როგორ ეხმაურებიან "ნაციონალები" სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურების დაწყებას

როგორ ეხმაურებიან "ნაციონალები" სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურების დაწყებას

"ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურების დაწყებას საქართველოს მთავრობის არაადეკვატურ რეაქციას უწოდებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განუცხადა, პროკურატურის მხრიდან 20.00 საათზე საერთაშორისო ძებნაზე განცხადება სერიოზული არ არის.

"მე მგონია, რომ ნერვიულობენ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, მათი ნერვები სრულიად არაადეკვატურ მდგომარეობაშია. დღეს, საღამოს 8 საათზე გაახსენდათ, რომ საერთაშორისო ძებნა გამოეცხადებინათ, ამას სერიოზულად არავინ მიიღებს ნორმალურ სამყაროში და შეიძლება სააკაშვილი ვანუატუში ან რომელიმე ქვეყანაში არ შეუშვან. რუსეთში, ვანუატუში, ტუალუში, მე მგონი, არ შეუშვებენ, თუმცა მე ვერ შევატყვე მიხეილ სააკაშვილს, რომ ის იკითკენ მიილტვის", - განაცხადა რატიანმა.

"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, პროკურატურის რეაქცია დღეს სარფის საბაჟოზე მიხეილ სააკაშვილის ფოტოების გამოჩენამ გამოიწვია.

"სასაცილოა პროკურატურის რეაგირება. გამოაცხადონ ძებნა და ვნახოთ, დაველოდოთ ინტერპოლი დასვამს თუ არა ძებნაზე. ხელისუფლება უკვე შეპყორბილია მანიაკალური მოქმედებებით", - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დღეს თურქეთში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ.

მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურები მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

"მიხეილ სააკაშვილზე როგორც იცით გამოცხადებულია შიდა ძებნა და პარალელურ რეჟიმში პროკურატურის შესაბამისი სამართლებრივი თხოვნის საფუძველზე, დაწყებულია და მიმდინარეობს პროცედურები საერთაშორისო ძებნაზე ე.წ. წითელ ცირკულარზე დასაყენებლად", - აცხადებენ პროკურატურაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა