში მკურნალობის შესახებაც, თუმცა სერგეენკომ დასძინა, რომ ამის საჭიროება არ არის და უკრაინის ჯანდაცვის სისტემა დღეის მდგომარეობით ყოველივეს კარგად უმკლავდება.

"თუკი საჭიროება გაჩნდება, წინასწარ შედგენილი გეგმის თანახმად, 24 საათის განმავლობაში მოხდება კონკრეტული სპეციალობის ექიმების გაგზავნა უკრაინაში", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა