რა საფრთხე ელის კახეთს რუსეთისგან - რისკები კახეთ-დაღესტნის გზის მიღმა

რა საფრთხე ელის კახეთს რუსეთისგან - რისკები კახეთ-დაღესტნის გზის მიღმა

საქართველოს რუსეთთან კიდევ ერთი გზის მონაკვეთი დააკავშირებს: დაღესტანში, აგვისტოს თვიდან ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელის მოსახლეობის ერთი ნაწილი საქართველოსთან შემაერთებელი 83-კილომეტრიანი გზის მშენებლობას დადებითად აფასებს. მათი თქმით,  საავტომობილო გზის მშენებლობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩერდა, გზის აღდგენით კი სავაჭრო ურთიერთობების გამარტივება მოხდება.

ადგილობრივებისგან განსხვავებით, აღნიშნული გზის მშენებლობაში ექპერტები სამხედრო რისკებს ხედავენ. კავკასიის ხალხთა ფედერაციის ხელმძღვანელის, ზაალ კარსელიშვილის თქმით, რუსეთი ამ გზით კახეთის, ქვემო ქართლის და დედაქალაქის გაკონტროლებას შეძლებს.

"ავარეთ-კახეთის გზის აღდგენა კრემლს საშუალებას მისცემს აღმოსავლეთ საქართველოში ოპერატიულად გადმოისროლოს რუსული სამხედრო შენაერთები, მათ შორის - მძიმე საბრძოლო ტექნიკაც", – ასე აფასებს "კვირის პალიტრის" სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის შესახებ, რომლითაც დაღესტანი საქართველოს, ყვარლის რაიონს უნდა დაუკავშირდეს.

"ერთი შეხედვით მეზობელთან ახალი გზის გაყვანას არაფერი სჯობს, რადგან ის უფრო ინტენსიურს გახდის მიმოსვლას (მით უმეტეს, რომ საქართველოს სამხედრო გზაზე ასე გახშირებული ზვავების გამო ლარსის მონაკვეთი არცთუ უსაფრთხო ხდება), გაიზრდება სატრანზიტო ტვირთბრუნვა და ქართველ გლეხებსაც გაუადვილდებათ მოწეული მოსავლის ჩრდილო კავკასიაში გატანა. თუმცა, ეს მოსაზრება მართებულია მაშინ, თუ მეზობელთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა გაქვს. რუსეთზე, რომელსაც საქართველოს ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული, აღიარა მათი დამოუკიდებლობა და სავარაუდოდ, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის საერთოდ მიერთებას აპირებს, ამის თქმა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია", – მიაჩნია ირაკლი ალადაშვილს.

დაღესტნის ხელისუფლების გარდა, ჩრდილო კავკასიიდან საქართველოში საავტომობილო გზის გაყვანას ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვიც ითხოვს. მისი განცხადებით, უნდა აღდგეს ჩეჩნეთის ითუმ-ყალის რაიონიდან ახმეტისკენ გაყვანილი გრუნტის გზა, რომ ჩეჩნებს საქართველოსა და შავ ზღვაზე გასასვლელი ჰქონდეთ.

მომზადებულია კახეთის საინფორმაციო ცენტრის მასალების მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა