თეა წულუკიანის კრიტიკა გიორგი მარგველაშვილს

თეა წულუკიანის კრიტიკა გიორგი მარგველაშვილს

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის შეფასებით, პრეზიდენტი კონსტიტუციურად ყველაზე კომფორტულ მდგომარეობაშია და სწყინს, რომ მან ეს როლი ვერ მოირგო. "ზღვა პასუხისმგებლობები გვაქვს მინისტრებს და ზღვა პასუხისმგებლობები აქვს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრეზიდენტი არის კონსტიტუციურად უფრო კომფორტულ მდგომარეობაში და მე მწყინს, რომ მან ეს როლი თუ როლები ვერ მოირგო, მაგრამ მჯერა, რომ ეს შეიცვლება ძალიან მალე", - განაცხადა წულუკიანმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში".

მინისტრის თქმით, პირადი წყენა და საქმე ყველამ უნდა განასხვაოს და ქვეყნისთვის, მისი წინსვლისთვის იმუშაოს. "პრეზიდენტს ყველა საფუძველი აქვს იმისთვის, რომ იყოს კონსტიტუციურ კომფორტში. კერძოდ, პრეზიდენტზე წერია კონსტიტუციაში ის, რაც არავიზე არ წერია, ეს არის "გამაერთიანებელი". ჩვენ გვყავს დასაბრუნებელი არა მხოლოდ ტერიტორიები, არამედ ხალხი - ახალი თაობა ოსების თუ აფხაზების, რომლებიც გაუცხოების რეჟიმში არიან და მათ დაბრუნებაზე მთავრობასთან ერთად პრეზიდენტმა უნდა იმუშაოს. პრეზიდენტი არის ქვეყნის ერთიანობის გარანტი და მისი ვალია (მთავრობა ამას ვერ იზამს, ვერ გააკეთებს, ვერ გაწვდება) გააკეთოს ის, რასაც სხვა მის ადგილზე ვერ შეძლებს – გააბას ხიდები, იფიქროს მთავრობასთან ერთად როგორ დავიბრუნოთ ეს ხალხი. პრეზიდენტის როლია უზრუნველყოს სახელმწიფო სტრუქტურების ნორმალური ფუნქციონირება, ეს გულისხმობს იმას, რომ მან ამ მიმართულებით, იმისთვის, რომ მექანიზმებმა ერთმანეთთან კარგად იმუშაოს, გამაადვილებელი, ხელშემწყობი როლი ითამაშოს და არა, ვთქვათ, ჯინში მდგარი, განაწყენებული ადამიანის. პირადი წყენა და საქმე უნდა განვასხვაოთ, სახელმწიფო და პირადი უნდა გავმიჯნოთ და ვიმუშაოთ მხოლოდ ქვეყნისთვის, მისი წინსვლისთვის. არის კიდევ სხვა თემები, მაგალითად, როდესაც ვიღაცა გაბედავს და ღორის თავს ჩამოკიდებს მედრესეზე, მე ვფიქრობ, პრეზიდენტმა უნდა ითამაშოს გამაერთიანებლის როლი, ის უნდა იყოს შემრიგებელი, რადიკალური ჯგუფების ერთად დამსმელი, ვინაიდან მთავრობა ამ შემთხვევაში არის ის, ვინც უნდა მოიქცეს დამსჯელივით - მოიკვლიოს ვინ გააკეთა ეს და დასაჯოს. მე ისიც ვიცი, რა არ უნდა აკეთოს პრეზიდენტმა, მაგალითად, როცა მასთან მიდის მთავრობის რომელიმე წევრი უცხოელ სტუმართან ერთად, უცხოელი სტუმრის თანდასწრებით მთავრობის წევრი ღიად არ უნდა დაამციროს", - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, ჭრელი "ქართული ოცნება" მათი სიმდიდრეა. "დღეს ხალხმა იცის, რომ ელიტური კორუფცია არ არის, მინისტრები არ მუშაობენ საკუთარ თავზე და მთავრობა არ არის კლანი. "ნაციონალური მოძრაობა" იყო კლანი. დღეს ჩვენ ვართ საკმაოდ ჭრელი გუნდი, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ვამბობდი, რომ ჭრელი "ქართული ოცნება", ჭრელი კოალიცია ეს არის ჩვენი სიმდიდრე და როცა მავანი საუბრობს იმაზე, რომ შეიძლება ხელისუფლების მონოპოლიზაცია მოხდეს, არის არასწორი, რადგან უფრო მეტი სიჭრელე და შიდადემოკრატია ჩვენს კოალიციაში რომ არის, მე არ მინახავს. ეს კარგია", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

წულუკიანის თქმით, დღეს "ქართული ოცნების" კოალიციაში, როგორც არასდროს აუცილებელია, რომ ყველა ერთად იყვნენ. "ამას ვამბობ პრეზიდენტის გასაგონად და სხვების გასაგონადაც. ჩვენ ერთად მოვედით ხელისუფლებაში – ჩვენ უთანასწორო ბრძოლა გავიარეთ და დავდეთ სიცოცხლე სასწორზე. რადგან ვერდიქტი "ნაციონალურ მოძრაობას" გამოუტანა ხალხმა, ამ ვერდიქტის ერთგული, ნება უნდა ვიბოძოთ და დავრჩეთ ბოლომდე", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა