"აფხაზეთში სისხლისღვრაა მოსალოდნელი"

"აფხაზეთში სისხლისღვრაა მოსალოდნელი"

ემზადება თუ არა რუსეთი აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსიისთვის? ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც რუსულ-აფხაზური შეთანხმების პროექტი გახდა ცნობილი. შეურიგდება თუ არა აფხაზი საზოგადოება რეგიონის დე ფაქტო ანექსიას? რატომ ვარაუდობენ სოხუმში სისხლისმღვრელ დაპირისპირებას და რას უპირისპირებს ქართული მხარე რუსეთის ზრახვებს? ამ თემებზე "კვირის პალიტრამ" ექსპერტთა მოსაზრებები მოისმინა, თუმცა, მათ შეფასებებამდე ორიოდე სიტყვით ზემოხსენებული დოკუმენტის შინაარსს გაგაცნობთ. ხელშეკრულების პროექტის თანახმად, აფხაზეთზე თავდასხმა ავტომატურად ჩაითვლება რუსეთზე თავდასხმად; ე.წ. აფხაზური ჯარი გადადის რუსების მმართველობის ქვეშ; სამხედრო ინფრასტრუქტურა და მთლიანი სამხედრო მოწყობა ჩამოყალიბდება რუსეთის სამართლებრივი სისტემის მიხედვით; უქმდება "რუსულ-აფხაზური საზღვარი"; ძალები გადმოიწევს ენგურზე; რუსები "ყლაპავენ" შინაგან საქმეთა სამინისტროს; საბაჟო კანონმდებლობა და რეგულაციები მოეწყობა რუსული კანონმდებლობისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მიხედვით (ევრაზიული კავშირიც მოხსენიებულია დოკუმენტში); საგადასახადო კანონმდებლობა მოეწყობა რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით.

ზურაბ შენგელია, ქართულ-აფხაზური ინსტიტუტის ხელმძღვანელი: - ეს არის ნაბიჯი ფაქტობრივი ანექსიისკენ. ეს იქიდან ჩანს, რომ ამ პროცესს აფხაზი საზოგადოებაც უპირისპირდება. წინააღმდეგობაზე მეტყველებს პარტია "ამცახარას" განცხადებაც, რომელმაც მართალია, ვერ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ხმების 37% მიიღო და შესაბამისად, საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობს. "ამცახარას" პოლიტსაბჭომ გააკეთა განცხადება, სადაც უპერსპექტივოდ მიიჩნევს ამ შეთანხმებას. ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამ პროექტის წინააღმდეგია...

ვფიქრობ, საზოგადოებრივი განხილვის შემდეგ აფხაზეთში დაინიშნება საყოველთაო რეფერენდუმი და რუსეთის ხელისუფლება შეეცდება, საკითხი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტოს. მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ გარემოებაზე: აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველებისა და აფხაზების საერთო რაოდენობა სჭარბობს სხვა ეთნოსის წარმომადგენლების რაოდენობას. შესაბამისად, მათ პირველად გაუჩნდათ საერთო ინტერესები, რომ შეეწინააღმდეგონ რუსეთთან იმაზე მეტ სიახლოვეს, რაც 2008 წლის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. სხვათა შორის, სწორედ ამიტომ შეუჩერეს საარჩევნო ხმის უფლება 23 ათას ეთნიკურ ქართველს. ამიტომაც ვვარაუდობთ, რომ

რუსეთი საყოველთაო რეფერენდუმით შეეცდება თავისი გეგმის განხორციელებას.

- რეფერენდუმი უმტკივნეულოდ ჩაივლის?

- აი, აქ აფხაზ საზოგადობას დიდი წინააღმდეგობა დახვდება. აფხაზეთში სიტუაცია დაიძაბება, ვშიშობ, იქ სისხლის ღვრაა მოსალოდნელი. ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. ვითარების გამწვავება მაინც იმაზეა დამოკიდებული, 2008 წლის ხელშეკრულებასთან შედარებით რამდენად შესუსტდება აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა.

25 წლის მანძილზე პირველად აღმოვჩნდით სიტუაციაში, როცა ჩვენი და აფხაზების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა.

- და რუსების შეთავაზებული ხელშეკრულების საპირწონედ რა შეიძლება შესთავაზოს აფხაზებს ქართულმა მხარემ?

- აფხაზები თვითონ მოგვიწოდებენ - გვიშველეთო. ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვაქვს ტრიბუნა საერთაშორისო არენაზე და გვთხოვენ, წამოვჭრათ ეს საკითხი, რადგან, კიდევ ვიმეორებ, ამ მიმართულებით სვლა თვითონ აფხაზებს არ აძლევთ ხელს. საჭიროა, ჩვენ ჩამოვაყალიბოთ სტრატეგია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს აფხაზი საზოგადოების სურვილს.

- შესაძლებელია, საქართველოს მთავრობამ აფხაზებს ღიად შესთავაზოს კონფედერაციული მოწყობა?

- ეს უკვე გავლილი ეტაპია. აფხაზები უკვე აღიარებული არიან რუსეთის მიერ.

ჩვენ რომც შევთავაზოთ კონფედერაცია, ეს მაინც არ არის იმაზე მეტი, რაც რუსეთმა უკვე მისცა.

რატომღაც ჩვენი ხელისუფლებები, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან, ყოველთვის აგვიანებდნენ ასეთი ფორმალური სქემების შეთავაზებას. როცა შესაძლებელი იყო კონფედერაციაზე მოლაპარაკება, ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, ხოლო როცა ვთანხმდებოდით, უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. დღევანდელ სიტუაციაში ხელისუფლება უნდა იყოს უფრო მობილური, უფრო აქტიური. ყველგან, სადაც შეიძლება, კი არ გავჩუმდეთ, არამედ პირიქით - დავიცვათ აფხაზთა ინტერესები.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა