ეტყობა ცოტა მუხრუჭებმა უღალატა - ზურაბ აბაშიძე თედო ჯაფარიძეზე

ეტყობა ცოტა მუხრუჭებმა უღალატა - ზურაბ აბაშიძე თედო ჯაფარიძეზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ჯაფარიძე კოლეგებს აბაშიძე-კარასინის პრაღის მოლაპარაკებათა რაუნდში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

"ჩემს ძველ მეგობარს, ბატონ თედოს ჩემთვის რომ დაერეკა, მე მას მოვუყვებოდი და ავუხსნიდი თუ რატომ მივდივარ და რისთვის მივდივარ. მაგრამ ეტყობა ცოტა მუხრუჭებმა უღალატა და შეიძლება ცოტა ასაკობრივიც არის ეს ამბავი, რას იზამ", - განუცხადა ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე კოლეგებს ურჩევს, თავი შეიკავონ აბაშიძე-კარასინის პრაღის მოლაპარაკებათა რაუნდში მონაწილეობისგან. ამის შესახებ თედო ჯაფარიძემ აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტში რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმების პროექტის განხილვის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

"ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ ეს რაუნდი არ უნდა ჩატარდეს. როდესაც ერთი მხარე უტიფრად აქვეყნებს რაღაც გაურკვეველი შინაარსის დოკუმენტს, ლაპარაკია პირდაპირ ანექსიაზე, უნდათ აფხაზებს ეს თუ არა, ამგვარ სიტუაციებში მე პირადად ვურჩევდი ჩემს კოლეგებს თავი შეიკავონ ამ რაუნდში მონაწილეობისგან", - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.

აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტში რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმების პროექტს განიხილავენ. შეთანხმების პროექტი, რომელიც 6 თავისა და 25 მუხლისგან შედგება, "აფსნიპრესის" ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს.

შეთანხმების პროექტის მე-5, "თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ" მუხლი ითვალისწინებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზეთს შორის გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას "აგრესიის მოსაგერიებლად გაეროს წესდების 51 მუხლის თანახმად და ამ დაჯგუფების სამმართველოს ინფორმირებას".

გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს საერთო თავდაცვითი ინფრასტრუქტურის შექმნას და ერთობლივ მოქმედებებს აფხაზეთის ე.წ. საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ერთიანი სოციალური და ეკონომიკური, საერთო კულტურული და ჰუმანიტარული სივრცეების შექმნას.

ამავე პროექტით, რუსეთი ყოველმხრივ ხელს შეუწყობს აფხაზეთის საერთაშორისო კავშირების უზრუნველყოფას, მათ შორის იმ სახელმწიფოების წრის გაფართოებას, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ასევე, შექმნის წინაპირობას აფხაზეთის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისთვის.

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის, რაულ ხაჯიმბას განცხადებით, რომელიც ამ შეთანხმების პროექტის დეფაქტო პარლამენტში განხილვას დაესწრო, შეთანხმება რუსეთის მხარემ მოამზადა და აფხაზეთში დიპლომატიური არხებით ჩაიტანეს.

გარდა ამისა, რუსულ გამოცემა "ვედომოსტის" რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს გაფართოებულ და შევსებულ ვარიანტს აფხაზეთთან 2008 წელს ხელმოწერილი შეთანხმებისა. გამოცემის წყაროს ინფორმაციითვე, საუბარი აფხაზეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შევიწროებაზე არ მიმდინარეობს და მოსკოვში მიაჩნიათ, რომ შეთანხმების უდიდესი ნაწილი სოხუმში ნეგატიურ რეაქციას არ გამოიწვევს.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა