მინისტრებისა და მათი მოადგილეების საბანკო სესხები - ჩინოვნიკების ვალები

მინისტრებისა და მათი მოადგილეების საბანკო სესხები - ჩინოვნიკების ვალები

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" მინისტრებისა და მათი მოადგილეების საბანკო სესხების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას 2014 წლის მარტში 200 000 აშშ დოლარის იპოთეკური, ასევე სხვადასხვა პერიოდში, 70 000 აშშ დოლარისა და 42 500 ლარის ოდენობის სესხები აქვს აღებული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ბანკ "ქართუში" 2012 წლის ნოემბერში 120 ათას აშშ დოლარის მოცულობის სესხი აქვს დამტკიცებული. სესხის გადასახდელად მინისტრს ქონებრივ დეკლარაციაში 1 586 აშშ დოლარი (დაახლოებით 2 800 ლარი) აქვს მითითებული, რაც მისი ყოველთვიური ანაზღაურების 56%-ია.

შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს ასევე იპოთეკური სესხი, რომლის მოცულობაც 140 000 აშშ დოლარს შეადგენს, "საქართველოს ბანკში" აქვს რეგისტრირებული. თავად ბანკის კალკულატორის მიხედვით, მინისტრს თვეში დაახლოებით 1 700 აშშ დოლარის (დაახლოებით 2 600 ლარი), ანუ ხელფასის 52%-ის გადახდა უწევს.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარს სესხი 2013 წლის მარტში, "ქართუ ბანკში" აქვს აღებული. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 140 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხით მან თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე 187 კვ.მ. ფართობის ბინა შეიძინა, რომლის მესაკუთრედაც სუბარის მეუღლეა მითითებული. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, მსგავსი ოდენობის სესხზე თვეში გადასახადი დაახლოებით 1 700 აშშ დოლარი (დაახლოებით 2 600 ლარი), ანუ მინისტრის ყოველთვიური ხელფასის 52% უნდა იყოს.

გარდა მინისტრებისა, ორგანიზაცია მათი მოადგილეების საბანკო სესხების შესახებაც აქვეყნებს ინფორმაციას. მაგალითად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილე დიმიტრი მახათაძეს 315 000 აშშ დოლარის იპოთეკური სესხი აქვს აღებული, რომელიც 2012 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს. მას წლის განმავლობაში, სესხის გასავლად ქონებრივ დეკლარაციაში 21 584 აშშ დოლარი აქვს მითითებული, რაც თვეში დაახლოებით 1,798 (დაახლოებით 3,150 ლარი) აშშ დოლარია. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, ეს მინისტრის მოადგილის ოფიციალური ანაზღაურების 106%-ია.

სესხი აქვს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილსაც. 2013 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მას 190 000 აშშ დოლარის იპოთეკური სესხი აქვს მითითებული, რომელიც 2010 წლიდან მოქმედებს. სესხის წლიური გასავალი, თავად მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 33 189 აშშ დოლარს (თვეში დაახლოებით 4 800 ლარი) შეადგენს. ეს თანხა მისი ოფიციალური ყოველთვიური ანაზღაურების 175%-ია.

ამასთან, ორგანიზაცია სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის საბანკო სესხთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც ასაჯაროებს და განმარტავს, რომ ზურაბ აზმაიფარაშვილის სახელზე, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2013 წლის აგვისტოდან 275 000 ლარის სესხია რეგისტრირებული. "თი-ბი-სი ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული კალკულატორის თანახმად, მსგავსი ოდენობის სესხზე ყოველთიური გადასახდელი დაახლოებით 3 500 ლარია, რაც აზმაიფარაშვილის ყოველთიური ხელფასის 118%-ია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მიხეილ ჯანელიძის სახელზე 2013 წლის ნოემბრიდან 260 000 ლარის და 28 600 აშშ დოლარის ოდენობის სესხებია რეგისტრირებული. 260 000 ლარის ოდენობის სესხზე ყოველთვიური გადასახადი დაახლოებით თვეში 2 600 ლარია, რაც მინისტრის მოადგილის ხელფასის 95%-ია.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილზე 2014 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 164 000 აშშ დოლარის ღირებულების სესხია რეგისტრირებული, მის მეუღლეზე კი ჯამში 195 000 აშშ დოლარი. ყველა ეს სესხი გალეგაშვილი თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2010 და 2012 წლებშია აღებული. ამ სესხების გასავალი, დეკლარაციების მიხედვით, ჯამში წელიწადში დაახლოებით 63,000 აშშ დოლარია. ეს თვეში დაახლოებით 9,185 ლარია, რაც მინისტრის მოადგილის ყოველთვიურ ხელფასს სამჯერ აღემატება (337%).

როგორც ცნობილია, მინისტრების ხელზე ასაღები ყოველთვიური შემოსავალი, დანამატის ჩათვლით, 5 000 ლარია. მინისტრის პირველი მოადგილე ხელფასის სახით 2,950 ლარს იღებს, მინისტრის მოადგილე კი - 2,720 ლარს, თუმცა, ამ ანაზღაურებას, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა პრემიები დაემატოს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა