ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემმა მთავრობამ უნდა დაიმსახუროს თითოეული ხმა, რისთვისაც ერთგულად უნდა ემსახუროს ხალხს

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემმა მთავრობამ უნდა დაიმსახუროს თითოეული ხმა, რისთვისაც ერთგულად უნდა ემსახუროს ხალხს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამომრჩევლის თითოეული ხმის მოპოვებას დამსახურება სჭირდება, რისთვისაც მთავრობა ხალხს ერთგულად უნდა ემსახუროს.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი მოსთხოვს ხელისუფლებას ანგარიშს და თავის პოზიციას დააფიქსირებს საარჩევნო ყუთებთან.

"ჩემმა მთავრობამ უნდა დაიმსახუროს თითოეული ხმა, რისთვისაც ერთგულად უნდა ემსახუროს ხალხს და უზრუნველყოს ქვეყნის წინსვლა. ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ვნერგავთ კონტროლისა და ბალანსის უფრო ძლიერ მექანიზმებს. ჩვენი ახალი კონსტიტუციით უზრუნველყოფილია აღმასრულებელი ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და მმართველობის ყველა დონეზე გაზრდილი ანგარიშვალდებულება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერმა გაუსვა ხაზი კონკრეტულად პარლამენტის მუშაობასაც და დასძინა, რომ დღეს ნოტარიუსის ფუნქციას აღარ ასრულებს.

"დღეს ჩვენი პარლამენტი მართლაც კანონმდებლის ფუნქციას ასრულებს. ხდება კანონპროექტების წარდგენა, განხილვა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა. კომიტეტებში კი იმართება მოსმენები და მინისტრთა მწვავე კრიტიკა. ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როდესაც პარლამენტი ნოტარიუსის როლს ასრულებდა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ლიდერებისადმი მიმართვისას.

გარდა ამისა, მან ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებათა დაცვა ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით.

"ჩვენთვის არანაკლებ საამაყოა ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედებაც, რომლითაც გაფართოვდა საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებათა დაცვა. ჩვენ აღვადგინეთ კანონის უზენაესობა, რისთვისაც შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო და დავაკანონეთ ბრალდებულთა უფრო ფართო უფლებები. ჩვენ წერტილი დავუსვით ხელისუფლების წარმომადგენელთა დაუსჯელობას და წამებასა და შეურაცხმყოფელ მოპყრობას ციხეებში. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე, არავინ დგას კანონზე მაღალა, ყველა ისარგებლებს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროცესუალური სამართლით.

ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ხელი შევუწყოთ მართლაც ძლიერ, დამოუკიდებელ და ხარისხიან მედიას. სამოქალაქო საზოგადოების მსგავსად, მედიაც არსებითია ძლიერი დემოკრატიისთვის. შეიძლება მე ყოველთვის არ ვეთანხმებოდე იმას, რასაც მედიასაშუალებები ამბობენ და წერენ, მაგრამ მე ყოველთვის ვიბრძოლებ, რომ მათ ჰქონდეთ თავისუფალი სიტყვის უფლება. ეს რეფორმები სარგებელს მოუტანს ჩემი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ჩვენი მიზანია, გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის მეშვეობით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაზე, ევროატლანტიკურ არჩევანზე, ეკონომიკაზე, კანონის უზენაესობაზე, მედიის თავისუფლებაზე, რუსეთთან ურთიერთობასა და უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა. ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ოკუპირებულ რეგიონებზე გაკეთდა.

"ჩემთვის საპატიოა ჩემი ქვეყნის სახელით გამოსვლა გაერო-ში. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიო გახდა საქართველოს განუხრელი ტრანსფორმაციის მოწმე, რომლის მიზანიც არის თავისუფლების, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. უფრო სრულყოფილი და ღია დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე ჩვენ მივაღწიეთ დიდ წარმატებებს და წავაწყდით გამოწვევებსაც. ჩვენ გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფო ვართ, ვიდრე - ოცი წლის წინ და უფრო ძლიერი, ვიდრე ორი წლის წინ. მართალია, სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს, მაგრამ ჩვენ მაინც ახალგაზრდა დემოკრატია ვართ და კიდევ ბევრი შრომა გველის წინ. მე წილად მხვდა ბედნიერება, ვყოფილიყავი ქართველთა ახალი თაობის წარმომადგენელი, რომელიც გაიზარდა ცივი ომის შემდგომ წლებში. მთელი ჩემი ცხოვრება მონაწილე ვარ მნიშვნელოვანი ცვლილებებისა. ჩვენი უდიდესი წინსვლა არის დემოკრატიული ღირებულებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობისადმი ქართველი ხალხის ერთგულების შედეგი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, რადგანაც ჩვენი დემოკრატიული ტრანსფორმაცია რთული პროცესია, არაფერს არ აღვიქვამთ ისე, თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო.

"პრეზიდენტ კენედის თუ დავესესხებით, "ჩვენ ამას ვაკეთებთ არა იმიტომ, რომ ეს იოლია, არამედ იმიტომ, რომ რთულია". რთულ პერიოდში ქართველი ხალხი ქუჩებში გამოდიოდა მშვიდობიანი პროტესტის ნიშნად და აფიქსირებდა თავის პოზიციას არჩევნებში, რათა უზრუნველეყო დემოკრატიული გზის უწყვეტობა. ნება მომეცით, აღტაცება გამოვხატო მათი ენერგიისა და დემოკრატიული პროგრესის მიმართ ერთგულების გამო. მინდა მადლობა გადავუხადო მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ დარბაზში იმყოფებიან, და საერთაშორისო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით კი გაერო-ს, საქართველოს მხარდაჭერისა და ქართველი ხალხის მიმართ გულისხმიერებისათვის. მიუხედავად ყველა გამოწვევისა, რომლებსაც ჩვენ წავაწყდით, საქართველოს მოსახლეობა იმედის თვალით შეჰყურებს მომავალს.

საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა კვლავაც სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს ასრულებს საქართველოს წინსვლაში. მადლობა თქვენ ქართველი ხალხის სახელით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა