ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს შტაბბინაში სიტყვით გამოვიდა

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს შტაბბინაში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს შტაბბინაში მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე (ICPD) სიტყვით გამოვიდა.

როგორც პრემიერმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ეს სხდომა ტარდება იმ დროს, როდესაც მსოფლიო მთელი რიგი კრიტიკული გამოწვევების წინაშე დგას. "ეს გვავალდებულებს ახალი ენერგიითა და ძალისხმევით შევუდგეთ მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) დღის წესრიგის განხორციელებას, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევისათვის და ჩვენი 2015 წლის შემდგომი განვითარების პროგრამის განსაზღვრისათვის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაშ ICPD სამოქმედო პროგრამის მიღების შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ICPD-ის დღის წესრიგის რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულების განვითარება-ხელშეწყობის კუთხით. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღესდღეობით მოსახლეობასთან დაკავშირებული პროგრამები და დღის წესრიგი ძალზე წარმატებული აღმოჩნდა. მშობიარობისას გარდაცვლილი ქალების რაოდენობა შემცირდა, ხდება უფრო მეტი არასასურველი ორსულობის პრევენცია, გაფართოვდა ახალგაზრდების შესაძლებლობები. თუმცა, გაცილებით უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.

"ჩემი ქვეყანა მუშაობს მთელ რიგ ინიციატივებზე, რომლებიც ორიენტირებულია ჩვენს მოსახლეობაზე ზრუნვასა და მისი კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე. გასულ წელს ყველაზე მინიშვნელოვანი მოვლენა იყო მთავრობის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყება, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს თითოეული მოქალაქე ამბულატორიული, სტაციონარული და გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო მომსახურების საბაზისო პაკეტით", - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს, ასევე აქვს ყოვლისმომცველი სოციალური დაცვის სტრატეგია, რომლის ძირითადი აქცენტები მიმართულია ღარიბი და სოციალურად დაუცველი ადამიანების დაცვასა და ხანდაზმულ ასაკში სიღარიბისაგან დაცვაზე. მისი განცხადებით, ახლად დაარსებული სახელმწიფო და კერძო სექტორის მომცველი სოლიდარობის ფონდი მოახდენს არასაბიუჯეტო რესურსების მობილიზაციას სოციალურად ყველაზე დაუცველი მოსახლეობის მხარდასაჭერად.

"2013 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა მოახდინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება. შემდგომ, 2014 წლის იანვარში, საქართველოს მთავრობამ მიიღო ახალი სამოქმედო გეგმა შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფის შესახებ. ჩემმა ქვეყანამ განახორციელა რამდენიმე საკანონმდებლო და ინსტიტუციური ინიციატივა ადამიანის უფლებათა სფეროს მოსაწესრიგებლად, 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის, 2014-2015 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ახალი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ჩათვლით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც საკუთარ გამოსვლაში პრემიერმა აღნიშნა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დევნილების საკითხი. "კონფლიქტის რამდენიმე ტალღის გამო საქართველოში 450,000-ზე მეტი ადამიანია იძულებით გადაადგილებული. დღემდე დარღვეულია მათი საკუთარ სახლებში, წარმომავლობის ადგილებში დაბრუნების უფლება, რადგან ვერ კმაყოფილდება მათი უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები. მთავრობის ძირითად მიზნად რჩება დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, ვიდრე შესაძლებელი არ გახდება მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ჩვენ ამჟამად ვახორციელებთ რამდენიმე სხვადასხვა გეგმას მოცემული მიზნის მისაღწევად", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ მნიშვნელოვანი მიღწევების მიუხედავად, გასაკეთებელი კიდევ ბევრი რჩება. "ჩვენ არ გვავიწყდება გამოწვევები, რომლებიც ჯერ კიდევ დასაძლევია, რათა გაუმჯობესდეს ჩვენი ხალხის ცხოვრების დონე, უზრუნველყოფილ იქნეს თანასწორობა და სამართლიანობა, დაცული იყოს გარემო მომავალი თაობებისათვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიზიარებთ იმ აზრს, რომ აუცილებელია დასკვნების გადახედვა. ჩემი ქვეყანა ამაყობს იმით, რომ უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ICPD-ის სამოქმედო პროგრამის მიმართ და მზად არის ამ ძალისხმევაში შემდგომი წყვლილის შესატანად", - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა