რა მოხდა იახტაზე, რომლითაც სააკაშვილი საბერძნეთში შესვლას ცდილობდა - პროკურატურის განცხადება

რა მოხდა იახტაზე, რომლითაც სააკაშვილი საბერძნეთში შესვლას ცდილობდა - პროკურატურის განცხადება

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, იმ იახტის შეყოვნებასთან დაკავშირებით, რომლითაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მგზავრობდა, კუნძულ სამოსის პოლიციის განყოფილებისგან ინფორმაცია მათთანაც შევიდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან განცხადება მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა გააკეთა.

მისი განცხადებით, ბერძნულმა მხარემ საქართველოს იმის დადასტურება მოსთხოვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძებნის გამოცხადების პროცედურები მიმდინარეობს, რაც მალევე იქნა უზრუნველყოფილი.

"1-ელ სექტემბერს, საბერძნეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შემოვიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი, მაშინ როცა იგი ცდილობდა საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლას, კერძოდ კუნძულ სამოსზე, აყვანილ იქნა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მისი აყვანის მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ ბერძნული მხარისთვის ცნობილი გახდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა, მიმართული ინტერპოლის გენერალური სამდივნოსადმი, რომლის საფუძველზეც ქართული მხარე ითხოვდა მის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას. ბერძნულმა მხარემ ქართულ მხარეს მოსთხოვა დაუყოვნებლივ ამ ინფორმაციის დადასტურება. ჩვენს მიერ უზრუნველყოფილ იქნა შესაბამისი დასტურის გაგზავნა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფორმალურად არ იყო წითელი ცირკულარი გამოცემული, ბერძენი კოლეგები იძულებულნი გახდნენ იგი რამდენიმე საათში გაეთავისუფლებინათ პოლიციის განყოფილებიდან", - განაცხადა ირაკლი ჩილინგარაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ სააკაშვილზე ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით"ინტერპოლის" პოზიციას, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით გენერალურ სამდივნოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

"ჩვენ შევეცდებით დავარწმუნოთ კოლეგები გენერალურ სამდივნოში ძებნის გამოცხადების თაობაზე. ჩვენს მიერ გაგზავნილია ყველა დოკუმენტაცია, რომელიც შეესაბამება "ინტერპოლის" რეგულაციებს", - აღნიშნა ჩილინგარაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა