თემურ იაკობაშვილი - ურიგო არ იქნებოდა, ჭორების გამავრცელებლებმა ქვეყანას მიხედონ, რომლის რეპუტაციაც კატასტროფულად დაეცა

თემურ იაკობაშვილი - ურიგო არ იქნებოდა, ჭორების გამავრცელებლებმა ქვეყანას მიხედონ, რომლის რეპუტაციაც კატასტროფულად დაეცა

აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი თემურ იაკობაშვილი პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის დაგეგმვაში მონაწილეობას უარყოფს. როგორც იაკობაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, ურიგო არ იქნებოდა, ასეთი ჭორების გამავრცელებლებმა ქვეყანას მიხედონ, რომლის საერთაშორისო რეპუტაცია კატასტროფულად დაეცა.

"ახლახან აღმოვაჩინე, რომ თურმე პრეზიდენტის ვიზიტებს "ვამზადებდი". ვინც ასეთ ჭორებს ავრცელებს, წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორ მზადდება საპრეზიდენტო ვიზიტები! მესმის, რომ შიშს დიდი თვალები აქვს, მაგრამ ტყუილებს - მოკლე ფეხები. თურმე, ზოგიერთებს ტვინიც მოკლე ჰქონიათ. ხოდა გაოცების ნიშნად ვშლი ხელებს. ურიგო არ იქნებოდა ასეთი ჭორების გამავრცელებლებმა ქვეყანას მიხედონ, რომლის საერთაშორისო რეპუტაცია კატასტროფულად დაეცა! ასევე ვურჩევ მათ, ისწავლონ მეგობრობა პოლიტიკის გარეშე. დამიჯერეთ შესაძლებელია", - წერს იაკობაშვილი.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის დაგეგმვაში აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი თემურ იაკობაშვილი მონაწილეობს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თავად გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ თემურ იაკობაშვილისთვის არაფერი უთხოვია. როგორც მარგველაშვილმა განმარტა, თემური იაკობაშვილი მისი მეზობელია მთაწმინდაზე და დიდი ხნის ურთიერთობა აქვს.

"სხვათა შორის "ნაციონალური მოძრაობის" დროს, როდესაც ყველას ეშინოდა ერთმანეთთან ურთიერთობის, თემურს არ ეშინოდა ჩემთან ჰქონოდა პირადი ურთიერთობა. მე ამას ძალიან ვაფასებ, მაგრამ მე თემურისთვის არაფერი მითხოვია. ჩვენ ვმუშაობდით ჩვენი საშუალებებით, თუმცა სამწუხაროდ, ეს საშუალებები იქნა განეიტრალებული", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით კი, გავრცელებული ინფორმაცია, რომ გაერო-ში პრეზიდენტის ვიზიტის ორგანიზებაში, აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი თემურ იაკობაშვილი მონაწილეობს, მისთვისაც ცნობილია. "მე როგორც მეუბნებიან, ეს მართლაც ასეა", - აღნიშნა წულუკიანმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა