"პრეზიდენტი იქცევა ბავშვივით, რომელსაც სახლობანას თამაში უნდა და არ ათამაშებენ"

"პრეზიდენტი იქცევა ბავშვივით, რომელსაც სახლობანას თამაში უნდა და არ ათამაშებენ"

პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირება გრძელდება. 28 ოქტომბერს დანიშნულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე თითქმის არც ერთი საკვანძო მინისტრი არ აპირებს დასწრებას. ფორმალური მიზეზი მათი ქვეყანაში არ ყოფნა და წინასწარ დაგეგმილი გრაფიკია, რომელშიც მოქმედი პრეზიდენტის მიერ დანიშნული სხდომისთვის დრო ვერ გამოინახა.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი უკვე ღიად აცხადებს, რომ 2016 წლის არჩევნებს ვერ დაელოდება და ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. ვინ წავა ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ 15 ნოემბრის აქციაზე და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარეს ამირან გიგუაშვილს ვესაუბრეთ:

- რას იტყვით პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ დანიშნულ უშიშროების საბჭოს სხდომის მნიშვნელობაზე. რამდენად აუცილებელი იყო მისი მოწვევა და რა შედეგებს მოიტანს სხდომა, რომელზე დასწრებასაც ფაქტობრივად, არც ერთი ძირითადი მინისტრი არ აპირებს?

- უშიშროების საბჭო ჩემი აზრით, ამ ფორმატში საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს. რა საჭიროა ორგანო, რომლის ხელმძღვანელსაც კონსტიტუციით პრაქტიკულად არც ერთი აღმასრულებელი ბერკეტი არ გააჩნია. ასეთი ტიპის ორგანო შეიძლება დარჩეს მხოლოდ საგანგებო ან საომარი ვითარებების ფორმატში, ანუ იმ დროს, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი იწყებს არა სიმბოლური, არამედ რეალური გადაწყვეტილებების მიღებას. დანარჩენ შემთხვევებში, უშიშროების საბჭო სრულიად ზედმეტი ბიუროკრატიული წარმონაქმნია, რომლის ფუნქციონირებისათვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები იხარჯება. ეს იმის ბრალია, რომ საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქცია ხშირ შემთხვევაში ორაზროვანია და არ მუშაობს. ამაში დამნაშავე კი ცუდად დაწერილ კანონებზე მეტად ის თანამდებობის პირები არიან, რომლებიც წესით ამ კანონის ჩარჩოებში უნდა მოქმედებდნენ.

- ვის გულისხმობთ, პრეზიდენტს, პრემიერს თუ პარლამენტის თავმჯდომარეს.

- მთავრობასაც და პარლამენტსაც უამრავი რამ აქვს საკრიტიკო, რაზეც მათ თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, მაგრამ რაც შეეხება კომპეტენციათა გამიჯვნას, ჩემი აზრით, იმ აურზაურში რაც ხდება, დამნაშავე პრეზიდენტი მარგველაშვილია. საუბარიც არ არის იმაზე, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივი უნდა ვცეთ. მას უნდა ჰქონდეს ღირსეული პირობები საქმიანობისთვის, როგორც ეს შეეფერება ქვეყნის პირველ პირს და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც სათანადოდ უნდა იქნეს წარმოჩინებული, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, ის იქცევა ბავშვივით, რომელსაც სახლობანას თამაში უნდა და არ ათამაშებენ. მას აქვს ძალიან მარტივი გათვლა, რომელზეც ხმამაღლა ცხადია, არც ის და არც მისი მხარდამჭერი ექსპერტები არ საუბრობენ. ნუ დაგვავიწყდება, რომ მისი ფაქტობრივი ლეგიტიმაცია არჩევისას ძალიან დაბალი იყო და ხმა ხალხმა ივანიშვილის ხათრით მისცა. ამიტომაც დღეს პრეზიდენტი მარგველაშვილი ცდილობს, მიიმხროს ელექტორატის ის ნაწილი, რომელსაც მოქმედმა ხელისუფლებამ იმედები გაუცრუა და არც ნაციონალური მოძრაობა მოსწონს. ეს კრიტიკული მასა ცხადია მატულობს და მარგველაშვილიც თავის აქტივებს ზრდის. თუმცა, როგორ და რაში გამოიყენებს იგი ამ აქტივს, ეს ვფიქრობ ჯერ თავადაც არ აქვს ჩამოყალიბებული. მე მაინც მგონია, რომ მარგველაშვილს გაუჭირდება დამოუკიდებელ ცენტრად ჩამოყალიბება, ან თუ მაინც აირჩევს რომელიმე პოლიტიკურ პლატფორმას, ის ისევ ”ოცნების” სატელიტი იქნება და არა "ნაციონალური მოძრაობის".

- რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობას, რას იტყვით 15 ნოემბერს პარლამენტის წინ დაანონსებულ აქციაზე. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რომელიც მან ”რუსთავის 2” -ის ეთერში გააკეთა, ივანიშვილმა არჩევნები, ფაქტობრივად, გააუქმა და ხალხი 2016 წელს ვერ დაელოდება. ამიტომაც მოსახლეობას აქციებისკენ და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. რამდენად რეალურად გესახებათ ქუჩის აქციებით ხელისუფლების ცვლილება მოცემულ ეტაპზე?

- ვერაფერ საგანგაშოს 15 ნოემბრის აქციაში ვერ ვხედავ. ნაციონალური მოძრაობა აკეთებს იმას, რასაც ოპოზიციური პარტია უნდა აკეთებდეს და პერიოდულად ცდილობს ფორმაში ყოფნის მიზნით, საკუთარი ელექტორატი გაზომოს. ეს ნორმალურია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ივანიშვილმა არჩევნები გააუქმა და ხალხმა ხელისუფლება ქუჩის აქციებით უნდა შეცვალოს, ეს უკვე არ არის ნორმალური. ბოლო საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ პოზიტიურად შეფასდა და სწორედ ამ არჩევნების დამსახურებაა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირთან. უმჯობესი იქნება თუ პოლიტიკოსები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სათანადოდ მოემზადებიან, რადგან მთავარი პრობლემა, რაც დღეს საქართველოს მოსახლეობას აქვს, არის ის, რომ ქვეყნის პოლიტიკური სივრცე გაკოტრებული ლიდერებით არის სავსე და ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხის ენერგიის კონცეტრაცია ახალ პოლიტიკულ ძალაში ვერ ხდება, რომელსაც მომავალ არჩევნებზე ნდობას გამოუცხადებენ.

ემა ტუხიაშვილი

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა