იაპონია საქართველოს, "გრუზიას" ნაცვლად, "ჯორჯიად" მოიხსენიებს

იაპონია საქართველოს, "გრუზიას" ნაცვლად, "ჯორჯიად" მოიხსენიებს

იაპონია საქართველოს, "გრუზიას" ნაცვლად, ოფიციალურ დოკუმენტებში "ჯორჯიად" მოიხსენიებს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ტოკიოდან იუწყება, ამის შესახებ ტოკიოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საგარეო საკითხებში იაპონიის სახელმწიფო მინისტრ მინორუ კიუჩის შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა, რომ იაპონიის პარლამენტი შესაბამისი საკითხის განხილვას 2015 წლის საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს.

"დღეს ითქვა ძალიან საინტერესო რამ - 2015 წლის საგაზაფხულო სესიაზე იაპონიის პარლამენტი განიხილავს საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ოფიციალური სახელწოდება "გრუზია", რომელიც იაპონიაში ჯერჯერობით რჩება, გადაკეთდეს და ოფიციალურ დოკუმენტებში მოხსენიებული იყოს, როგორც "ჯორჯია". ვფიქრობ, კიდევ ბევრი სხვა კარგი სიურპრიზი მოყვება ამ ვიზიტს", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ იაპონიაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს, ფხალაძე მას "მნიშვნელოვანს" უწოდებს."დღეს დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყნის პირველ პირს ძალიან დატვირთული პროგრამა ექნება, მათ შორის შეხვდება იმპერატორს, პრემიერ-მინისტრს და ა.შ. იმედი გვაქვს, რომ შეხვედრებზე დაისმება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თემები. უკვე შედგა პირველი შეხვედრა საგარეო საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, რომლთანაც ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე. ერთ-ერთი თემაა რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება. პრეზიდენტი ამ საკითხს და ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, აქამდეც, ყოველთვის მთავარ ადგილს უთმობდა და ცდილობდა, რომ ის უპირველესი განხილვის საგანი ყოფილიყო. იაპონიაშიც ასე იქნება", - განმარტა თენგიზ ფხალაძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა