ერიკ რუბინი - როდესაც ყოფილ პრეზიდენტზე ვსაუბრობთ, ვშიშობთ, რომ ეს საქმე დააზიანებს საქართველოს ძალისხმევას, იაროს წინ

ერიკ რუბინი - როდესაც ყოფილ პრეზიდენტზე ვსაუბრობთ, ვშიშობთ, რომ ეს საქმე დააზიანებს საქართველოს ძალისხმევას, იაროს წინ

გვაწუხებს ის, რომ ამდენი ყურადღება და ენერგია იხარჯება წარსულზე, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინმა "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.  ერიკ რუბინმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენების შესახებ და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შესახებ კითხვებს უპასუხა. დეპარტამენტი განცხადებაში საქართველოს მთავრობას იმ რისკების შესახებ აფრთხილებდა, რომლებიც, შესაძლოა, პოლიტიკურმა დევნამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუქმნას.

"გვაწუხებს ის, რომ ამდენი ყურადღება და ენერგია იხარჯება წარსულზე. ჩვენი შესაფასებელი არ არის სპეციფიკური საქმეები, მაგრამ მიგვაჩნია, რომ როდესაც ყოფილ პრეზიდენტზე, დღეს კი მნიშვნელოვან ოპოზიციურ ფიგურაზე ვსაუბრობთ, ვშიშობთ, რომ ეს საქმე, საბოლოო ჯამში, დააზიანებს საქართველოს ძალისხმევას, იაროს წინ და შექმნას ნამდვილი დემოკრატია. ასეთია საერთო სურათი. ჩემთვის, როგორც ამერიკელისათვის, ვფიქრობ, მიზანშეწონილი არ არის ამაზე შორს წასვლა", - განაცხადა ერიკ რუბინმა.

მისივე თქმით, განცხადებები, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა, გულისხმობდა მეგობრულ რჩევებს და ის არ იყო ლექცია, ინსტრუქცია, ან ჩარევა გადაწყვეტილებებში, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის მისაღებია.

რუბინის თქმით, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტის წინაშე დგას.

"გადასადგმელია მორიგი ნაბიჯები, რომელიც საქართველოს აქტიურ, თავისუფალ და ღია საზოგადოებამდე მიიყვანს. ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა. ქართველებმა მიღწეულით უნდა იამაყონ. ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია მიუკერძოებელი სასამართლოს სისტემა, ვალდებულია, აღასრულოს კანონი. ამგვარად, ჩვენ არ ვცდილობთ, რაიმე მოგახვიოთ თავს. მაგრამ მნიშვნელოვანად მიგვაჩნია იმის აღნიშვნა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ეთანხმებიან ქვეყნის არჩეულ კურსს და ქართველ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, რაც გულისხმობს დასავლეთში ინტეგრაციას, ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას და ღია საზოგადოების შექნას, უკლებლივ ყველა ერთად უნდა დადგეს - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ვერ თანხმდებიან სხვა საკითხებზე და არჩევნებზე ერთმანეთის პოლიტიკური ოპონენტები არიან. შექმნილ ვითარებაში, ესაა ერთადერთი გზა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმემ თავი მოგვაჩვენოს, თითქოს უთანხმოებები გაქრა და ყველა ყველას მეგობარია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საჭიროა ეროვნული თანხმობა ზოგიერთ საკვანძო საკითხში. მეორე საკითხია ის, რომ ნამდვილ დემოკრატიაში აუცილებელია ოპოზიცია და ნამდვილი დებატები პარლამენტში. გამოვხატეთ შეშფოთება, რომ თუ ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობის მიმართ დაიწყება გამოძიება და სამართლებრივი დევნა, აღარ იარსებებს ძლიერი ოპოზიცია და ეს დააზარალებს დემოკრატიას. როგორც აღვნიშნე, ესაა რჩევა - არა გაფრთხილება და არც არაფერი იმაზე მეტი, რაც ვთქვი. იმედი გვაქვს, ქართველები გაიხედავენ წინ და არა უკან და რამდენადაც შესაძლებელია, გაერთიანდებიან, რათა ერთად მიაღწიონ დასახულ მიზანს", - განაცხადა ერიკ რუბინმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა