პრეზიდენტმა ბელგიის სამეფოში ვიზიტი გააუქმა

პრეზიდენტმა ბელგიის სამეფოში ვიზიტი გააუქმა

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბელგიის სამეფოში გაუქმებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა და ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ განუცხადა, პრეზიდენტმა ბელგიაში ვიზიტი თავად გააუქმა, რადგან 28 ოქტომბერს უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა. მისივე განმარტებით, ვიზიტის გადადება ვერ მოხერხდებოდა, რადგან პრეზიდენტი ბელგიაში პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩადიოდა.

"პრეზიდენტმა დანიშნა უშიშროების საბჭოს სხდომა, რადგან რუსეთმა ინიცირება გაუკეთა აფხაზეთთან ინტეგრაციის ხეშეკრულებას. ამის გამო, მოიწვია უშიშროების საბჭოს სხდომა და ოფიციალურად გვაცნობა, რომ თავის ვიზიტს აუქმებს. ჩვენც, შესაბამისად, საელჩომ ზუსტად ეს ინფორმაცია გადავეცით, ოფიციალური ნოტით მივაწოდეთ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს", - აღნიშნა ნატალი საბანაძემ.

ამასთან, ელჩი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საელჩომ Lეუვენ-ის უნივერსიტეტს მიაწოდა ინფორმაცია, ვიზიტის პოლიტიკური კრიზისის გამო ჩაშლის თაობაზე. ნატალი საბანაძის განმარტებით, ეს უნივერსიტეტის ინტერპრეტაციაა.

"მე ვნახე, უნივერსიტეტმა დადო ასეთი განცხადება. ეს არის უნივერსიტეტის ინტერპრეტაცია და არა საელჩოსი. ბატონ პრეზიდენტს დაგეგმილი ჰქონდა გამოსვლა უნივერსიტეტში. საელჩოს თანამშრომელი ხაზზე იყო უნივერსიტეტთან და აუხსნა, უთხრა სწორედ ის, რაც მე გითხარით, რომ დანიშნულია უშიშროების საბჭოს სხდომა, მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა რუსეთსა და საქართველს ურთიერთობაში. უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ ეს არის პოლიტიკური კრიზისი. ეს არ იყო საელჩოს ინტერპრეტაცია", - აღნიშნა ელჩმა.

მისივე თქმით,Leuven-ის უნივერსიტეტში გამოსვლა და ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება 28 ოქტომბერს იყო ჩანიშნული.

ელჩის ინფორმაციით, ვიზიტის გაუქმების თაობაზე საელჩოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ოფიციალურად 18 ოქტომბერს აცნობა.

უშიშროების საბჭოს სხდომა 28 ოქტომბრისთვის არის დანიშნული. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციით, როგორც მისთვის ცნობილია, 28 ოქტომბერს, როდესაც უშიშროების საბჭოს სხდომაა დაგეგმილი, უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობა საქართველოში არ იქნება. ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის გადადების თხოვნით მიმართა. სწორედ ამ დროისთვის არის დაგეგმილი ირაკლი ალასანიას ვიზიტი საფრანგეთსა და გერმანიაში. უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, რომ საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი მომხსენებელი ირაკლი ალასანია უნდა ყოფილიყო. იმერლიშვილის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა არ გადაიდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა