შტეფან ფულე - რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებულ შეთანხმებაზე პოლიტიკური კონსულტაციების გაძლიერებაა საჭირო

შტეფან ფულე - რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებულ შეთანხმებაზე პოლიტიკური კონსულტაციების გაძლიერებაა საჭირო

რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებულ შეთანხმებაზე პოლიტიკური კონსულტაციების გაძლიერებაა საჭირო - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულემ ლუქსემბურგში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ფულეს თქმით, რუსეთის მიერ შეთავაზებული შეთანხმება ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგებს ევროკავშირიდან მიაწოდა ინფორმაცია იმ რისკებისა და საფრთხეების შესახებ, რასაც ეს შეთანხმება ითვალისწინებს.

"დაფიქსირდა კიდევ უფრო მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; შევთანხმდით პოლიტიკური კონსულტაციების გაძლიერების საჭიროებაზე; მესამე, ასევე შევთანხმდით, რომ ამგვარი ტიპის ინიციატივები, რომლებიც ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას, არამედ იქ მცხოვრები ადამიანების ლეგიტიმურ მისწრაფებებს, უარყოფილ უნდა იქნას ჩვენს მიერ და ხელიდან არ უნდა გავუშვათ ჩვენი აზრის მტკიცედ დაფიქსირების არც ერთი შესაძლებლობა", - განაცხადა შტეფან ფულემ.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნდა გაძლიერდეს თანაქმედება იმ ადამიანებთან, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ.

ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ევროკავშირის თანმშრომლობის მიმდინარე და პრიორიტეტულ საკითხებს, მათ შორის რიგის სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს.

ევროკომისარის ინფორმაციით, კიდევ ერთხელ გამოიხატა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზაობა. "მივესალმეთ პირველ სექტემბერს ასოცირების შესახებ შეთანხმების დროებით ამოქმედებას და გამოვხატეთ მხარდაჭერა. ჩვენი მხრიდან არსებობს მტკიცე მზაობა იმისა, რომ უზრუნველყოფილ იქნას ყველა პროცედურის შესრულება, რათა საქართველოს მიეცეს შესაძლებლობა გადავიდეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპზე და უფრო მალე შესრულდეს ის მიზანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის სივრცეში თავისუფალ გადაადგილებას გულისხმობს", - განაცხადა შტეფან ფულემ.

შტეფან ფულეს კომენტარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა