დავით ბაქრაძე - 15 ნოემბერს აქციაზე ვაჩვენოთ, რომ ქართველები ქვეყანას ვიცავთ

დავით ბაქრაძე - 15 ნოემბერს აქციაზე ვაჩვენოთ, რომ ქართველები ქვეყანას ვიცავთ

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ყველა დაინტერესებულ ძალას აფხაზეთის დე იურე ანექსიისგან დასაცავად გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

როგორც დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობა მიმდინარეობს, რომელიც 1992 წელს კონფლიქტითა და ეთნიკური წმენდით დაიწყო და 2008 წელს აფხაზეთის ოკუპაციით გაგრძელდა, დღეს კი უკვე სიმშვიდეში მიმდინარეობს აფხაზეთის სამართლებრივი ანექსირების გზით ამ ყველაფრის საბოლოდ დასრულება.

ბაქრაძემ მოუწოდა ყველა პოლიტიკურ ძალას, საზოგადოებრივ ორგანიზაციას, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად დადგნენ 15 ნოემბერს აქციაზე და აჩვენონ, რომ ქართველები ქვეყანას იცავენ. მისივე თქმით, მანამდე კონსულტაციებს გამართავენ აქციაში მონაწილეობის მსურველ ძალებთან. ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში საკმაოდ არიან პატრიოტები, ვისთვისაც ქვეყნის დაცვა ყველა სხვა ღირებულებეზე მაღლა დგას.

"დღეს ქართული სახელმწიფოსთვის, ქართველი ხალხისთვის დიდი გამოწვევაა. ყველამ ერთად მივაწვდინოთ ხმა მსოფლიოს, ჩვენ არასდროს შევეგუებით აფხაზეთის ანექსიას, ჩვენ არასდროს შევეგუებით საქართველოდან მისი ძირძველი ნაწილების ჩამოჭრას. სწორედ ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ გავაკეთოთ აქცია 15 ნოემბერს და მივაწვდინოთ ხმა საქართველოში, საქართველოს გარეთაც და მთელს მსოფლიოშიც, რათა ყველამ დაინახოს ქართული საზოგადოება არ დაუშვებს საქართველოს და მისი კუთხეების ანექსიას. მე მივმართავ ყველა იმ პოლიტიკურ ძალს, რომელიც ხედავს საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც აღიარებს, რომ რუსეთი არის ჩვენი მწარე წარსული, ხოლო საქართველოს მომავალი არის ევროპული ქვეყანა, სადაც ქართველები და აფხაზები ერთად ცხოვრობენ. მივმართავ ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ფიქრობს, რომ დღევანდელ სიტუაციაში ხელების ჩამოყრა და კაპიტულანტობა ნიშნავს საქართველოს ინტერესების ღალატს. ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია ასეთ კრიტიკულ ვითარებაში პოლიტიკურ უთანხმოებებზე ზემოთ დააყენოს ქვეყნის ეროვნული ინტერესი და საზოგადოების მთლიანობა", _ განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"ნაციონალური მოძრაობა" 15 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციას გამართავს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა