სქემა, რომლითაც მურმან დუმბაძე პრეზიდენტსა და ნაციონალებთან ერთად აჭარას ხელში ჩაიგდებს

სქემა, რომლითაც მურმან დუმბაძე პრეზიდენტსა და ნაციონალებთან ერთად აჭარას ხელში ჩაიგდებს

გაზეთი "ვერსია" სქემის შესახებ წერს, რომლითაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე პრეზიდენტსა და ნაციონალებთან ერთად აჭარას ხელში ჩაიგდებს. 

ერთ დროს "ოცნების" მაჟორიტარი ბათუმში, მურმან დუმბაძე კიდევ ერთი პარტიიდან კიდევ ერთხელ გარიცხეს და ახლა, საპარლამენტო უმრავლესობა მისი ვიცე-სპიკერობიდან გადაყენებაზე მსჯელობს. სწორედ ეს იყო უმრავლესობის სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომლის შემდეგ გაკეთებული განცხადებებიც მოწმობს, რომ ბათუმელ დუმბაძეს გუნდში არც იმდენი მხარდამჭერი ჰყავს, რამდენსაც თავად ითვლის. ამ დროისთვის შეჩერებულია აჭარის მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურაც, რომლის დაწყების ინიციატორი, აჭარის სამ დეპუტატთან ერთად, სწორედ "ოპოზიციის ფლაგმანი" გახლდათ. ყოფილი გუნდი მხოლოდ ერთი შეფასებით შემოიფარგლება - არაერთი გარფთხილების მიუხედავად, აჭარის მთავრობაზე გავლენის მოპოვება სურდა და ამიტომ გაირიცხაო. პირდაპირ რომ ვთქვათ, მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობის მეთაურთან, ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილ პირთან, არჩილ ხაბაძესთან ბრძოლას შეეწირა.

ფაქტია, "ოცნების" გუნდიდან ყველა დუმბაძის წინააღმდეგ ილაშქრებს ერთი გამონაკლისის გარდა. ამ ბოლო დროს კი, ეს ერთი გამონაკლისი თითქმის ყოველთვის პრეზიდენტია. ასეა ახლაც - გიორგი მარგველაშვილს დუმბაძის პოლიტბატალიებზე კომენტარი არ გაუკეთებია. სამაგიეროდ, თავად მურმან დუმბაძემ ღია ეთერითაც და თითქმის ყველა საგაზეთი კომენტარშიც საინტერესო რამ აღნიშნა პრეზიდენტის შესახებ და პირადი სიმპათია ამგვარად დაუდასტურა: "გიორგი მარგველაშვილი ქართველი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია. თუ თქვენ მოგწონთ კაცი, მეც უნდა მომწონდეს და თუ აღარ მოგწონთ, მეც აღარ უნდა მომწონდეს?". პოლიტიკაში იშვიათია უსასყიდლო ქათინაურები და თუ კონსტიტუციაში ჩავიხედავთ, მივხვდებით, რომ ამ ქათინაურის ფასი საკაოდ მაღალია. მურმან დუმბაძეს კი იმდენი პოლიტიკური გამოცდილება ნამდვილად აქვს, ვითარება სწორად შეაფასოს. მან იცის, რომ რეალურად, აჭარაში მიმდინარე პროცესებში ვერც დავით უსუფაშვილის პარლამენტი და ვერც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა მიიღებს მონაწილეობას, ყოველ შემთხვევაში, კანონის დონეზე. ერთადერთი რეალური ბერკეტის მქონე, კონსტიტუციის ძალით, პრეზიდენტი მარგველაშვილია.

შესაბამისად, ამ განცხადებებით, დუმბაძემ პრეზიდენტს თავი წინასწარ მოუქონა - ვინძლო, დასჭირდეს?! და თუ მოვლენები იმ სცენარით განვითარდება, რასაც "აჭარის რევოლუცია" ჰქვია და რისი ნიშნებიც უკვე გვაქვს, მარგველაშვილ-დუმბაძე, ერთ გუნდში რატომაც არ უნდა მოვიაზროთ? თანაც, ამ ორიდან ერთი უკვე ოფიციალურ, მეორე კი არაოფიციალურ ოპოზიციაშია და მოქმედ ხელისუფლებას ორივე კონკურენტად განიხილავს. ეს სქემა უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ასეთ სურათს ვიღებთ: ვიცე-სპიკერმა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყო და აჭარის საბჭოს სამი დეპუტატი - ჯემალ ფუტკარაძე, მედეა ვასაძე და ალექსნადრე ჩიტიშვილი აიყოლია. ოთხივე დეპუტატი, დუმბაძიანად, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს. დუმბაძე კი ამბობს, ჩემი წასვლა "ოცნების" ფრაქციის დაშლას გამოიწვევს, როგორც ეს ბათუმელი რესპუბლიკელების რიგებში მოხდაო. ე.ი. მურმან დუმბაძე რაღაც პოცესისთვის მხარდამჭერებს აგროვებს. ეს პროცესი კი არ უნდა იყოს, თუ არა ამ წუთას შეჩერებული უნდობლობის პროცედურა? კანონით, თუ მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადება ოფიციალურად დაიწყება, უმაღლესმა საბჭომ მაქსიმუმ 30 დღის ვადაში, დეპუტატების ორი მესამედის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს, რათა მთავრობა გადააყენოს. თუკი პროცედურის დაწყებიდან ერთ კვირაში არჩილ ხაბაძე, აჭარის მთავრობის მეთაური თანამდებობიდან გადააყენებს, ვთქვათ, ორ მინისტრს, უმაღლესი საბჭოს მთავრობის გადაყენების პროცედურას ვეღარ გააგრძელებს, ხოლო ხაბაძე საბჭოს ახალ მთავრობას წარუდგენს.

იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საბჭო ახალ მთავრობას ზედიზედ ორჯერ ჩააგდებს, თამაშში პრეზიდენტი შემოდის. დღეს გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ერთადერთი კაცია, ვისაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დათხოვნა შეუძლია. აი, რატომ ეპირფერება პრეზიდენტს დუმბაძე და ისიც გასათვალისწინებელია, რომ ორივეს პოლიტიკური წარსული, რაღაც დოზით, სახალხო კრებასაც უკავშირდება.

აქ უკვე მარტივი არითმეტიკაა საჭირო იმის დასათვლელად, რა შანსები აქვთ მურმან დუმბაძის მხარდამჭერებს. დღეს დუმბაძის მომხრეები უმცირესობაში არიან, მაგრამ ნაციონალებსაც ხომ აქვთ ხმები? რატომაა გამორიცხული, დუმბაძემ ნაციონალების თამაში ითამაშოს ხმათა საჭირო რაოდენობის მოსაპოვებლად? უმაღლესი საბჭოს უნდობლობის საკითხის დაყენებას სულ 7 ხმა სჭირდება, ამ პროცედურული ომის მოსაგებად კი 14 ხმაა საჭირო. დუმბაძე, თავის ამალიანად, 4 გარანტირებულ ხმას ფლობს, ნაციონალებს უმაღლეს საბჭოში 8 ხმა აქვთ და ახლა დუმბაძე-ნაციონალები, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, 2 დეპუტატს ვეღარ გადაიბირებენ, თან, თუ საქმეში პრეზიდენტიც ჩაერთვება?

სქემაც მშვენივრად ლაგდება - ათვალწუნებული გიორგი მარგველაშვილი, ოპოზიციის ფლაგმან დუმბაძესა და ნაციონალებთან ერთად, აჭარის სათავეში.

მურმან დუმბაძე კი საკმაოდ ჭკვიანი კაცია და ისიც იცის, რომ შეიძლება ხმათა ორი მესამედი ვერც შეაგროვოს, რაც მთავრობის დასათხოვადაა საჭირო, მაგრამ ფაქტია, ვერც უმაღლესი საბჭო გააგრძელებს არსებობას, თუკი ახალ მთავრობას არ დაამტკიცებენ. 12 ხმა კი ამისათვის სრულიად საკმარისია. ასეთია აჭარაში მოვლენათა განვითარების საკმაოდ რეალური სცენარი და არც ისაა გამორიცხული, განდევნილი მურმან დუმბაძე, ცოტა ხანში, გიორგი მარგველაშვილის მთავარი მოკავშირე გახდეს!