"ნიუ იორკ თაიმსი" საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე სარედაქციო საბჭოს სტატიას აქვეყნებს

"ნიუ იორკ თაიმსი" საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე სარედაქციო საბჭოს სტატიას აქვეყნებს

ამერიკული გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსი" საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და აშშ-ის მხარდამჭერ როლზე სარედაქციო საბჭოს სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, გასულ კვირას აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჩაკ ჰეიგელის ვიზიტი საქართველოში დამაიმედებელი ჟესტი იყო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის, რომელიც დახმარებას უწევდა ამერიკას ბოლოდროინდელ კონფლიქტებში და სულ უფრო აწუხებს რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკა.

"მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარტში უკრაინის კუთვნილი ტერიტორიის, ყირიმის ანექსია მოახდინა, ქართველი ლიდერები შიშობდნენ, რომ მათი აგრესიული მეზობელი შეეცდება მის საზღვრებთან არსებული იმ ტერიტორიების მიტაცებასაც, სადაც ბევრი ეთნიკური რუსი ცხოვრობს", - ნათქვამია სტატიაში.

"ნიუ იორკ თაიმსის" სარედაქციო საბჭო აღნიშნავს, რომ აშშ-ი და ნატო რთული დასაბალანსებელი საკითხის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან შეეცადნენ, ხელი შეეწყოთ ალიანსის პარტნიორი, თუმცა არაწევრი, სამხედრო თვალსაზრისით სუსტი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის.

"საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარებით შესაძლოა, რუსეთის მხრიდან მკაცრი რეაგირების პროვოცირება იმ დროს, როდესაც დასავლელი ლიდერები ცდილობენ რეგიონში დაძაბულობის განელებას. ამას შეუძლია ასევე ჩაითრიოს ალიანსი შეიარაღებულ კონფლიქტში, რომლის უფლებასაც თავს ვერ მისცემს, ერაყში, სირიასა და სხვა ადგილებში არსებული პრობლემების გათვალისწინებით. მაგრამ ობამას ადმინისტრაცია საღად დგამს ნაბიჯებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას დასაიმედებლად", - ნათქვამია "ნიუ იორკ თაიმსის" სარედაქციო საბჭოს წერილში.

ამასთან, როგორც სტატიაშია აღნიშნული, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჩაკ ჰეიგელის ვიზიტი თბილისში გამამახნეველი იყო.

"საქართველო აშშ-ის ერთგული და საიმედო პარტნიორია. ჩვენ გვსურს და გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების, მათ შორის ნატო-ში გაწევრიანების შესასრულებლად", - ციტირებს "ნიუ იორკ თაიმსი" ჩაკ ჰეიგელის სიტყვებს.

როგორც "ნიუ იორკ თაიმსის" სარედაქციო საბჭო აღნიშნავს, ქართველი სამხედროები მსახურობდნენ ერაყში, ავღანეთში კი საქართველო ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მოკავშირეებმა უკვე დატოვეს ან არსებითად შეამცირეს თავიანთი კონტინგენტი.

სტატიის მიხედვით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება კვლავაც რთულად განსახორციელებელი რჩება, ნაწილობრივ გერმანიის წინააღმდეგობის გამო, თუმცა გასულ კვირას საქართველომ მნიშვნელოვანი პრიზი მიიღო, როდესაც ნატო-ს ლიდერებმა საქართველო იმ ჯგუფში შეიყვანეს, რომელსაც ალიანსთან გაძლიერებული პარტნიორობა მიენიჭა.

"აშშ-ის მეტის გაკეთება შეუძლია. საქართველო ცდილობდა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების განახლებას, მაგრამ წლების განმავლობაში უყურადღებოდ დარჩა აშშ-ის თავდაცვითი კონტრაქტორების მოთხოვნები, როგორც ეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა ინტერვიუში. ჩაკ ჰეიგელის ვიზიტის შემდეგ, ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, "ჩუმი ემბარგო" შემცირდა. კარგად არის ცნობილი, რომ პენტაგონის უცხო ქვეყნის სამხედრო გაყიდვების სისტემა შენელებულია, მაგრამ სწორი გარემოებების ქვეშ, მას შეუძლია ამოქმედდეს. ის სწრაფად უნდა ამოქმედდეს საქართველოს მოთხოვნების შესასრულებლად", - ნათქვამია "ნიუ იორკ თაიმსის" სტატიაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა