მურმან დუმბაძე მთავრობის საქმეებში ერეოდა - რა ბრალდებებს უყენებს მმართველი გუნდი პარტიიდან გარიცხულ დეპუტატს

მურმან დუმბაძე მთავრობის საქმეებში ერეოდა - რა ბრალდებებს უყენებს მმართველი გუნდი პარტიიდან გარიცხულ დეპუტატს

მურმან დუმბაძე ცდილობდა ჩარეულიყო, თუ ვინ სად უნდა დანიშნულიყო აჭარაში და ერეოდა პირადად არჩილ ხაბაძის უფლებამოსილებებში, - აღნიშნული განცხადება პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა.

მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობის საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებით რამდენჯერმე იყო გაფრთხილებული, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. "ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ქვეყანაში დავამთავრეთ მმართველობა, როცა ერთი კაცი განაგებდა ყველაფერს. მოგეხსენებათ, დღეს ძალაუფლება არის გადანაწილებული – პრეზიდენტს, პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს, პრემიერ-მინისტრს აქვთ თავთავიანთი ფუქნციები. ბატონი დუმბაძე ერეოდა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო აჭარაში საკრებულოს წევრი, ვინ სად უნდა დანიშნულიყო, პირადად ერეოდა ხაბაძის უფლებამოსილებებში. არაერთხელ იქნა გაფრთხილებული ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერმინისტრობის დროს, თუმცა, მან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა საქმიანობა", - განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.

რაც შეეხება ბრალდებებს, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" აჭარის მთავრობის მისამართით დააფიქსირა, კახი კალაძე ამბობს, რომ ყველა ეს ბრალდება იქნება შესწავლილი და სათანადო გადაწყვეტილება საკითხის შესწავლის შემდეგ იქნება მიღებული. მისივე თქმით, შესაბამისი ჯგუფი შეისწავლის იმ ბრალდებასაც, რომელიც თავად აჭარის მთავრობას გააჩნია უზენაესი საბჭოს ფრაქციის მისამართით.

"მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობის საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც იყო გაფრთხილებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდრომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

პარტიის მხრიდან მურმან დუმბაძისადმი წაყენებულ ბრალდებებზე საუბრისას ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოში ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის უფლებამოსილებები გამიჯნულია და პარლამენტს და მთავრობას, ისევე, როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოსა და აჭარის მთავრობას, აქვთ თავთავიანთი საქმე.

"პარტიის სამდივნომ გააანალიზა მურმან დუმბაძის ქმედებები ამ ორი წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, მურმან დუმბაძე უკვე მეორე წელია უხეშად ერეოდა აჭარის მთავრობის საქმიანობაში. ამის თაობაზე ჯერ კიდევ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა საუბარი მურმან დუმბაძესთან. ის რამდენჯერმე სიტყვიერად იყო გაფრთხილებული, რომ არ უნდა ჩარეულიყო აჭარის მთავრობის მეთაურის საქმიანობაში. ჩვენი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ არსებობს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის გადანაწილება. მკაფიოდ არის გამიჯნული, რომ პარლამენტს აქვს თავისი საქმე, ხოლო მთავრობას თავისი საქმე, ასევე პრეზიდენტს, აჭარის მთავრობას და აჭარის უმაღლეს საბჭოს თავისი საქმე. ჩვენი დემოკრატიის მონაპოვარი არის ის, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის მოხდა გადანაწილება და დაყოფა. სამწუხაროდ, მურმან დუმბაძის საქმიანობა და მისი ქმედებები ძალიან სერიოზულ კითხვებს ბადებდა ჩვენში. მისი მცდელობა, რომ საკუთარ ხელში და გავლენის ქვეშ ჰყოლოდა აჭარის უმაღლესი საბჭო და აჭარის მთავრობა, უშედეგოდ დასრულდა", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.

მმართველი გუნდი პარლამენტის ვიცე სპიკერობიდან მურმან დუმბაძის გაწვევის საკითხზეც აპირებს მსჯელობას, - ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გააკეთა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტში აჭარის დეპუტაციას პარლამენტის ვიცე სპიკერის კვოტა გააჩნია და დუმბაძე სპიკერატში სწორედ ამ კვოტით არის წარდგენილი.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეიცვლება თუ არა ვიცე სპიკერის პოსტზე მურმან დუმბაძე, დავით საგანელიძემ განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება აჭარის დეპუტაციასთან, ვისაც აქვს ვიცე სპიკერის წარდგენის უფლებამოსილება. თუმცა, დავით საგანელიძემ ისიც აღნიშნა, რომ ამ თემაზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

პარტიის გადაწყვეტილებით მურმან დუმბაძე პარტიის რიგებიდან გაირიცხა. ამასთან, როგორც დუმბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დატოვებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს და პარლამენტში როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ისე გააგრძელებს საქმიანობას. დუმბაძემ ისიც აღნიშნა, რომ მას რამდენიმე დღის წინ თავად ჰქონდა მიღებული პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილება, თუკი პარტია მხარს არ დაუჭერდა აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა