უილიამ ლაჰიუ - თქვენ ყველაზე შორს ხართ იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც სურთ, ნატო-ს წევრები გახდნენ

უილიამ ლაჰიუ - თქვენ ყველაზე შორს ხართ იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც სურთ, ნატო-ს წევრები გახდნენ

"კვირის პალიტრა" საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, უილიამ ლაჰიუს უელსის სამიტის შედეგებსა და საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე ესაუბრა:

- ვფიქრობ, ყველა იზიარებს იმ აზრს, რომ უელსის სამიტი იყო წარმატებული და, შეიძლება ითქვას, ისტორიულად მნიშვნელოვანი სამიტი. მომსწრე ვართ რუსეთსა და ნატოს ურთიერთობაში ისტორიული ცვლილებისა. რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში შეცვალა მსოფლიო უსაფრთხოების გარემო და ცხადყო, რომ რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს ალიანსის წევრი ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის.

- ბევრი ფიქრობს, რომ 2008 წლის ომი იყო გაფრთხილება, რომელიც დასავლეთმა ყურად არ იღო და ჯეროვანი რეაგირების შემთხვევაში, დასავლეთს დღეს არ მოუწევდა უკრაინის მოვლენებზე თავის ტეხა.

- ეს ლეგიტიმური ანალიზია, თუმცა, იმაზე, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ჯობს, ექსპერტებმა იმსჯელონ. თუმცა, თუ კონკრეტულ ფაქტებს მოვიხმობთ, ცხადია, ის სტრატეგია და ტაქტიკა, რომელიც რუსეთმა კავკასიაში გამოიყენა, უკრაინაში დაიხვეწა. კიდევ ერთი: 2008 წელს ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის არ არსებობდა კონსენსუსი, თუ როგორ და ვინ დაიწყო ომი, მაშინ, როცა უკრაინაში სავსებით აშკარაა, რაც მოხდა. და მაინც, თავიდან უკრაინის საკითხშიც ბევრი რამ გაუგებარი იყო - რუსები დაოსტატდნენ, ასეთ სიტუაციებს ისე წარმოაჩენენ, თითქოს კონფლიქტი ადგილობრივ ძალებს შორის მოხდა, არადა ეს ყველაფერი რუსეთის მოწყობილი იყო.

- შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც ყველაფერი რუსეთმა მოაწყო და ოსი ხალხის ნება, რაზეც კრემლი ასე გაცხარებით აპელირებს, არაფერ შუაშია?

- ეს არ მომხდარა მხოლოდ იმიტომ, რომ ოსებს ასე სურდათ. ვიცი, არსებობს ხალხი, რომელიც აცხადებს, სროლა ქართველებმა დაიწყესო, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი მზად იყო და მიზნად სწორედ ეს ჰქონდა.

- სამიტის ისტორიული მნიშვნელობა ახსენეთ. სამიტის შედეგები საქართველოსთვისაც ისტორიულია?

- საქართველოსთვის ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. ახალი პაკეტი გამიზნულია თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ამჟამად ხელთ გაქვთ ბერკეტები, რომლებიც არა აქვთ სხვა, მათ შორის დანარჩენ ასპირანტ ქვეყნებსაც კი: ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია და ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

- თუმცა, ახალ დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეთანხმების საბოლოო მიზანი ნატოს წევრობა არ არის. რატომ ასეთი უეცარი ცვლილება? ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ საქართველომ ნატოსა და მის წევრ ცალკეულ ქვეყნებთან, მაგალითად, აშშ-თან გაძლიერებულ პარტნიორობაზე უნდა აიღოს გეზი, წევრად გახდომის ამბიცია კი დაივიწყოს?

- ეს საქართველოს გადასაწყვეტია. თუმცა, ცხადია, რომ ნატო კვლავაც მყარად მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და სწორედ ამის დემონსტრირებაა ეს პაკეტიც, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კუთხით ნატოსთან ინტეგრაციაში დაეხმარება. რაც შეეხება ბუქარესტის სამიტზე მიღებულ დოკუმენტს, სადაც ნათქვამია, რომ შემდეგი ნაბიჯი მაპ-ი უნდა იყოს, მინდა შეგახსენოთ, რომ თავისთავად მაპ-იც არ იძლევა უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტიას. მაპ-ი ნატოს ქარტიის მე-5 მუხლი არ არის.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა