ჩაშლილი ვიზიტი, გასაჯაროებული მიმოწერა და დაკარგული ნდობა - პრეზიდენტისა და მთვარობის დაპირისპირების დეტალები

ჩაშლილი ვიზიტი, გასაჯაროებული მიმოწერა და დაკარგული ნდობა - პრეზიდენტისა და მთვარობის დაპირისპირების დეტალები

პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირება მწვავდება. "კვირის პალიტრასთან" ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ გაეროში პრეზიდენტ მარგველაშვილის ვიზიტის ჩაშლის საკითხმა ქვეყანაში ყველა თემა გადაფარა. სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა დღეს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, ურთიერთბრალდებებით არის დაკავებული. დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლიმატის ცვლილებების სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სახელზე გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მიწვევა თებერვალში გამოაგზავნა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მხოლოდ ივნისში აცნობა. დღესვე საჯარო გახდა მიმოწერა პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილის სახით საგარეო უწყებას გაეროში, კლიმატის ცვლილებების სამიტში მონაწილეობის თაობაზე თანხმობა 7 ივლისს დაუდასტურა, რასაც სამინისტროდან 8 ივლისს საპასუხო წერილი მოჰყვა იმის თაობაზე, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაემგზავრებოდა.

ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო უწყებას შორის მიმოწერა კიდევ რამდეჯერმე განხორციელდა, სადაც, ერთი მხრივ, ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაცია ირწმუნებოდა, რომ გიორგი მარგველაშვილს სამიტში მონაწილეობის უფლება ჰქონდა და ვიზიტის მომზადებაში მაია ფანჯიკიძის უწყებას დახმარებას სთხოვდა, მეორე მხრივ კი, სამინიტრო განმარტავდა, რომ გაეროში ორი დელეგაციის გამგზავრება ქვეყნის იმიჯს დააზიანებდა.

მიმოწერის გამოქვეყნებას სახელმწიფოსთვის დამაზიანებელ ნაბიჯად აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაია ფანჯიკიძე ასევე აცხადებს, რომ კლიმატის სამიტზე მიწვევა მიხეილ სააკაშვილის სახელზე იყო გამოგზავნილი.

"როგორ შეიძლება, ორ უწყებას შორის მიმოწერა იყოს გასაჯაროებული ისე, რომ მეორე მხარემ ეს არ იცოდეს. თანაც, საიდან უვარდება ხელში, ეს მიწერ-მოწერა "რუსთავი 2"-ს, თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან? თანაც, რატომ არ აქვეყნებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხებს მათ მიერ მოწერილ პასუხებზე, სადაც არგუმენტირებულია, რატომ არ მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის ვიზიტზე. რაც შეეხება მოწვევას და იმ ბრალდებას, თითქოს თებერვალში მიღებული მოწვევა საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ ივნისში გადაუგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას. 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა მხოლოდ კლიმატის სამიტზე, საქართველოს მისიამ მიიღო 14 მარტს და ეს მოწვევა იყო მიხეილ სააკაშვილის სახელზე. ესეც აჩვენებს იმას, რამდენად ფორმალურია ეს მოწვევა. როდესაც მისიამ გაუგზავნა ინფორმაცია გაეროს იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახლა უკვე იყო გიორგი მარგველაშვილი, ამას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდა და 30 მაისს მიიღო საგარეო უწყებამ ახალი მოწვევა უკვე მარგველაშვილის სახელზე, რომელიც მას გადაეგზავნა 5 ივნისს, ანუ სულ რამდენიმე დღეში. ამ პერიოდში იყო შაბათ-კვირა და ამ მოწვევის გადაგზავნა არ შეფერხებულა. პარალელურ რეჟიმში საქართველომ მიიღო მოწვევა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დელეგაციას უხელმძღვანელებდა პრემიერ-მინისტრი. როდესაც ჩვენ გადავუგზავნეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას კლიმატის სამიტზე ფორმალური მიწვევა, იქვე შევატყობინეთ, რომ გენერალურ ასამბლეაზე დელეგაცია მიემგზავრებოდა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და შესაბამისად, იგი უნდა დასწრებოდა ყველა გვერდით მოვლენას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ამასთან, ის სთხოვს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და იმ თანამშრომლებს, რომლებიც საგარეო თემატიკაზე მუშაობენ, "ნუ ეწევიან დეზინფორმაციას და თუკი ამბობენ ერთს, თქვან მეორეც და საზოგადოება ნუ შეჰყავთ შეცდომაში და რაც მთავარია, ნუ აზიანებენ სახელმწიფოს ინტერესებს".

"თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაციას დოკუმენტების გასაჯაროების გზით უნდა, ნათელი მოჰფინოს იმას, რა ხდებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ორ უწყებას შორის, მაშინ ძალიან ვთხოვ მათ, ვისაც ეს ეხება, გამოაქვეყნონ ის რეალური მიზეზი, რატომ ვერ მიდის პრეზიდენტი აშშ-ში. მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მოგვიანებით აღნიშნულ თემაზე კომნენტარი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმაც გააკეთა.

"თუ რატომ ჩაიშალა, ამის მიზეზი ჰკითხეთ ბატონ თენგიზ ფხალაძეს, მან ეს ძალიან კარგად იცის. ვიზიტი შედგება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არის ორივე მხარის თანხმობა. ერთი არის სურვილი, რომ გაემგზავრო, ხოლო მეორე არის სურვილი მიმღები მხარის, რომ მიგიღოს. მე მეტს არაფერს ვიტყვი, რომ არ დავაზიანო ჩვენი ქვეყნის ინტერესები. დანარჩენი ჰკითხეთ ბატონ ფხალაძეს".

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ არ იციან, "რა რეალური მიზეზების" გამოქვეყნებას ითხოვს მაია ფანჯიკიძე. საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, რომ რა ინფორმაციაც ჰქონდათ, უკვე გაავრცელეს.

ზალკალიანი ასევე აბსურდად მიიჩნევს სამინისტროს დადანაშაულებას იმაში, თითქოს გაერო-ს არ აცნობეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია.. ჟურნალისტის შეკითხვაზე, მისი შეფასებით, ყველა გაუგებრობა გაეროს უკავშირდება თუ არა, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ "რა თქმა უნდა, ეს არის გაეროს სამდივნოს შეცდომა".

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღესვე გამოაქვეყნა გაერო-ს გენერალური მდივნის წერილი გიორგი მარგველაშვილის სახელზე, რომელიც 25 თებერვლით არის დათარიღებული. ადმინისტრაციის მიერ წერილის გამოქვეყნებას საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სააკაშვილის სახელზე შეცდომით გამოგზავნილი წერილის გამოქვეყნება და სპეციალური განცხადება მოყვა. საგარეო საქმეთა სამინისტრო იმის დამადასტურებელ დოკუმენტებსაც ასაჯაროებს, რომ გაერო საქართველოში პრეზიდენტის შეცვლის თაობაზე ინფორმირებული იყო. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა გიორგი მარგველაშვილის სახელზე, მის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით, გაეროს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის მიერ გამოგზავნილი მისალოცი წერილი, რომელიც დათარიღებული 2013 წლის 25 ნოემბრით.

კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მისამართით გეროში ვიზიტთან დაკავშირებით გაისმა – დავით ზალკალიანი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აშშ-ში გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრების დაგეგმვას და მომზადებას როგორც საგარეო, ისე სხვა შესაბამისი უწყების, მათ შორის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე ცდილობდა. ბრალდება კატეგორიულად უარყო ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა და განაცხადა რომ ფინანსთა და სხვა შესაბამისი სამინისტროები როგორც მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმირებული იყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთდაპირისპირება მხოლოდ გაეროს სამიტის თემით არ შემოიფარგლება. მაია ფანჯიკიძემ გიორგი მარგველაშვილი არაკოლეგიალურ დამოკიდებულებაშიც დაადანაშაულა. ფანჯიკიძე ამის დასტურად უელსის სამიტს იხსენებს და აცხადებს, რომ მინისტრებს არც ერთ იმ შეხვედრაში არ მიაღებინეს მონაწილეობა, რომლებზეც წინასწარ ჩაწერილები იყვნენ.

"როდესაც მოწვევა არის ფორმატით "ერთი პლუს ერთით", ეს ყოველთვის საერთაშორისო დიპლომატიურ ენაზე გულისხმობს დელეგაციის ხელმძღვანელის და საგარეო საქმეთა მინისტრის დასწრებას. არც ერთ ასეთ ფორმატში მე მონაწილეობა არ მიმიღია უელსის სამიტის დროს, რადგან აბსოლუტურად აშკარა იყო, რომ ჩემი თანხლება პრეზიდენტს არ სიამოვნებდა თუ არ მიაჩნდა მიზანშეწონილად – ვერ გეტყვით, რა იყო ამის მოტივაცია, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო", - განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა რომ აღნიშნულის გამო კოლეგებთან ურთიერთობის შესაძლებლობები ვერ გამოიყენა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფანჯიკიძის ამ ბრალდებასაც ოპერატიულად გამოეხმაურა და უარყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მტკიცებით, უელსის სამიტის ფარგლებში არც ერთ ქართველ მინისტრს კომუნიკაციის და შეხვედრებში მონაწილეობის პრობლემა არ ჰქონია.

"უელსიდან ჟურნლისტებისთვის მიმდინარეობდა ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდება და არსებობს არა ერთი სურათი თუ ვიდეომასალა იმასთან დაკავშირებით, ვინ მონაწილეობდა შეხვედრებში. საგარეო საქმეთა მინისტრს იქ ნამდვილად არ ჰქონია კომუნიკაციის და შეხვედრაზე დასწრების პრობლემა, ისევე როგორც არც ერთ მინისტრს. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია რაზეა ლაპარაკი. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის პროგრამას და ნახოთ, რამდენ შეხვედრაში მონაწილეობდა საგარეო საქმეთა მინისტრი. იქ იყო ფორმატები, სადაც იგულისხმებოდა მხოლოდ პრეზიდენტის ყოფნა, მაგრამ გაფართოებულ ფორმატში, საგარეო საქმეთა თუ სხვა მინისტრების მონაწილეობის პრობლემა არ ყოფილა", - განაცხადა ფხალაძემ.

როგორ გაგრძელდება ურთიერთობა პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის უცნობია. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეფასებით, მათ შორის "ნდობა დაიკარგა".

ნათია ლეშკაშელი

იხილეთ ვიდეო:  მოწვევა სააკაშვილის სახელზე, მარგველაშვილის ნაცვლად - "ეს არასდროს არ მითქვამს და ახლა უნდა ვთქვა"

"პრეზიდენტმა მინისტრები შეხვედრებს არ დაგვასწრო" - მაია ფანჯიკიძე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა