აშანტაჟებენ თუ არა ნაციონალები მურმან დუმბაძეს თავისი ძმით და ასრულებს თუ არა იგი ლევან ვარშალომიძის დავალებას

აშანტაჟებენ თუ არა ნაციონალები მურმან დუმბაძეს თავისი ძმით და ასრულებს თუ არა იგი ლევან ვარშალომიძის დავალებას

მურმან დუმბაძე "ქართული ოცნებიდან" გარიცხეს. ირაკლი ღარიბაშვილმა იგი აჭარის მთავრობის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტში აჭარის დეპუტაციას პარლამენტის ვიცე-სპიკერის კვოტა გააჩნია და დუმბაძე სპიკერატში სწორედ ამ კვოტით არის წარდგენილი.

გაზეთი "ასავალ დასავალი" მურმან დუმბაძესთან 12 სექტემბერს ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუს გამოქვეყნებამდე "ასავალ დასავალი" დუმბაძეს დაუკავშირდა და პარტიიდან მისი გარიცხვის თაობაზე კომენტარიც ჩაწერა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ამ ბოლო დროს აშკარად გააქტიურდა. ჯერ იყო და იგი ამ ორი კვირის წინათ სარფში სააკაშვილთან შეხვედრაზე გამოჩნდა, მერე კი სააკაშვილის იმ იახტაზე, რომელიც საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ბერძენმა სამართალდამცავებმა 4 საათით გააჩერეს.

მოკლედ, სააკაშვილი და ვარშალომიძე ამ ბოლო ხანს დიდ დროს ატარებენ ერთად, როგორც ჩანს, სალაპარაკო ბევრი აქვთ და რაღაც გეგმებს ალაგებენ, რომელიც აჭარაში სიტუაციის არევას და პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.

სააკაშვილ-ვარშალომიძის ბოლო დროს გახშირებულ ერთად ყოფნას საეჭვოდ დაემთხვა აჭარის უზენაეს საბჭოში "ქართული ოცნების" ფრაქციის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძისა და მისი გუნდისათვის უნდობლობის გამოცხადება.

მოკლედ, აჭარის უზენაეს საბჭოს, ბოლო დროს ძვირად ღირებული "ჯიპებისა" და ქოლგებისა თუ მექოლგეების თემით გაპოპულარებული ავთანდილ ბერიძის მეთაურობით, სურს, გადააყენოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და მისი თავმჯდომარე - პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული და ახლა უკვე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი არჩილ ხაბაძე.

ხაბაძისა და მისი ავტონომიური მთავრობის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს მხარს უჭერს "ქართული ოცნების" ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძეც.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს პროცესი "ქართული ოცნების" მთავარ პოლიტსაბჭოსთან და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილთან შეთანხმებული არ ყოფილა, ანუ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში "ქართული ოცნების" შიდა დაპირისპირება "ქართული ოცნების" თბილისის მთავარი ოფისისაგან ავტონომიურად ხდება.

რატომ აირია მონასტერი აჭარაში? რატომ ხდება შიდა დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში". რაც აშკარად ნაციონალების წისქვილზე ასხამს წყალს? და რაც მთავარია, მურმან დუმბაძე, რომელიც მშობლიური რესპუბლიკური პარტიისგან შერისხვის შემდეგ "ქართულ ოცნებაში" პირადად ბიძინა ივანიშვილის სურვილითა და ძალისხმევით მოხვდა, რატომ ილაშქრებს პირადად ბიძინა ივანიშვილის კადრის არჩილ ხაბაძის წინააღმდეგ?

ამ რამდენიმე დღის წინათ ჩემმა ერთ-ერთმა წყარომ, რომელსაც ვენდობი და რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციებიც ძალიან ხშირად 100 პროცენტით დადასტურებულა, ასეთი რამ მითხრა:

აჭარის მთავრობის გადაყენების პროცესის უკან ლევან ვარშალომიძე დგას და ამ მოვლენებს მთლიანად ის მართავს, ხოლო მურმან დუმბაძე ნაციონალების მხრიდან შანტაჟის მსხვერპლია და იძულებულია, ვარშალომიძის დირექტივები შეასრულოსო.

ძვირფასო მკითხველო, მურმან დუმბაძეს წლებია ვიცნობ, პატივს ვცემ და სამშობლოს პატრიოტად მიმაჩნია. იმის მომსწრეც თავად ვარ, როგორ უკომპრომისოდ ებრძოდა იგი ნაციონალებს და 2011 წლის 26 მაისს როგორ გახდა სააკაშვილ-მერაბიშვილის მანქურთების მხრიდან სასტიკი ცემისა და წამების მსხვერპლი.

ამიტომაც, ჩემი წყაროს ნათქვამი - მურმან დუმბაძეს ლევან ვარშალომიძე აშანტაჟებს და იძულებულია, ნაცების დავალება შეასრულოსო - ჩემთვის მოულოდნელიც არის, გასაკვირიც და დაუჯერებელიც!

კი მაგრამ, რითი აშანტაჟებენ ნაციონალები მურმან დუმბაძეს-მეთქი, გაოცებულმა ვკითხე ჩემს ინფორმატორს და მისგან ასეთი პასუხი მივიღე:

- სააკაშვილის ხელისუფლების დროს, როცა ეს ნაძირლები ყველას უსმენდნენ, უთვალთვალებდნენ, ფარული აპარატურით იღებდნენ და ადამიანებს საძინებლელშიც კი უძვრებოდნენ, უშიშროებამ მურმან დუმბაძის ძმაც გადაიღო! დიახ, ნაცებს აქვთ მურმანის ძმის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი და სწორედ ამით აშანტაჟებენ დუმბაძეს! მურმანის ძმა ცოტა ხნის წინათ ლევან ვარშალომიძემ თურქეთში გამოიძახა. ეს კაცი თურქეთში იყო გადასული და ვარშალომიძემ მურმანთან დააბარა, რომ დაწყებულიყო პროცესი აჭარის მთავრობის გადასაყენებლად.

ნაციონალები რომ მართლაც აწარმოებდნენ ფარულ ვიდეოგადაღებებს და ამის წყალობით არაერთი ადამიანი ყურებით გამოიჭირეს, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია და ამაზე ის 25 ათასი ფაილიც მეტყველებს, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ახალ ხელისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაარქივებულ-დასაწყობებული დახვდა.

მიუხედავად ამისა, მე არაფრის მტკიცებას არ დავიწყებ და საერთოდ, არანაირ კომნეტარს არ გავაკეთებ, რადგან, როგორც გითხარით, საქმე ჩემთვის კარგად ნაცნობ და პატივსაცემ ადამიანს მურმან დუმბაძეს ეხება.

ამიტომაც, როგორც კი ჩემი წყაროსაგან ეს შემაშფოთებელი ინფორმაცია მივიღე, მაშინვე მურმან დუმბაძეს დავუკავშირდი და ამ ყველაფერზე კომენტარი ვთხოვე.

ჩემსა და მურმან დუმბაძეს შორის ინტერვიუ პარასკევს, 12 სექტემბერს შედგა, ანუ ორი დღით ადრე მანამ, სანამ "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო მას პარტიიდან გარიცხავდა.

14 სექტემბერს, როცა პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ამცნო, მურმან დუმბაძე პარტიიდან გარიცხულია, ჩვენი გაზეთი თითქმის დასასტამბად იყო მზად, მაგრამ მაინც მოვასწარი მურმან დუმბაძესთან დაკავშირება და პარტიიდან გარიცხვის თაობაზე მისი კომენტარის ჩაწერა:

- როცა პოლიტსაბჭოს სხდომაზე შევედი, დავსვი საკითხი - საქართველოს ცენტრალური მთავრობის იმ წევრების მიერ, რომლებიც იმავდროულად პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრებიც არიან, იქნებოდა თუ არა მხარდაჭერილი აჭარის მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურა?

ამაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მიპასუხა, ეს პროცედურა ნაციონალების მიერ არის ინსპირირებული, ქვეყანაში მოსალოდნელია დესტაბილიზაცია, რასაც უცხეოთიდან სააკაშვილი უკეთებს ორგანიზებას და თქვენც ამ გეგმაში მონაწილეობთო!

ამაზე ირაკლი ღარიბაშვილს ვუთხარი, თქვენ თუ ასე ფიქრობთ, მაშინ ჩვენ ვერ შევთნახმდებით-მეთქი, რაზეც მიპასუხა - თუ ასეა, მაშინ თქვენ პარტიიდან გარიცხული ხართო!

მე ვუთხარი - თქვენ დააგვიანეთ ჩემი გარიცხვა, რადგან ორი დღის წინათ "ასავალ-დასავალს" ინტერვიუ მივეცი, სადაც ვთქვი, რომ, თუ თქვენ მხარს არ დაუჭერდით აჭარის მთავრობის გადაყენებას, მაშინ მე პარტიას და უმრავლესობას დავტოვებდი, ასე რომ, თქვენ კი არ გამრიცხეთ, მე თვითონ მივდივარ-მეთქი!

ახლა კი უცვლელად გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც მურმან დუმბაძემ "ქართული ოცნებიდან" მის გარიცხვამდე ორი დღით ადრე მომცა.

- ბატონო მურმან, სანამ დიქტოფონს ჩავრთავდი, მე თქვენ დეტალურად გადმოგეცით ის ინფორმაცია, რაც ჩემმა წყარომ მომაწოდა. რისი თქმა შეგიძლიათ ამ ყველაფერზე?

- რაც აჭარის რეგიონში ხდება, ეს არის არა პოლიტიკური, არამედ -ონსტიტუციური საკითხი! დიახ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაზე კონტროლს აწესებს აჭარის უმაღლესი საბჭო. თუ მთავრობა უმაღლეს საბჭოს ხელს უშლის კონტროლის განხორციელებაში, ასეთ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოს სრული უფლება აქვს, აჭარის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადოს! აი, ეს ხდება დღეს აჭარაში!

ახლა რაც შეეხება იმას, რომ, თურმე, მურმან დუმბაძე შეხვდა ვარშალომიძეს, თითქოს რაღაც პიკანტური ვიდეო არსებობს, ეს არის ყურით მოთრეული თემა და იმ ადამიანებს, ვინც თქვენ ეს ამბავი მოგიტანათ, მე ვთხოვ, თუ რამე აქვთ, გამოააშკარავონ და დადონ!

ლევან ვარშალომიძე ბოლოს ვნახე 2012 წლის 28 ოქტომბერს, როცა ბატონი არჩილ ხაბაძე, აჭარის მთავრობის დღევანდელი თავმჯდომარე, მე და ქალბატონმა მანანა კობახიძემ, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერებმა, წარვადგინეთ და ვარშალომიძემ მას კბაინეტის გასაღები გადასცა!

- თქვენი და ვარშალომიძის შეხვედრაზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ მას თქვენი ძმა შეხვდა თურქეთში...

- ეს აბსოლუტური ტყუილია! აბსოლუტურ გარანტიას გაძლევთ, რომ ჩემი ძმა ვერ შეხვდებოდა ლევან ვარშალომიძეს თურქეთში! იყო თუ არა ჩემი ძმა თურქეთში, არ ვიცი, არც ის ვიცი , იყო თუ არა იქ ლევან ვარშალომიძე. ერთმანეთს თუ შეხვდნენ, პლიტიკურ საკითხებზე ჩემი ძმა არ მუშაობს, ის არ არის საჯარო მოხელე, ის არის ძალიან მაღალი კლასის ბიზნესმენი, რომელსაც ხელს უშლიდნენ ასლან აბაშიძის დროსაც, ვარშალომიძის დროსაც და არც ახლა "ქართული ოცნების" დროს ელოლიავებიან!

კიდევ ვიმეორებ, თუ ვინმეს რამე ვიდეოჩანაწერი აქვს, გამოაქვეყნონ! თუ არ გამოაქვეყნებენ, მაშინ ვინც თქვენ ეს ამბავი მოგიტანათ, ის კაცი იქნება ცრუ!

ვარშალომიძე ჩემი გამოტანილია იმ კაბინეტიდან! დიახ, მე მოვუგე ვარშალომიძეს და არამარტო ბიძინა ივანიშვილმა, ეს პირდაპირ უნდა დაწეროთ!

ნუ ფიქრობთ, რომ "ქართული ოცნების" წარმატება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა!

- თქვენ გგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება შესაძლებელი იყო?

- 1 ოქტომბრის გამარჯვება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება თუ არის, მაშინ მთელ საქართველოში 75-ვე მაჟორიტარული ოლქი "ქართულ ოცნებას" უნდა მოეგო! რატომ მოიგო მხოლოდ ამის ნახევარი? რატომ ვერ მოიგო ბიძინა ივანიშვილმა ყველგან?!

ჩვენ არ უნდა დავუკარგოთ ბიძინა ივანიშვილს დიდი დამსახურება 1 ოქტომბრის გამარჯვებაში, მაგრამ დამსახურება არ უნდა დავუკარგოთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც უწყვეტად იბრძოდნენ ყველა რეჟიმის წინააღმდეგ!

პირადად მე და ჩემი ოჯახი ვიბრძოდით კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი, ჩვენ უწყვეტად ვიბრძოდით ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღდმეგ და უწყვეტად ვიბრძოდით სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

- თუ არ ვცდები, ე.წ. "აჭარის რევოლუციის" შემდეგ თქვენ სააკაშვილმა ხელვაჩაურის რაიონის გამგებლად დაგნიშნათ.

- დიახ, ვაღიარებ რომ დამინიშნა და 18 დღის განმავლობაში ვიყავი ხელვაჩაურის გამგებელი, მაგრამ 18 დღის თავზე ოფიციალური განცხადება გავაკეთე და ნაციონალურ მოძრაობას გავემიჯნე! უფრო მეტიც, უზარმაზარი წვლილი მაქვს შეტანილი სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლაში!

- როგორ ფიქრობთ, ეს დაპირისპირება, რაც დღეს აჭარაში "ქართული ოცნების" ორ ფრთას შორის არსებობს, ნაციონალების წისქვილზე არ ასხამს წყალს?

- ვერანაირად ვერ ვიტყოდი, რომ აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება ნაციონალების წისქვილზე ასხამს წყალს! აჭარის მთავრობა უნდა გადადგეს კორუფციული გარიგებების გამო, ქონების არასწორი მართვის გამო, კომპეტენციათა არგამიჯვნის გამო, უუნარობის გამო!

თუ ამ პროცესში ნაციონალური მოძრაობაც დაგვიჭერს მხარს, მე მათ წიხლს ვერ ვკრავ!

- აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა და მისი ნდობით აღჭურვილი პირია. ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე თქვენც გენდოთ და პირადად გადაწყვიტა "ქართულ ოცნებაში" თქვენი მიღების საკითხი. არ გიჩნდებათ უხერხულობის განცდა, რომ დღეს თქვენ ბიძინა ივანიშვილის კადრს არჩილ ხაბაძეს უპირისპირდებით?

- ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილისგან ნდობის გამოცხადება ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, მაგრამ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჩემი დასახელება ბიძინა ივანიშვილისა და კოალიციის მხრიდან არ მომხდარა!

- აბა, ვისი მხრიდან მოხდა, თქვენ ხომ "ქართული ოცნებიდან" გახდით მაჟორიტაორი დეპუტატი?

- კოალიციის შიგნით ბათუმის მაჟორიტარობაზე საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო და ეს საკითხი ძალიან მარტივად გადაწყდა - სოციალური კვლევა ჩატარდა და მე დამაჯერებლად მოვუგე კანდიდატობის დანარჩენ პრეტენდენტებს. ასე რომ, მე სოციოლოგიური კვლევის შედეგად დავსახელდი მაჟორიტარობის კანდიდატად და არა ბიძინა ივანიშვილისა და კოალიციის სურვილით!

რაც შეეხება არჩილ ხაბაძეს, მას ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ იცნობდა. როცა ჩვენ 1 ოქტომბრის არჩევნები მოვიგეთ, ბიძინა ივანიშვილმა, როგორც მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, მე დამავალა აჭარის მთავრობის ფორმირება!

ახლა თქვენ ამას პირველად გეუბნებით, ეს არის ექსკლუზივი - აჭარის მთავრობის სამი მინისტრი დავასახელეთ მე და ჩემმა გუნდმა - ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და განათლების. მეოთხე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრზე, ძალიან ბევრი ვიფიქრე და მოვძებნე ისეთი ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანდო იქნეობდა, რადგან იგი "ქართუ ბანკის" ბათუმის ფილიალის მმართველი იყო. ეს გახლდათ არჩილ ხაბაძე.

- მერედა, ბიძინა ივანიშვილი თავისი ბანკის მმართველს არ იცნობდა?

- პირადად არ იცნობდა. პირველი შეხვედრისას ორჯერ ჰკითხა, ხაბაძე ხარ თუ ხაბაზიო? შემდეგ კოალიციაში ისეთი გადათამაშება მოხდა, რომ ხაბაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ნაცვლად, მთავრობის თავმჯდომარედ "გაიქაჩა".

მინდა გითხრათ, რომ მე ხაბაძეს მაშინვე არ დავუჭირე მხარი მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე და ბატონ ბიძინასაც პირდაპირ ვუთხარი ამის შესახებ, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ აჭარის რეგიონის პოლიტიკურ ლიდერობას ვერ შეძლებდა! დამტკიცდა კიდეც, რომ ხაბაძე ვერ გახდა რეგიონის პოლიტიკური ლიდერი, იგი სუსტი მმართველი აღმოჩნდა!

თქვენ იცით, ვინ დანიშნა ხაბაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად?

- არ ვიცი, ვინ დანიშნა?

- დანიშნა თავისი ძალიან ახლობელი პიროვნება ბალაძე! ეს ბალაძე 2012 წლის 1 ოქტომბრამდე იყო სამშენებლო კომპანია "ანაგის" ფინანსური მენეჯერი. ეს ის სამშენებლო კომპანიაა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების" სათავო ოფისი თბილისში, ერეკლე მეორის მოედანზე, სამშენებლო ღობით შემორაგვა და "ქართულ ოცნებას" შიგნთი შესვლის საშუალებას არ აძლევდა!

აი, ახლა გეკითხებით, მე ვარ გარიგებული ნაციონალურ მოძრაობასთან და ხაბაძე - არა? ეს ხომ აბსურდია.

აჭარის ყველა რაიონის საკრებულოში "ქართული ოცნების" კვოტით შეიყვანეს ადამიანები, რომლებიც 1 ოქტომბრამდე ნაცმოძრაობის ზონდერები იყვნენ და 2012 წლის 4 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილი ბეშუმში რომ ჩამობრძანდა, მასზე ფიზიკურად თავდასხმას ცდილობდნენ!

- გასაოცარ რამეს ამბობთ, შეგიძლიათ, კონკრეტული მაგალითები დაასახელოთ?

- 2012 წლის 4 აგვისტოს ბეშუმში ბიძინა ივანიშვილისა და მის თანმხლებთა დარბევას ვინც ცდილობდა, ის კაცი დღეს ხულოს რაიონის საკრებულოში "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარეა!

- რა გვარია ეს კაცი?

- ეს არის გელაძე! ასევე 2012 წლის 4 აგვისტოს ბეშუმში ბიძინა ივანიშვილს ვინც არბევდა და შანტაჟს უწყობდა - ზოიძე - შუახევის რაიონის საკრებულოში "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე გახდა!

ახლა ვინ არის გარიგებული ნაციონალურ მოძრაობასთან?! მე იმის წინააღმდეგიც ვიყავი, რომ "ქართულ ოცნებას" ბათუმის მერად გიორგი ერმაკოვი დაესახელებინა!

- ერმაკოვის წინააღმდეგი რატომღა იყავით?

- ერმაკოვი არ იქნება ცუდი მერი, იგი ენერგიული კაცი ჩანს, მაგრამ ახალაიასთან დაახლოებული პირი იყო და დღესაც ლევან ვარშალომიძის ოჯახთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს, მისი ძმის მეგობარია დღესაც!

უნდა გითხრათ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგაც ერმაკოვს ფოტოები აქვს გადაღებული ვარშალომიძის ძმასთან! მაჩვენონ ჩემი ძმის სურათი ვარშალომიძესთან! ვერ მაჩვენებენ!

ბათუმის მერია ნაციონალური მოძრაობის კადრებით გაიჭედა. მაგალითად, ერმაკოვმა ბათუმის ვიცე-მერად დანიშნა ადამიანი, რომელმაც 2007 წლის 7 ნოემბრის მეორე დღეს გამოსცა განკარგულება ჩემი საგანმანათლებლო კომპიუტერული ცენტრის დაყადაღების შესახებ, იმის გამო, რომ მე 2007 წლის 7 ნოემბრის აქციებში ვმონაწილეობდი და თბილისში აჭარიდან ჩასულ ოპოზიციის აქტივისტებს ვხელმძღვანელობდი!

ჯაბა ხუბუა

გაზეთი "ასავალ-დასავალი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა