ვინ არის ყველაზე მაღალშემოსავლიანი საქართველოს მინისტრთა კაბინეტში - ჩინოვნიკების საბანკო ანგარიშები და უძრავი ქონება

ვინ არის ყველაზე მაღალშემოსავლიანი საქართველოს მინისტრთა კაბინეტში - ჩინოვნიკების საბანკო ანგარიშები და უძრავი ქონება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ" ქონებრივი დეკლარაციების საფუძველზე, რამდენიმე მინისტრისა და მათი მოადგილეების მიერ გასულ წელს მიღებული შემოსავლებიც დათვალა.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას და მისი მეუღლის შემოსავალი სხვადასხვა ანაზღაურებადი საქმიანობიდან წინა წლის - 2013 წლის განმავლობაში, 120 000 ლარამდე იყო, რაც თვეში, დაახლოებით 10 000 ლარს შეადგენს. დეკლარაციაში არ არის მითითებული დანელიას შემოსავალი მინისტრის ან მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან, რადგან დეკლარაცია მის ამ თანამდებობებზე ყოფნის პერიოდებს არ მოიცავს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში დანიშვნამდე დანელია შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო და 2013 წელს ამ თანამდებობაზე მისი ანაზღაურება 81 070 ლარს შეადგენდა. დანელია ოთხი სხვადასხვა კომპანიის მეწილეა, თუმცა სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავალი დეკლარირებული არ აქვს. მისი დეკლარირებული დანაზოგი ნაღდი ფულის სახით 7000 აშშ დოლარსა და 4000 ლარს შეადგენს, ასევე ის ფლობს 6,500 აშშ დოლარისა და 1,500 ლარის ოდენობის თანხას საბანკო ანგარიშებზე.

მინისტრის ქონებას 2014 წელს თბილისში თაბუკაშვილის ქუჩაზე 161.84 კვ.მ. ფართობის ბინა, დაბა შინდისში 600 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და 265 კვ.მ. ფართობის მშენებარე სახლი შეემატა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში, წინა (2012) წლის შემოსავლად 34 709 ლარი აქვს მითითებული, რაც, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ვარაუდით, წლის ბოლო ორ თვეზე ნაწილდება, რადგანაც კვირიკაშვილი 2012 წლის ოქტომბრის ბოლოდან დაინიშნა თანამდებობაზე. ამას გარდა, მინისტრს დეკლარირებული აქვს 9300 ლარი ნაღდი ფული და 3700 ლარი ნაშთი საბანკო ანგარიშზე. გარდა ამისა, კვირიკაშვილმა 2012 წელს 155 000 ლარის და 55,000 აშშ დოლარის შემოსავალი უძრავი ქონების გაყიდვიდან მიიღო.

2014 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ წინა წელს მიღებული შემოსავალი სხვადასხვა ანაზღაურებადი საქმიანობიდან დაახლოებით 67 000 ლარი იყო, რაც თვეში 5 580 ლარია. ჭიკაიძემ 2013 წლის ნოემბერშივე თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე 293 კვ.მ. ფართობის მშენებარე ბინა 169 000 აშშ დოლარად შეიძინა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა 2012 წელს, ჯამში, 30 527 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც, თვეში, საშუალოდ, 2 543 ლარია. ამას გარდა, მინისტრს და მის მეუღლეს საბანკო ანგარიშებზე 7 200 ლარი და 600 აშშ დოლარი აქვთ დეკლარირებული.

რაც შეეხებათ მინისტრების მოადგილეებს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძეს, 2013 წლის და 2014 წლის დეკლარაციებში დაახლოებით 240 000 ლარის შემოსავალი აქვს დეკლარირებული (ეს შემოსავლები მან 2012 და 2013 წლებში მიიღო), როგორც მინისტრის მოადგილეს კი 2014 წლის დეკლარაციის მიხედვით - 45 595 ლარი (ეს 2013 წლის მანძილზე მიღებული შემოსავალია). მას და მის მეუღლეს ასევე დეკლარირებული აქვთ ნაღდი ფული - 7 500 აშშ დოლარი, 5 000 ლარი და 8 000 ევრო, ასევე, დაახლოებით 2 000 ლარი ნაღდი ფული.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილისა და მის მეუღლეს წინა წლის შემოსავლებში სხვადასხვა ანაზღაურებადი სამუშაოდან დაახლოებით 111 000 ლარი აქვთ მიღებული. ხუციშვილის დეკლარაცია არ ასახავს მისი, როგორც მინისტრის მოადგილის შემოსავლებს, რადგან დეკლარაცია მის დანიშვნამდე პერიოდს მოიცავს. მინისტრს და მის მეუღლეს ასევე დეკლარირებული აქვთ თანხა საბანკო ანგარიშებზე - 18,296 ევროს ოდენობით.

2013 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილს გასული წლის შემოსავლებში დაახლოებით 38 000 ლარი აქვს დეკლარირებული. აზმაიფარაშვილს და მის მეუღლეს თანხები საბანკო ანგარიშებზეც აქვთ დეკლარირებული - დაახლოებით 32 000 ლარი, 17 380 აშშ დოლარი, 8 057 ევრო და 40 000 სინგაპურული დოლარი (დაახლოებით 32 000 აშშ დოლარი.)

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძეს 2012 წელს დეკლარაცია შევსებული აქვს, როგორც მინისტრის ყოფილ მოადგილეს, 2013 წელს კი - როგორც მოქმედს. იმავე დეკლარაციაში ჯანელიძეს და მის მეუღლეს, მეუღლის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით, ჯამში დააახლოებით 147 000 ლარის შემოსავალი აქვს დეკლარირებული. მათ საბანკო ანგარიშებზე კი დეკლარირებულია დაახლოებით 7 000 აშშ დოლარი და 47 000 ლარი.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილს, 2014 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, როგორც მინისტრის მოადგილეს წლის მანძილზე 62 288 ლარი აქვს მიღებული. მას 127 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულიც აქვს დეკლარირებული, საბანკო ანგარიშებზე კი დაახლოებით 6 000 აშშ დოლარი და 5 500 ლარი.

2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში, გალეგაშვილს სამეწარმეო საქმიანობიდან 130 000 ლარის შემოსავალი აქვს მითითებული, 2014 წლის დეკლარაციაში კი სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მას მითითებული აღარ აქვს. გალეგაშვილი ორი კომპანიის - შპს "კომპანია კ 2"-ის და შპს "ჰერიოს" მეწილეა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა