"განა ლამაზი იქნება ორი დელეგაციის წასვლა ღარიბი ქვეყნიდან?!" - ბიძინა ივანიშვილი გაერო-ს ასამბლეაზე

"განა ლამაზი იქნება ორი დელეგაციის წასვლა ღარიბი ქვეყნიდან?!" - ბიძინა ივანიშვილი გაერო-ს ასამბლეაზე

საქართველო უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა და კითხვა, თუ ვინ უნდა წავიდეს გაერო-ში, არ არსებობს, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს.

"ვნახეთ სია, ვინ ჩავა და გაერო-ს სხდომას ვინ დაესწრება საპარლამენტო რესპუბლიკებიდან. როგორც წესი, იქ პრემიერები იქნებიან წარმოდგენილები. კითხვა არ არსებობს. ისევ მიდის თანაბარი შედარება და ფონი, უფრო მეტად ისეთია, თითქოს აშავებს პრემიერი და ჩაგრავს პრეზიდენტს, ამ დროს კი, ორჯერ ორი ოთხია - რა თქმა უნდა, იქ წავა მერკელი, რა თქმა უნდა იქ წავა ნეთანიაჰუ, რა თქმა უნდა, იქ წავა ინგლისის პრემიერი და ა.შ – შეიძლება მხოლოდ ერთი ორი გამონაკლისი იყოს, როცა პრემიერმა ვერ მოიცალა და გადასცა ეს უფლება პრეზიდენტს. ასეთია კონსტიტუცია საპარლამენტო რესპუბლიკაში. ის შეხვედრა, საიდანაც ამან მოწვევა მიიღო, დაბალი დონის შეხვედრაა. სხვათაშორის, კლიმატის გაუმჯობესების სამიტზე შარშან ფანჯიკიძე იყო მიწვეული, თუმცა მასაც წასვლა არ სდომებია - ზალკალიანი უნდა წასულიყო, თუმცა, საბოლოოდ, წავიდა ფანჯიკიძე იმიტომ, რომ სხვა საქმეებიც ჰქონდა, მაგრამ არავის უფიქრია, რომ ჩემთვის ეთქვა ან პრეზიდენტი წასულიყო. ეს არის რეალობა", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ყოფილი პრემიერის განმარტებით, ამის მიუხედავად "ეს კაცი" (პრეზიდენტი) "კონკურენციას აგრძელებს, მაშინ როცა "ერთი ღარიბი ქვეყნიდან აშშ-ში წასვლა ლამაზი არ იქნება".

"ეს ძალიან მარტივი თემაა საანალიზოდ. სად არის მედია, სად არის ჟურნალისტიკა, სად არიან ისინი, ექსპერტებს რომ ეძახიან საკუთარ თავს, რა უნდა ამის დალაგებას, სადაა კითხვები? განა არ ჩანს, რომ ერთი მხრიდანაა მხოლოდ პრობლემები? განა მარტივი დასანახი არაა, რომ წასვლა პრემიერის პრეროგატივაა და მთავრობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. განა ლამაზი იქნება ორი ცალ-ცალკე დელეგაციის წასვლა პატარა, ღარიბი ქვეყნიდან ამერიკაში, მაგრამ ეს კაცი ამას არ დაგიდევს არაფრად და ისევ კონკურენციას აგრძელებს. მას ჰგონია, რომ ეს არის ჯანსაღი კონკურენცია", - აღნიშნავს ყოფილი პრემიერი.

ინტერვიუში ივანიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ კონფლიქტი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის "ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს. "თან ძალიან აწყობს", - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სრული ვერსია გაზეთ "კვირის პალიტრის" ორშაბათის ნომერში გამოქვეყნდება. ინტერვიუს სრული ვერსია ორშაბათს, 19:30-ზე იხილეთ "პალიტრა TV"-ს ეთერში, აუდიო ვერსიის მოსმენა კი იგივე დროს, რადიო "პალიტრაზე", FM 103'9-ზე შეგიძლიათ.

იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა