ვინ არის საქართველოში პირველი პირი და რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის წყობის შესახებ

ვინ არის საქართველოში პირველი პირი და რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის წყობის შესახებ

"კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით გაეროს სამიტზე გასაგზავნი ქართული დელეგაციის შემადგენლობაზე კამათი პრაქტიკულად სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა. გუშინ გაირკვა, რომ სამიტზე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გაემგზავრება. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი აცხადებს, რომ გაეროში მისი ვიზიტი მიზანმიმართული მუშაობის შედეგად ჩაშალეს. ეს ინციდენტი არ არის პირველი შემთხვევა, როდესც დღის წესრიგში დადგა საკითხი - როგორია დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური წყობა და ვინაა ქვეყნის პირველი პირი - პრეზიდენტი, თუ პრემიერი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით -”ვინ არის ქვეყნის პირველი პირი”.

"საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა არ არის, საქართველო არის ნახევრად საპარლამენტო რესპუბლიკა, საქართველოს ჰყავს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, საპარლამენტო რესპუბლიკაში კი პრეზიდენტს ჩვეულებრივ ნიშნავენ", - აცხადებს პრეზიდენტი მარგველაშვილი და იქვე დასძენს, რომ მისი პრინციპული მცდელობაა, ქვეყანაში გაძლიერდეს დემოკრატიული წყობა კონსტიტუციის ფარგლებში, მაგრამ ვისაც აქვს მოლოდინი, რომ აბსოლუტური უნისონი უნდა იყოს, მას არ ესმის, რას ნიშნავს დემოკრატია.

მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ფუნქციის გადანაწილებასთან დაკავშირებით არსებულ გაურკვევლობას კონსტიტუციონალისტები დღეს არსებულ კონსტიტუციურ მოდელს აბრალებენ. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ეთანხმება პრეზიდენტს იმაში, რომ დღეს საქართველო მართლაც არ არის სუფთა კლასიკური საპარლამენტო რესპულიკა. ამას არსებული კონსტიტუციის ავტორი ავთანდილ დემეტრაშვილიც აღიარებს. დღეს ჩვენ გვაქვს შერეული მმართველობა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც პრეზიდენტს, ასევე პრემიერს აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე გავლენის გარკვეული ფუნქცია", - აღნიშნავს გამოცემა.

"ჩემი შეფასებით, დღეს ქვეყანაში არის მმართველობა, რომელიც მართლაც შერეულია, მაგრამ მკვეთრად აქცენტირებული საპარალამენტო მმართველობისკენ. პრეზიდენტს აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქცია თითქმის არ გააჩნია, თუმცა ის არის უმაღლესი მთავარსარდალი, ამავდროულად არის სახელმწიფო მეთაური. გარდა ამისა, საგარეო ურთიერთოებაში წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს, მას ექვემდებარება ასევე უშიშროების საბჭო და ა.შ. ანუ, ეს არის ფუნქციების მთელი კატეგორია, რომელსაც ახორციელებს პრეზიდენტი, მაგრამ საპარლამენტო რესპუბლიკაში, რა თქმა უნდა, ზოგიერთი მათგანი არ შედის პრეზიდენტის ფუნქციასა და მოვალეობაში. დღევანდელი ჩვენი კონსტიტუციური მოდელი შემიძლია ასე დავახასიათო, რომ წმინდა საპარლამენტო მმართველობა არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს მკვეთრად აქცენტირებული საპარლამენტო მმართველობა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

"იმის გამო, რომ არ არის მკვეთრად გამიჯნული ფუნქციები, ეს იწვევს იმას, რომ შერეული მმათველობისთვის დამახასიათებელი ფორმებიდან გამომდინარე, გაურკვეველია, რა უნდა გაკეთდეს და ვინ უნდა წავიდეს მოლაპარაკებაზე. ეს ორი ინსტიტუტი არის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. ეს არის ჰორიზონტალური განაწილება ფუნქციებისა და არა ვერტიკალური. მთავრობას არ აქვს არანაირი მექანიზმი პრეზიდენტის უნდობლობის გამოცხადების ან იმპიჩმენტის და ა.შ. ისევე, როგორც პრეზიდენტს არ შეუძლია დაითხოვოს მთავრობა. სამაგიეროდ, პრეზიდენტს აქვს უფლება რაღაც საკითხზე მოიწვიოს მთავრობის სხდომა. ეს არეულობა გაუგებრობას იწვევს არა მარტო ჩვენთან, არამედ ყველა ქვეყანაში, სადაც შერეული მმართველობაა. ასე მოხდა საფრანგეთში, სულ ახლახან პოლონეთში კაჩინსკისა და ტუსკს შორის", - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

"კონსტიტუციაში გვაქვს რიგი ცვლილებები, რომელიც შეიცავს საპარალამენტო რესპუბლიკის ნიშნებს. მაგრამ ჩვენი ქვეყანა არ არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ეს ყველა კლასიკური ნიშნის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ და არის შერეული მმართველობა, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში, ნახევრად საპარლამენტო მოდელს უწოდებენ, ან პრემიერ-პრეზიდენტის მოდელს. ამდენად, ჩვენი ქვეყნის მონათვლა საპარლამენტო რესპუბლიკად არის ფაქტობრივი შეცდომა. საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტი უცხადებს ნდობას მთავრობას, ის ირჩევს პრეზიდენტს პირდაპირი წესით, ხოლო, თავის მხრივ, პრეზიდენტს პოლიტიკური კრიზისის დროს უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი. საპრეზიდენტო რესპულიკაში პრეზიდენტი ირჩევა ხალხის მიერ და არა პარლამენტის მიერ. პრეზიდენტი ნიშნავს მინისტრებს. პარლამენტს არ შეუძლია უნდობლობა გამოუცხადოს პრეზიდენტს", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

"დღეის მდგომარეობით, პირველი პირი არის საქართველოს პრეზიდენტი, მეორე პირი არის პარლამენტის თავმჯდომარე და მხოლოდ მესამე პირი არის პრემიერ-მინისტრი. პრეზიდენტს უშუალოდ პირველი პირობისათვის ირჩევს ხალხი. პარლამენტის თავმჯდომარე უშუალოდ ხალხის მიერ არჩეული ორგანოს წარმომადგენელია. მთავრობა არის ნაწარმოები ხელისუფლება, მას უშუალოდ ხალხი არ ირჩევს და მხოლოდ ნდობას უცხადებს პარლამენტი. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერს აქვს უფრო დიდი ძალაუფლება, ვიდრე პრეზიდენტს, არსებული კონფიგურაცია არ გვაძლევს იმის საშუალებას, ვთქვათ, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპულიკა", - დაასკვნის ვახუშტი მენაბდე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა