ირაკლი ალასანია - ჩვენ არასდროს დავუხრით თავს რუსებს

ირაკლი ალასანია - ჩვენ არასდროს დავუხრით თავს რუსებს

საქართველო არ დაუშვებს რუსეთის მხრიდან ზეწოლას, შეაჩეროს ქვეყნის ტერიტორიაზე ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის განთავსება ან ჩაშალოს საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავების გეგმები. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "როიტერთან" ინტერვიუში განაცხადა.

"რუსეთთან კონფრონტაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული. საქართველოს სტაბილურობა სჭირდება. მაგრამ ჩვენ არასდროს დავუხრით თავს რუსებს... რუსეთის მხრიდან "დიქტატს" ვერ მივიღებთ იმაზე, თუ რა არის უკეთესი საქართველოსთვის", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

"როიტერთან" ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა უკრაინის საკითხზე და აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებებს რეგიონში საქართველო უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ ხედავს.

"ჩვენ გვსურს, ვიხილოთ წარმატებული უკრაინა და ამ თვალსაზრისით, რუსეთის ქმედებებს რეგიონის უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხედ ვხედავთ", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ნატო-სთან თანამშრომლობა ასევე გულისხმობს საქართველოში საწვრთნელი ცენტრის გახსნას.

"ნატო-სა და საქართველოს მიერ ერთობლივად განხორციელდება ამ ცენტრის მართვა, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებითი ფაქტორი გახდება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ და დასძინა, რომ საწვრთნელი ცენტრი საქართველოს საკუთრებაში იქნება, თუმცა დაგეგმარება ნატო-სთან ერთობლივად მოხდება.

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა "როიტერთან" ინტერვიუში განაცხადა, ნატო-ს მრჩევლები ასევე დახმარებას გაუწევენ საქართველოს ცალკე, ლოჯისტიკის ცენტრის შექმნაში. მისივე თქმით, ნატო-ს მაღალჩინოსანი ოფიცრები ქართული არმიის გენერალურ შტაბთან იმუშავებენ.

ირაკლი ალასანის თქმით, საქართველო მზად არის საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს ერაყს და დაეხმაროს ძლიერი ინსტიტუციონალური შეიარაღებული ძალების შენებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა