სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში სირიელი მეამბოხეების გაწვრთნა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოში არ იგეგმება არავითარი საწვრთნელი ცენტრის გახსნა და არც სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა კოალიციის ფარგლებში. ამასთან, ვაცხადებთ, რომ საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რისი დასტურიც არის ჩვენი მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში. რაც შეეხება IS-ის ("ისლამური სახელმწიფოს") წინააღმდეგ შექმნილ კოალიციას, საქართველოს მონაწილეობა ძირითადად შემოიფარგლება ჰუმანიტარული მისიებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კოალიციის ფარგლებში საქართველოდან არც სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა და არც საწვრთნელი ცენტრის შექმნა არ იგეგმება, - ნათქვამია განცხადებაში.

Foreign Policy აქვეყნებს სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველომ აშშ-ს სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა.

"საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და ნატოსთან ყველაზე თავსებადი ქვეყანა, განიხილავს თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას (ISIS)) ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში. საერთაშორისო პარტნიორებთან და კოალიციის წევრებთან ერთად განიხილება სხვადასხვა გზები ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და დემოკრატიულ განვითარებას. მოკავშირეებთან ერთად განხილული არც ერთი ვარიანტი არ შეიცავს ქართული საჯარისო დანაყოფების მივლინებას საომარი მოქმედებების ზონაში. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე",-ნათქვამია განცხადებაში.

საქართველკოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე Foreign Policy-სთან ადასტურებს, რომ საქართველომ აშშ-ს სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა. როგორც ამერიკული გამოცემა წერს, აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველომ აშშ-ის სირიელი ამბოხებულების საწვრთნელი ცენტრის განთავსება შესთავაზა, სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ აშშ-ის წარმოებული თავდასხმების ფარგლებში.

სტატიის მიხედვით, თანხმობის შემთხვევაში შეთავაზება შესაძლოა დაემატოს თეთრი სახლის არსებულ გეგმას, ხუთიათასი სირიელი მეამბოხის გაწვრთნის შესახებ მომავალ წელს, საუდის არაბეთში იმ ექსტრემისტების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებიც ახლა ერაყისა და სირიის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს როლს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შექმნილ კოალიციაში, რადგან აშშ-მა და მისმა არაბმა მოკავშირეებმა სირიაში არსებული სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების განხორციელება დაიწყეს.

"საწვრთნელი ცენტრის გახსნა ჩვენ შევთავაზეთ, თუმცა ეს საკითხი კვლავ განხილვის ქვეშაა", - ციტირებს გამოცემა აშშ-ში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის კომენტარს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, გაურკვეველი რჩება საქართველოში გასამართი საწვრთნელი პროგრამის პოტენციური მასშტაბი, თუმცა, ამერიკულ გამოცემას არჩილ გეგეშიძემ განუცხადა, რომ შესაძლოა ამ პროგრამის ფარგლებში საქართველომ უმასპინძლოს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და არა - მხოლოდ სირიიდან. "ეს იქნება კონტრტერორისტული საწვრთნელი ცენტრი ნებისმიერი ეროვნებისთვის", - ციტირებს გამოცემა არჩილ გეგეშიძის სიტყვებს.

სტატიის თანახმად, სექტემბერის დასაწყისში, თბილისში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა შეთავაზება ქართველი მაღალჩინოსნებისგან მიიღო.

"ჩაკ ჰეიგელის ვიზიტისას საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას და რომელიც არ არის "მთავარი კოალიციის" წევრი, სადაც დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, კანადა, ავსტრალია, იტალია, პოლონეთი და დანია შედიან", - ნათქვამია სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ პენტაგონი არ აკეთებს კომენტარს, მიიღო თუ არა ამერიკულმა მხარემ ქართული მხარის წინადადება ან როდის იქნება მიღებული გადაწყვეტილება ამ საკითხზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც, სადაც ნათქვამია, რომ თუ რა ფორმით მიიღებს საქართველო მონაწილეობას ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყდება

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა