"შემოიჭრნენ ხელკეტებით შეიარაღებული "ტიტუშკები", დაიწყეს ჩხუბი და ანგარიშსწორება" - რა ხდება "თავისუფალ ზონასთან"

"შემოიჭრნენ ხელკეტებით შეიარაღებული "ტიტუშკები", დაიწყეს ჩხუბი და ანგარიშსწორება" - რა ხდება "თავისუფალ ზონასთან"

"თავისუფალი ზონის" ოფისთან დაძაბულობაა. რამდენიმე საათის წინ "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თუ დროულად არ მოხდებოდა ფარნაოზ ჭკადუას დაკავება, რომელმაც წინასწარი ინფორმაციით, ჟურნალისტი ზაზა დავითაია სცემა, ისინი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში შეიჭრებოდნენ.

ჟურნალისტი ზაზა დავითაია დღეს საღამოს დაახლოებით 20:00 საათზე სცემეს. მას ნეკნები აქვს დაზიანებული და ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ "თავისუფალ თაობასთან" ერთად ადგილზე იმყოფებოდა გენერალი ტრისტან წითელაშვილი, რომელიც ანი ნადარეიშვილის ცნობით, დაკავებულია.

"თავისუფალ ზონასთან" განვითარებულ მოვლენებზე Ambebi.ge-ს ორგანიზაციის დამაარსებელი კობა ხაბაზი ესაუბრა.

- ოფისთან ფაქტიურად მიმდინარეობს შინაგან საქმეთა მინისტრის, ჭიკაიძის მიერ გამოცხადებული ომი "თავისუფალ ზონასთან". ოფისში შემოიჭრნენ ხელკეტებით შეიარაღებული ტიტუშკები, დაიწყეს ჩხუბი და ანგარიშსწორება. შესაბამისად, ჩვენგან მიიღეს შესაბამისი პასუხი. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვაცნობეთ შსს-ს, რომ ისინი აპირებდნენ ოფისზე თავდასხმას. სამწუხაროდ, შსს-ს რეაგირება არ მოუხდენია. დეპუტატებსაც მივმართეთ. მათ საკუთარი თვალით ნახეს, რა ხდებოდა ოფისში, რადგან დროულად გამოცხადდნენ "თავისუფალი ზონის" ოფისში.

- "ტიტუშკებში" ლადო სადღობელაშვილის "თავისუფალ თაობას" გულისხმობთ?

- არანაირი "თავისუფალი თაობა ეგენი არ არიან, ესენი არიან ივანიშვილის და ღარიბაშვილის მიერ დაქრავებული ტიტუშკები.

- ამბობენ, რომ ადგილზე მობილიზებულია სპეც-რაზმი...

- ჩვენ ვიმყოფებით ოფისში, არ გავდივართ გარეთ, თუ კიდევ შეეცდებიან ოფისში შემოჭრას, მიიღებენ საკადრის პასუხს.

- ამბობენ, რომ თქვენ იარაღით დავხდით ოფისში შემოჭრილ პირებს...

- არასდროს ცხოვრებაში იარაღი არ მიტარებია, არც შევხებივარ. სამშობლოს ისეთ გამყიდველებთან, როგორიც არის ტრისტანა წითელაშვილი, იარაღი არ მჭირდება, მუშტითაც მშვენივრად გავუსწორდები.

Ambebi.ge შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ "თავისუფალი ზონის" ოფისთან ამჯერად მდგომარეობა განმუხტულია.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა