სააკაშვილი ღირსების ორდენებს კვლავ არიგებს (+ვიდეო)

სააკაშვილი ღირსების ორდენებს კვლავ არიგებს (+ვიდეო)

ცოტა ხნის წინ ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ მოქალაქეს ღირსების ორდენს გადასცემს. სააკაშვილის თქმით, ეს ადამიანი 2008 წელს რუსეთისა და ოკუპაციის წინააღმდეგ აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო. ყოფილი პრეზიდენტი ასევე დასძენს, რომ მისი პრეზიდენტობის ბოლოს ეს ადამიანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა, თუმცა მხოლოდ ახლა შეძლო მისი გადაცემა - დღემდე ეს ორდენი ექს-პრეზიდენტის მეგობრის სეიფში ინახებოდა. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ღირსების ორდენის ლაურეატების ვინაობა ვერ დავადგინეთ. ამ თემაზე კომენტარი საქართველოს პარლამენტის წევრს ლევან ბერძენიშვილის ვთხოვეთ:

- რა კომენტარი შეიძლება ამაზე გაკეთდეს?! გადამდგარი კაცისაგან პრეზიდენტობანას თამაში ძალიან არასერიოზულია. ძალიან სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს და ეს არ ეკადრება მიხეილ სააკაშვილის დონის პოლიტიკოსს. შესაძლოა, ის ბევრ რამეში ცდებოდა, მაგრამ მას რაღაც კლასი ნამდვილად ჰქონდა. სააკაშვილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ქართველი პოლიტიკოსი იყო. ასეთი საქციელით აკნინებს თავის თავს და სახლობანას თამაშის დონეზე დადის ამხელა კაცი.

- სააკაშვილის ეს საქციელი ღირსების ორდენს არ აკნინებს?

- ეს საქციელი ყველაფერს აკნინებს, მათ შორის, მეც და თქვენც და რაც მთავარია, ჩვენ ქვეყანას. გარდა ამისა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ანიჭებენ ღირსების ორდენს, რადგან თუ პარტიული სიით გაიცემა ორდენები, ეს ძალიან ცუდია. მაგრამ, ბუნებრივია, მოიძებნება ბევრი ღირსეული ადამიანიც. სხვათა შორის, ამჟამად ყველაზე ცნობილი ის ხალხია, ვინც ამ ორდენზე უარი თქვა და არ ისინი, ვინც ეს ორდენები მიიღეს.

სააკაშვილი ძალიან უყურადღებოდ ექცევა ასეთ ფაქტებს, საერთოდ არ ადარდებს შედეგები. ადრე პიარი იყო თუ სახელმწიფო სამსახური მიშას უპასუხისმგებლო საქციელს მალავდა და ახლა უკვე მას ვეღარავინ აკონტროლებს. ის მართალია კერძო პირია, თუმცა მეტი დაფიქრება მართებს. პატარა ბავშვი აღარაა, ბოლო-ბოლო ორგზის იყო საქართველოს პრეზიდენტი და წესით გამოცდილება უნდა ჰქონდეს მიღებული. ის კრიტიკა, რომელსაც ის მიიღებს ამ ფაქტთან დაკავშირებით, შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს მისთვის. მას აუცილებლად ეტყვიან, რომ არასწორად იქცევა. ამას მარტო ჩვენ არ ვამბობთ, ეჭვიც არ მეპარება, მიშას ამაზე მისი ყოფილი და ახლანდელი მეგობრებიც მიუთითებენ.

- ეს ქმედება სააკაშვილის მხრიდან პრეზიდენტის თანამდებობის ერთგვარი ნოსტალგია ხომ არ იყო?

- რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ იცის მონატრება. ამაზე შესანიშნავი ნაშრომი დაგვიტოვა ვაცლავ ჰაველმა. ხელისუფლება ძალიან დიდი ცდუნებაა, ისეთი დიდი ადამიანისთვისაც კი, როგორიც ვაცლავ ჰაველი იყო, ცდუნება იყო და რა გასაკვირია, რომ ეს პრობლემა სააკაშვილს ჰქონდეს.

ლადო გოგოლაძე

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა