ირაკლი ღარიბაშვილი - პრეზიდენტთან ურთიერთობების ამგვარ გაუარესებას არც მე მოველოდი

ირაკლი ღარიბაშვილი - პრეზიდენტთან ურთიერთობების ამგვარ გაუარესებას არც მე მოველოდი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილი, თვითონაც არ მოელოდა პრეზიდენტთან ურთიერთობების ამგვარ გაუარესებას. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისადმი გამოთქმული კრიტიკის კომენტირებისას განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც გიორგი მარგველაშვილს არ აქვს კომუნიკაცია არც მთავრობასთან და არც პარლამენტთან და თავისი ამბიციების გამო სასაცილო ხდება.

"მე ძალიან განვიცდი ამ საკითხს. რომ გითხრათ, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობ, მოგატყუებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, სამწუხაროა ის, რაც ხდება, რაც ვიხილეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ისევე, როგორც ბატონი ბიძინა არ მოელოდა, არც მე არ მოველოდი ამას, ამგვარ გაუარესებას ურთიერთობების, მაგრამ თუ ყველა თავის საქმეს გააკეთებს და ერთმანეთს, როგორც მინიმუმ, ხელს არ შევუშლით, ეს ყველაფერი დარეგულირდება. მე მჯერა, რომ პრეზიდენტიც, პარლამენტიც, მთავრობაც, სასამართლოც, მედიაც, ყველანი ვიმუშავებთ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში. თუ ყველა გავაკეთებთ ჩვენს საქმეს, მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება ამ ქვეყანაში. ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ჩავერიოთ. ეს არის ყველაზე მთავარი. თუ ჩავერევით ერთმანეთის საქმეებში, მაშინ ხდება კონფლიქტი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მარგველაშვილს, ამბიციებს უღვივებენ და სასაცილო მდგომარეობაში ვარდება ქვეყანა და თვითონაც.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აკეთებენ იმას, რაც უნდათ გააკეთონ, თუმცა პრეზიდენტ მარგველაშვილის აშკარა მხარდაჭერას ისინი არ გამოხატავენ, რომ ფონი არ გააფუჭონ.

"ცდილობენ, როგორმე დაიახლოვონ. ორი-სამი ადამიანი, თავს ექსპერტს რომ უწოდებს და რეალურად ელემენტარული ანალიზის უნარი არ აქვთ, მიეტმასნენ მარგველაშვილს (ადრე მთავრობაში იყვნენ და იქ თავიანთი ადგილი ვერ იპოვეს). თითქოს პრეზიდენტის ინსტიტუტის გამაგრებას ცდილობენ, რეალურად კი ერთი სამსახურს ეძებს, მეორეს თავისი ადგილი ვერ უპოვია, მესამეს კიდევ რაღაც უნდა... ისინი დათვურ სამსახურს უწევენ მარგველაშვილს, ამბიციებს უღვივებენ და სასაცილო მდგომარეობაში ვარდება ქვეყანა და თვითონაც. პირველ რიგში ეს პრეზიდენტ მარგველაშვილის იმიჯს აზიანებს. ცალკე საკითხია სასახლის თემა. მე სპეციალურად არ ვაღვივებ ამას, ველოდები, რას იზამს საზოგადოება, მასმედია. ეკონომიკური ხასიათის კითხვებია. 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობისაა სასახლე, მას (მარგველაშვილს) რეალურად სჭირდება 3 ათასი. 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სასახლე უკავია - გადაამრავლეთ, იმ უბანში ერთი კვადრატული მეტრის გირაობა რა ღირს და ნახავთ, რომ 2-3 მილიონი დოლარი ზედმეტი იხარჯება. მე არ მინდა ამის გაღვივება, თუმცა ეს ყველაფერი მიწყნარებულია იმის გამო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ასე აწყობს", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა