მარგველაშვილი: არ მგონია, რომ ჩემი თანაგუნდელები რამეს მერჩოდნენ

მარგველაშვილი: არ მგონია, რომ ჩემი თანაგუნდელები რამეს მერჩოდნენ

სიმართლე გითხრათ, მე არ მგონია, რომ ჩემი თანაგუნდელები რამეს მერჩიან, - ამის შესახებ ჟურნალ Forbes Georgia-ს საქართველოს პრეზიდენტმა მასსა და მთავრობას შორის ურთიერთობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, თანაგუნდელები რომ ერჩოდნენ, თავადაც აღელვებული იქნებოდა. რაც შეეხება იმ კრიტიკულ განცხადებებს, რომელსაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები მის მიმართ ბოლო პერიოდში აკეთებდნენ, პრეზიდენტის თქმით, ვერც ერთ მათგანზე ვერ უპასუხებს, რადგან, რეალურად არც ერთში არ არის პოლიტიკური შინაარსი.

"სიმართლე გითხრათ, მე არც მგონია, რომ ჩემი თანაგუნდელები რამეს მერჩიან. რომ მერჩოდნენ, ალბათ მეც აღელვებული ვიქნებოდი. ვფიქრობ, ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელსაც აქვს გარკვეული ემოციური შემადგენელი და ექნება თავისი პოზიტიური გამოსავალი, მითუმეტეს მაშინ, როცა მე ნაკლებად ვღიზიანდები", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, შესაძლოა, მთელ რიგ შემთხვევებში მისი და კოალიციის ლიდერების ლექსიკა განსხვავებული იყოს, მაგრამ პოლიტიკური ორიენტირები განსხვავებული არ იქნება.

"მოდი განვიხილოთ ის განცხადებები, პოლიტიკური შეფასებები თუ კომენტარები, რომლებსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირადად მე ვაკეთებდი. ამაზე ვისაუბროთ. თქვენ ვერც ერთ მათგანში ვერ იპოვით "ქართული ოცნებისა" და იმ ფუძემდებლური ფასეულობების საწინააღმდეგო ფრაზას, რომლებზეც ახლა ვსაუბრობთ. შესაძლოა, მთელ რიგ შემთხვევებში ჩემი და კოალიციის ლიდერების ლექსიკა განსხვავებული იყოს, მაგრამ პოლიტიკური ორიენტირები განსხვავებული არ იქნება. მგონია, რომ კარგიც არის თუ ჩვენი ლექსიკა ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ამ საზოგადოებაში პოლიტიკოსები თავისუფალი ადამიანები არიან. მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, ისაუბრონ თავიანთი ენით და გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. ვერც ერთ მათგანზე ვერ გიპასუხებთ, რადგან, რეალურად, არც ერთში არ არის პოლიტიკური შინაარსი. პოლიტიკას ვერც ერთში ვერ იპოვით. საუბარი არის რაღაც სხვაზე. დროა, ქართული პოლიტიკური კულტურა გადავიდეს განცხადებებისა და კომენტარების კეთების, პოზიციების გამოხატვის რეჟიმში, თუნდაც ამ ინტერვიუს დროს ჩემი შეხედულებების კრიტიკის, მიუღებლობის ან მხარდაჭერის რეჟიმში", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას - "გაიარა თუ არა დაპირისპირების პიკმა და უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე განვითარებას ამ მიმართულებით", პრეიზდენტის თქმით, პიკი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუებს უკავშირდება ძირითადად.

"საქმე ისაა, რომ პიკი უკავშირდება ხოლმე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუებს. აქედან გამომდინარე, თუ კიდევ იქნება ინტერვიუ, შესაბამისად, იქნება ვნებათაღელვაც. თუმცა, ვფიქრობ, შევძლებთ ვისაუბროთ პოლიტიკაზე და არა პიროვნულ საკითხებზე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა