ირაკლი ღარიბაშვილს ევროსაბჭოს რეზოლუციაში ახალაიას და სააკაშვილის თაობაზე გაკეთებული ჩანაწერი საგანგაშოდ არ მიაჩნია

ირაკლი ღარიბაშვილს ევროსაბჭოს რეზოლუციაში ახალაიას და სააკაშვილის თაობაზე გაკეთებული ჩანაწერი საგანგაშოდ არ მიაჩნია

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკუთარ სახელმწიფოსთან ბრძოლის გაგრძელებად აფასებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა.

"ეს არის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია. აქ ძირითადად, გამოხატულია პარტიების აზრი. მოგეხსენებათ, "ნაციონალური მოძრაობა" არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი და მათ გამოხატეს სოლიდარობა იმ საკითხებისადმი, რომელიც დააყენა "ნაციონალურმა მოძრაობამ". აქ რეალურად აჟიოტაჟის ატეხვის მიზეზი არ არსებობს. თქვენ თვითონ ნახეთ რეზოლუციის ძირითადი ტექსტი და იქ არის მხოლოდ პოზიტივზე საუბარი. თუ თქვენ მიგაჩნიათ, "ნაციონალურ მოძრაობას" მიაჩნია, რომ ის ჩანაწერი, რომელიც გაკეთდა ახალაიას, სააკაშვილის თაობაზე, საგანგაშოა, ეს მე არ მიმაჩნია საგანგაშოდ. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა "ნაციონალური მოძრაობისა", ებრძოლოს საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ მოსახლეობას. ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა. აქ ახალი არაფერი არ არის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.

გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.

"ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, მათ შორის და განსაკუთრებით მთავრობის პირებისა და პოლიტიკოსების მიერ ჩადენილი, იქნება ეს წარსულში, თუ ახლა. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ყოფილი მთავრობის წევრების საქმეებზე გამოძიება და დევნა ხორციელდებოდეს მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების სრული დაცვით, როგორც ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციაში. ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ ადგილი არ უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ შერჩევით და პოლიტიკურად მოტივირებულ სამართალს, არამედ ნათელი უნდა იყოს, რომ ეს არ ხდება. ასამბლეა აღნიშნავს ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილისთვის წაყენებულ ბრალდებებს და მართალია, ხაზს უსვამს, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, მოუწოდებს ხელისუფლებას ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით, უზრუნველყოს, რომ სამართლებრივი ქმედებები, მათ შორის წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა სააკაშვილის წინააღმდეგ არ იყოს პოლიტიკური მოტივების ზეგავლენის ქვეშ", - ნათქვამია რეზოლუციაში.

ასამბლეა ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს ამ საქმეებთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოებისა და პროკურატურის არასათანადო ქცევის ნებისმიერი ბრალდება.

"ითვალისწინებს რა, ამ სამართლებრივი დევნების გამო შექმნილ დაძაბულ პოლიტიკურ გარემოს, ასამბლეა მიესალმება ხელისუფლების შეთავაზებას შესაძლო ამნისტიასთან დაკავშირებით, ყოფილი მთავრობის პირების მიერ ჩადენილი სერიოზული დანაშაულების გარდა. ასამბლეა ასევე შეშფოთებას გამოხატავს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობის გამო და სთხოვს ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა არსებული სამართლებრივი შესაძლებლობა, შეცვალოს მისი წინასწარი პატიმრობა რომელიმე სხვა არასაპატიმრო პრევენციური ღონისძიებით", - ნათქვამია რეზოლუციაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა