საქართველო სავიზო რეჟიმს ამკაცრებს

საქართველო სავიზო რეჟიმს ამკაცრებს

საქართველო ხვალიდან სავიზო რეჟიმს ამკაცრებს. 1-ელი სექტემბრიდან ძალაში შედის ახალი კანონი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ", რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დავალებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა.

კანონის თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. ასევე 24 ქვეყანას, მათ შორის, ერაყს, სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაციას, ჩილეს, ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკას და სხვა, გაუუქმდა უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, ხოლო ევროკავშირის, ნატო-ს, შენგენის, დსთ-ს წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შენარჩუნდა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს სურვილი აქვს შემოვიდეს საქართველოში და დარჩეს 90-დღეზე მეტი ხნით, საემიგრაციო ვიზა უნდა აიღოს. აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება მათ შორის იმ ქვეყნებზე, რომელთა მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი იმოქმედებს.

საქართველოს ვიზებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აღარ გასცემს. ვიზები გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში. უცხოელმა, რომლის წარმოშობის ქვეყანაში საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება, საქართველოს ახლომდებარე საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას უნდა მიმართოს. კანონის მიხედვით, ვიზის აღება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

1-ელი სექტემბრიდან საქართველოს ვიზა 50 აშშ დოლარი ეღირება. "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებების განხორციელებამდე, სხვადასხვა ტიპის ვიზაზე განსხვავებული ფასები მოქმედებდა, თუმცა ამიერიდან არც ქვეყნების და არც ვიზის ტიპის მიხედვით დიფერენციაცია არ იქნება.

"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" ახალი კანონი პარლამენტმა მიმდინარე წლის მარტში მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბერალური სავიზო პოლიტიკის შეცვლის და ე.წ. დაბალანსებულ სავიზო პოლიტიკაზე გადასვლის მიზეზად მიგრაციული პროცესების მართვის აუცილებლობას ასახელებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა