რატომ ტოვებენ ეკა ბესელიას კომიტეტს თანამშრომლები

რატომ ტოვებენ ეკა ბესელიას კომიტეტს თანამშრომლები

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის აპარატის კომიტეტში ძველი თანამშრომლებიდან თითქმის აღარავინ დარჩა. კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ეკა ბესელიას მისვლის შემდეგ – 2012 წლიდან დღემდე, კომიტეტი თანამშრომელთა უმრავლესობამ დატოვა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის აპარატში ბესელიას 10 თანამშრომელი დახვდა და ძველი კადრებიდან ახლა მასთან მხოლოდ სამი მუშაობს.

კადრების ასეთი მასშტაბური და შეიძლება ითქვას, რომ რეკორდული გადინება 2012 წლის მოწვევის პარლამენტის არც ერთ სხვა კომიტეტსა თუ დეპარტამენტში არ მომხდარა, მით უფრო იმ ფონზე, როცა პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადასვლის გამო, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა აპარატის არა ერთი თანამშრომლისათვის შეუძლებელი აღმოჩნდა და ზოგადად, ბევრმა ამ მიზეზით თქვა პარლამენტში მუშაობაზე უარი. მაგრამ სულ სხვა მიზეზებზე საუბრობენ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტთან დაკავშირებით.

როგორც საპარლამენტო კულუარებში ამბობენ, ამ მხრივ სრულიად განსაკუთრებნული ვითარება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში შეიქმნა. იქ არსებულ სამუშაო გარემოსა და პროცესზე დღესაც აქტიურად საუბრობენ.

თანამშრომლების მიმართ გამომჟღავნებული უარყოფითი დამოკიდებულება, სტრესული გარემო, მძიმე სამუშაო გრაფიკი, დარღვეული შრომითი უფლებები – სწორედ ეს მოტივები სახელდება პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის აპარატიდან თანამშრომელთა წასვლის ძირითად მიზეზად. ამასთან, პარლამენტში იმასაც ამბობენ, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენიმე პირადი მძღოლიც შეიცვალა. საუბარია დაახლოებით 10 მძღოლზე.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა პარლამენტი პირადი განცხადებებით დატოვეს, მაგრამ როგორც მათთან საუბარში ირკვევა, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მათ კომიტეტში შექმნილმა ვითარებამ აიძულა. კერძოდ, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის გათვალისწინებით, კონკურსის წესით დანიშნული ადამიანების ერთი ხელის მოსმით გაშვება ვერ მოხდებოდა, მაგრამ შეიქმნა პირობები, თავად წასულიყვნენ. პირად საუბრებში ამბობენ იმასაც, რომ კომიტეტის აპარატში გაჩენილი ვაკანსიები ბესელიასთვის სასურველი კადრებით შეივსო.

აღნიშნული საკითხის გარკვევა Ambebi.ge-მ კომიტეტიდან წასულ პირებთან და თავად ეკა ბესელიასთან სცადა.

კომიტეტში ეკა ბესელიას მისვლის შემდეგ შექმნილ გარემოზე ღიად საუბრობს აპარატის ყოფილი თანამშრომელი ანა მჭედლიშვილი.

"სამუშაო გრაფიკი იყო შეუძლებელი და აუტანელი, თანამშრომლის წახალისების ნაცვლად კი, ხდებოდა პირიქით – ეკას მოყვანილ თანამშრომლებს 200%-იანი პრემია ეწერებოდათ, მაშინ როცა ჩვენ საერთოდ ვერ ავიღეთ პრემია. იყო პირად საქმეში საყვედურების გამოცხადება. პირდაპირ თუ ირიბად მიმანიშნებდა, რომ სამსახური დამეტოვებინა და ბოლოს ასეც გადავწყვიტე. ძველი აპარატის თანამშრომლებიდან დარჩა მხოლოდ სამი, მაშინ როცა პარლამენტში 10-წელი ვიმუშავე და ეკას გარდა, ოთხი ხელმძღვანელი გამოვიცვალე. მუშაობა მდივნის პოზიციიდან დავიწყე და ყოველი ხელმძღვანელის მოსვლის შემთხვევაში, ვწინაურდებოდი. კომიტეტის აპარატში არასდროს არანაირ პოლიტიკურ განწყობებს ადგილი არ ჰქონია – ყველა თავის საქმეს მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად აკეთებდა და ყოველი ახალი თავმჯდომარის მოსვლის შემდეგ, სიტუაცია უმჯობესდებოდა. ეკას მოსვლის შემდეგ, პირიქით მოხდა. იყო აუტანელი გრაფიკი იმ მხრივაც, რომ მაგალითად, თათბირები ღამის 12:00 საათზე და უფრო გვიან ტარდებოდა და დილის 10:00 საათზე კი, სამსახურში უნდა ვყოფილიყავით", - განუცხადა Ambebi.ge-ს ანი მჭედლიშვილმა.

"კომიტეტის აპარატში სრულიად არაჯანსაღი და სტრესული გარემო ჩამოყალიბდა", - ამას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის აპარატის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომელმაც აღნიშნულ თემაზე ღიად საუბრისგან თავი შეიკავა.

მძიმე სამუშაო გრაფიკის არსებობაზე გაამახვილა ყურადღება კომიტეტიდან წასულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა ეკა კემულარიამ. მისი თქმით, მისთვის რთული იყო როგორც თბილისიდან ქუთაისში სიარული, ასევე არსებული სამუშაო პირობები, რის გამოც, სამსახურიდან წასვლაზე განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა.

"იყო მინიმუმ 12-საათიანი სამუშაო დღე. ყოფილა საკმაოდ ხშირად, რომ დილის 10 საათზე მისულები, სამსახურიდან ღამის 3-საათზე გავსულვართ. მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც ვფიქრობ, რომ ამის არანაირი აუცილებლობა და საჭიროება არ არსებობდა. რა თქმა უნდა, არსებობს ფორსმაჟორული შემთხვევები, მაგრამ ასეთი შემთხევევა თითზე ჩამოსათვლელი იყო. იყო ღამის 12:00 საათზე გამართული თათბირები. როცა წასვლის თაობაზე განცხადება დავწერე, ეკა ბესელიამ მთხოვა კიდეც, არ წავსულიყავი, მაგრამ მოხდა ისე, რომ სხვა სამსახურიც გამომიჩნდა და წავედი. ჩემს შემდეგ აპარატიდან კიდევ ხუთი თანამშრომელი წავიდა და როგორც ვიცი, რამდენიმე მძღოლი. მათ ალბათ წასვლის სხვა მიზეზები ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ წასული ვიყავი სამსახურიდან, მინიმუმ ერთი თვე დისტანციურად ვეხმარებოდი კომიტეტს. წლის ბოლოსაც კი, საკანონმდელო საქმიანობის გეგმა და ანგარიშის მომზადებაში აქტიური მონაწილეობა მივიღე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე", - აღნიშნა მან.

თავად ეკა ბესელია კომიტეტის აპარატიდან თანამშრომლების წასვლას იმ გარემოებით ხსნის, რომ "კომიტეტს აქვს ზედატვირთვა, რასაც ყველამ ვერ გაუძლო და ფეხი ვერ აუწყო". Ambebi.ge-სთან საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ელენე თევდორაძის თავმჯდომარეობის შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ერთ-ერთ ყველაზე უმოქმედო კომიტეტი გახდა, სადაც არც ერთი მიმართულებით ანგარიში და სტატისტიკა არ მომზადებულა. ამასთან, როგორც ბესელია განმარტავს, იმ რაოდენობის მოქალაქეებისთვის პასუხის გაცემას, რომელიც კომიტეტს მიმართავს, ნორმირებულ სამუშაო პირობებში ვერ შესძლებს.

"პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ნამდვილად აქვს ყველაზე დიდი დატვირთვა. მთელს პარლამენტში შემოსული კორესპოდენციებიდან 49% მხოლოდ ამ კომიტეტში შემოდის. ეს რომ ციფრებში გადავიყვანოთ, 18 ათასზე მეტი განცხადებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომიტეტს და მის აპარატს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. სამუშაო ძალიან მძიმეა. 10-კაციანი აპარატისთვის შეუძლებელია ნორმირებულ დროში გაწვდე და გაუმკლავდე სამუშაოს, როდესაც 18-ათასი განცხადება გაწერია. ყოველდღიურად კომიტეტში 100-150 განცხადება შემოდის და ეს იმას ნიშნავს, რომ ორმაგი დროით, ორმაგი დატვირთვით ვმუშაობთ. ეს პირველივე თვეებში გამოჩნდა. როდესაც კომიტეტის აპარატს შევხვდი, ვთქვი, რომ სამსახურიდან არავინ წავა და არავის ვათავისუფლებთ. წელიწადნახევრის განმავლობაში არ შემიცვლია აპარტის უფროსი და მდივანი, რომელიც ორი წელი იყო. აბსოლუტურად არავინ გამიშვია. ერთ-ერთ თანამშრომელს, ანა მჭედლიშვილს, რომელმაც უხეში დარღვევა ჩაიდინა, ვადაში დავალებას ვერ ასრულებდა, საყვედური გამოვუცხადე. დანარჩებმა, ზოგმა ქუთაისის პირობებს ვერ გაუძლო – მაგალითად ეკა კემულარიამ, რომელსაც პირადად ვთხოვე, არ წასულიყო, ასევე იყო ჩემი კურსელი, რომელიც კომიტეტში დამხვდა და ჯანმრთელობის გამო მუშაობის გაგრძელება ვერ შესძლო. რამდენიმე ადამიანი კომიტეტიდან გადავიდა. მე მათ თავიდანვე ვუთხარი, რომ გვექნებოდა განსაკუთრებული დატვირთვა, ორმაგი სამუშაო და ვინც ამის გამკლავებას შეძლებდა, შესძლებდა. არავისთან პიროვნული პრობლემა არ ყოფილა. თუკი ადამიანი ზარმაცია და ახლობლობით და მეგობრობით არის დანიშნული, ჩემთან სამუშაო პროცესი, ასე ვერ იქნება. ჩემი პრინციპია, რომ სამსახურში საჭიროა მაქსიმალური მობილიზება. ვერავის ვაიძულებ, ღამის 12:00 საათამდე სამსახურში დარჩეს, მაგრამ ვიღაც თუ რჩება, ვცდილობ პრემიით იმ ადამიანის წახალისებას, ხოლო ვიღაც რომ 7-საათზე მიდის და ნაკლებ სამუშაოს ასრულებს, მან პრემია არ უნდა მოითხოვოს" – აცხადებს ბესელია.

ამასთან, ეკა ბესელიას ცნობით, სწორედ აპარატის თანამშრომლების დატვირთვის გამო, მან პარლამენტის თავმჯდომარეს შტატების დამატება სთხოვა და აპარატი დამატებით ხუთი შტატით გაიზარდა.

რაც შეეხება მძღოლების თემას, ამასთან დაკავშირებით ბესელია ამბობს, მან სულ ოთხი მძღოლი შეიცვალა, რადგან ამ რაოდენობის ავარია მოხდა.

ნათია ინაური

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა