"ევროპელ კონსერვატორებს ხელისუფლებაში ძველი მთავრობის დაბრუნება სურთ" - ინტერვიუ ევროსაბჭოს მომხსენებელ მიქაელ იენსენთან

"ევროპელ კონსერვატორებს ხელისუფლებაში ძველი მთავრობის დაბრუნება სურთ" - ინტერვიუ ევროსაბჭოს მომხსენებელ მიქაელ იენსენთან

1-ელ ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ. ქართულ პოლიტიკაში ამჟამად არსებულმა დაპირისპირებამ რეზოლუციაშიც იჩინა თავი - მმართველი გუნდის წევრები მას არ ეთანხმებოდნენ, "ნაციონალური მოძრაობა" კი მხარს უჭერდა.

რეზოლუციას არ ეთანხმებოდნენ თავად ევროსაბჭოს მომხსენებლებიც - ლატვიელი ბორის სილევიჩი და დანიელი მიქაელ აასტრუპ იენსენი. თვლიდნენ, რომ რეზოლუციის საბოლოო ვერსიაში "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე პარტიების ძალისხმევით შეტანილი ცვლილებები (ძირითადად, კრიტიკული შენიშვნები მმართველი გუნდის პოლიტიკური კურსის მიმართ) რეზოლუციის ბალანსს არღვევდა - სილევიჩის სიტყვებს თუ მოვიყვანთ, "ასეთი რეზოლუცია საქართველოს ვერ დაეხმარებოდა".

თუ რაში გამოიხატა მიღებული რეზოლუციის "ცალმხრივობა" და "ბალანსის" დარღვევა, ამაზე "კვირის პალიტრა" ბორის სილევიჩის კოლეგასა და თანამომხსენებელს, მიქაელ იენსენს ესაუბრა.

- ევროპის საბჭოში მოხსენების მომზადებისას საქართველოს სტუმრობდით. პოზიტიურ შთაბეჭდილებებზე სხვებთან უკვე ისაუბრეთ, ისიც გვითხარით, რას თვლით დღეს საქართველოსთვის მთავარ პრობლემად?

- ჩემი აზრით, უმთავრესი პრობლემა პოლიტიკური პოლარიზაციაა. ევროპაში, მათ შორის ჩემს სამშობლოში, უმრავლესობა და უმცირესობა თანამშრომლობენ, ერთად განიხილავენ პრობლემებს, საქართველოში კი "ქართულ ოცნებასა" და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის ჯერ კიდევ ნაპრალია.

არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ პოლარიზება ამ ორ პარტიას შორის ჯერ კიდევ თვალსაჩინოა.

- მოაქვს თუ არა ამას სიკეთე ქვეყნისთვის?

- პოლარიზება არავისთვის, არც ერთი მხარისთვის არ არის სასიკეთო - არც პარტიებისთვის, არც ქართველი ხალხისთვის და არც ქვეყნისთვის.

- როგორც თქვენ, ასევე თქვენი კოლეგა ბორის სილევიჩი, უკმაყოფილებას ვერ მალავდით რეზოლუციის საბოლოო ვერსიის მიღების გამო. რა იყო მიზეზი?

- მე თავი შევიკავე ხმის მიცემისგან, სილევიჩმა კი პირდაპირ წინააღმდეგ მისცა ხმა. ჩემი უკმაყოფილების მიზეზი სწორედ ის პოლარიზებაა, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს პოლარიზება ევროპის კონსერვატიულ პარტიებს "გადასდო" - შედეგად კი "ევროპის სახალხო პარტია" და ბრიტანელი კონსერვატორები ცდილობდნენ, როგორც პირად საუბარში თავადვე მითხრეს, ჩემი თანამომხსენებლისთვის ჭკუა ესწავლებინათ. სახელებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ეს უნდა მეთქვა, რადგან ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რაც მოვისმინე - ეს არ არის ნაყოფიერი თანამშრომლობა.

შედეგად მივიღეთ რეზოლუცია, რომელიც არ იყო დაბალანსებული - განსაკუთრებით მისი ბოლო ნაწილი, რომელიც ერთობ ნეგატიური აქცენტებით მთავრდებოდა, ნაცვლად პოზიტიურისა, როგორც ჩვენ ამას ვაპირებდით. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაპატიმრება ჩრდილავდა ყველა სხვა პოზიტიურ ასპექტს, თუმცა მე ვერ დავეთანხმები ასეთ მიდგომას. რაშიც ვეთანხმები "ნაციონალურ მოძრაობას" და რაც დავაფიქსირეთ კიდეც მოხსენებაში, არის ის, რომ შერჩევითი სამართალი მიუღებელია. მაგრამ - და ეს ძალიან მნიშვნელოვანია - თუ კანონი დაარღვიე, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ხარ, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი. კანონზე მაღლა არავინ დგას! თუ კანონი დაარღვიე, პასუხიც უნდა აგო!

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა