"ეს კაცი" ივანიშვილმა და სამთავრობო გუნდმა საბოლოოდ გარიყა? - შეფასებები, კრიტიკა და ოპოზიციის მხარდაჭერა პრეზიდენტს

"ეს კაცი" ივანიშვილმა და სამთავრობო გუნდმა საბოლოოდ გარიყა? - შეფასებები, კრიტიკა და ოპოზიციის მხარდაჭერა პრეზიდენტს

"განა ლამაზი იქნება ორი დელეგაციის წასვლა პატარა, ღარიბი ქვეყნიდან ამერიკაში, მაგრამ ეს კაცი ამას არაფრად დაგიდევს. საქართველო უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა და კითხვა, თუ ვინ უნდა წავიდეს გაერო-ში, არ არსებობს", - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს.

ყოფილი პრემიერის განმარტებით, ამის მიუხედავად, "ეს კაცი" (პრეზიდენტი) "კონკურენციას აგრძელებს, მაშინ როცა "ერთი ღარიბი ქვეყნიდან აშშ-ში წასვლა ლამაზი არ იქნება".

ინტერვიუში ივანიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ კონფლიქტი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის "ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს.

ყოფილი პრემიერის ამ განცხადების შემდეგ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ნიუ-იორკში ვიზიტის ჩაშლის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, სერიოზული, ორგანიზებული მუშაობის შედეგად, პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა.

"მოხდა ძალიან სერიოზული ორგანიზებული მუშაობა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის საწინააღმდეგოდ და მინდა გითხრათ, რომ ამ მუშაობის შედეგად, პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში არის ჩაშლილი. ეს არის რეალურად, ჩემი აზრით, არასწორი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა პრეზიდენტის ინსტიტუტის საპირისპიროდ. რეალურად, თუ ჩვენ წავალთ ამ გზით და თუ ჩვენ შევეცდებით, მონოპოლიზაცია განვახორციელოთ ხელისუფლების რომელიმე ინსტიტუტში, იქნება ეს პრეზიდენტი, თუ სხვა, ჩვენ მივიღებთ იმას, რაც ჩვენ ასე ძალიან არ მოგვწონდა სააკაშვილის ხელისუფლებაში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

თემას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოდან გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძალიან სამწუხაროა, როდესაც ისეთი მარტივი საკითხი, როგორიც არის გაერო-ში გამგზავრება და ქვეყნის წარმოჩინება, ამდენი სპეკულაციის საგანი გახდა.

ღარიბაშვილის თქმით, ვინაიდან ის არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, მთავრობამ საჭიროდ ჩათვალა, რომ ქვეყნის სახელით წარდგეს პრემიერ-მინისტრი.

"ჩემი გაეროში წასვლის აუცილებლობა გაჩნდა იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში მქონდა სამზადისი გაეროში ვიზიტთან დაკავშირებით, მქონდა მოლაპარაკებები და ვარ გაეროში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი. დღეს მე ვფიქრობ მხოლოდ საქმეებზე, იმ გაჭირვებასა და პრობლემებზე, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა. ჩვენი მოსახლეობა დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია, ვინაიდან ჩვენი მთავარი გამოწვევა დღეს სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური განვითარებაა", – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საკითხს არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა პოლიტიკოსთა მხრიდან. საპარლამენტო უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ გაეროში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ერთმა ადამიანმა - ოლიგარქმა ჩაშალა.

"სამარცხვინოა, როდესაც არაფორმალური პირის, ოლიგარქის ინიციატივით იშლება პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში. ეს არის ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების წინააღმდეგ მიმართული ქმედება და სამარცხვინოა მთავრობა, რომელიც ქვეყნის პირველ პირის ვიზიტს ჩაშლის. დღეს ეს თავად ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა", - განაცხადა სერგო რატიანმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური პრეზიდენტის ვიზიტის ჩაშლას პოლიტიკურ კრიზისად აფასებს.

"ქვეყანაში არანორმალური სიტუაციაა შექმნილი. მინისტრები და მთავრობა მუშაობდნენ იმისთვის, რომ პრეზიდენტის ეს ვიზიტი ჩაშლილიყო. ეს პოლიტიკური კრიზისია. მსგავსი სიტუაციიდან გამოსავალი რთულია, თუმცა შესაძლებელი. გამოსავალისთვის საჭიროა აქტიური ქმედებები და საპროტესტო აქციები", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ პრეზიდენტის ვიზიტი კი არ ჩაიშალა, არამედ გაუქმდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ ერთი ქვეყნიდან ორი დელეგაციის წასვლა არასწორია.

დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი კი ხელისუფლებაში პოლიტიკური დისციპლინის საჭიროებაზე საუბრობს. ამბობს, რომ პრეზიდენტის განცხადება წარმოაჩენს იმ რეალობას, რაც არის შექმნილი.

"ეს პრეზიდენტის პოზიციაა. ვთვლი, მაშინ, როდესაც ჩვენ კოალიციურ ფარგლებში ვმართავთ ქვეყანას, მაქსიმალურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს პოზიციების თანხვედრა, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ის პოლიტიკური დისციპლინა, რომლის ფარგლებშიც უნდა შეიქმნას საერთო პოლიტიკური ხაზი. ეს პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებს ემსახურება", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

რამდენიმეკვირიანი გაურკვევლობა უკვე დასრულებულია. ცნობილია, რომ ნიუ-იორკში აღარ იქნება წარმოდგენილი ორი დელეგაცია და საქართველოს გაეროს სამიტზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენს.

ნიო-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეა 20-27 სექტემბერს გაიმართება.

თეა ბითაძე, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა